Belive

კლასიკური უიქენდი | ბიძინა ბარათაშვილის ბლოგი

2 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
იშვიათად ხდება, რომ ერთ უიქენდზე მსოფლიოს სტადიონებზე ამდენი დერბი გაიმართოს. ჩემს საყვარელ ლათინეთში ასეთი 3 ჩატარდა, ევროპაში - 6. ბრაზილიაში სახელგანთქმული “ფლა” – “ფლუ” 436-ედ გათამაშდა, რომლის 88-ე პერიპეტიებსაც რუსმა ჟურნალისტმა, იგორ ფესუნენკომ, ჩემი თაობა ჯერ კიდევ 1970 წელს აზიარა თავის ბრწყინვალე წიგნში “პელე, გარინჩა, ფეხბურთი”. იქ “ფლუმ” 3:2 მოიგო, ახლა 3:1...


მეზობელ პერუში ქვეყნის ორი გრანდის ჯახში “ალიანსამ” “სპორტინგ კრისტალთან” კი დათმო საშინაო 1:3, მაგრამ მაინც გაჩემპიონდა... ჩილეში კი “კოლო კოლომ” “უნივერსიდად კატოლიკას” აჯობა 2:1 და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა... თუმცა, ამ წერილის მთავარი თემა ამჯერად ევროპული ფეხბურთი იქნება. პირველ რიგში კი, ესპანური, რადგან “ელ  კლასიკო” დერბების მეფეა! ასე იყო, არის და იქნება - იმის და მიუხედავად, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა... კვირა საღამოს მადრიდიტები ტრადიციულად “სიბელესზე” შეიკრიბნენ და ხმაურით აღნიშნეს ზედიზედ მოგებული მეოთხე კლასიკო. თუ გავითვალისწინებთ კატალონიელთა სავალალო ფინანსურ მდგომარეობას და იმას, რომ მეორე წრეში გუნდები “სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებენ, სავსებით შესაძლებელია მალე 1962-64 წლების სიტუაცია განმეორდეს, როდესაც “რეალმა” საძულველ მეტოქეს მიჯრით 7-ჯერ აჯობა... ზეიმის კადრები ესპანური არხების ეთერით ვიხილე და ერთხელაც ვისიამოვნე ულამაზეს მოედანზე გამართული ფეერიით (რომელსაც ჩვენ, მიზეზთა გამო, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოვსწრებით).


ჩემთვის, როგორც “რეალის” თითქმის 50-წლიანი ქომაგისთვის, ნეოკლასიცისტური არქიტექტურის ეს სამაგალითო ნიმუში არა მხოლოდ სამეფო კლუბის, არამედ მთლიანად ესპანეთის სიმბოლოა. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ 1990 წლამდე მოედანს Plaza de Madrid (ესპანეთის მოედანი) ერქვა. შემდეგ Plaza de Castelar გადაარქვეს და ბოლოს ფრიგიული ღვთაება - კიბელეს სახელი უწოდეს - Plaza de Cibeles. აქ ყველაფერი მის სახელს ატარებს” ულამაზესი სასახლეც და პასეო დე რეკოლეტას მხარეს მდებარე შეუდარებელი შადრევანიც. ჯერ კიდევ ალფრედო დი სტეფანოს დაუმარცხებელი თაობის მიერ დამკვიდრებული ტრადიციით, “რეალი” ყველა გამარჯვებას აქ აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ სკულპტურული კომპოზიციის შემქმნელთა შორის ერთერთი (კიბელეს ეტლში შებმული ლომის ავტორი) რობერტო მიჩელი გახლდათ, რომლის მოსახელეც, მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 200 წლის შემდეგ (1986 წელს) აქ უეფა-ს თასის მოგებას ზეიმობდა... სამწუხაროდ, ამჟამინდელმა პაექრობამ დიდად ვერ გაამართლა. არა, გუნდებს არც ჟინი აკლდათ და არც თავდადება, მაგრამ დღეს კლასით ორივეს ფეხბურთელები ბევრად ჩამოუვარდებიან ზემოთ ხსენებულ თაობებს. განსაკუთრებით ეს მასპინძლებს ეხება, რომლებმაც უმოკლეს დროში იმდენი მოახერხეს, რომ ფანტასტიკური გუნდი ლამის სელტა / ლევანტეს დონეზე დაიყვანეს. არადა, 2019 წლის 2 მარტს, როდესაც სარემონტოდ გამზადებულ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლა ლიგის მიწვევით ჩავედი საყვარელი გუნდის საქომაგოდ, კატალონიელებმა ისე “დაგვჩაგრეს”, მეგონა უახლოეს წლებში რეგილონის იმედად ვრჩებოდი! მაშინ 0:1 წაგებაც არ მწყენია და საერთო ჩამორჩენასაც თითქმის შევეგუე...


მაგრამ ბართომეუმ “გაამართლა”! მართალია, ბოლო ათწლეულების შედეგებმა საერთო სტატისტიკა კატალონიელთა მხარეს გადახარა (115:103), მაგრამ უშუალოდ ჩემპიონატში კვირას “რეალმა” ანგარიში 99:96 გახადა... ...რა თქმა უნდა, სრული ყეყეჩი უნდა იყო, რომ მკვლელის ინსტინქტის მქონე კუნ აგუერო სკამზე დატოვო, შეტევა და გოლის გატანა კი ამერიკელ განაპირა მცველს დაავალო. რას იზამ, ასეთია რონალდ კუმანი, დიდი გუნდების მესაფლავე და გამორჩეული ფეხბურთელების მოძულე, რომელმაც ესპანეთში პირველ ჩამოსვლაზე ვალენსიელი ვარსკვლავების გაპენსიონერებით გაითქვა სახელი, მეორე ჯერზე კი, კატალონიური კლუბის დაშლითაა დაკავებული...


მართალია, უკვე ყველას ესმის, რომ მისი გემოვნება დე იონგების საგვარეულო კლანის ფარგლებს ვერ ცდება, მაგრამ გაგდებაც ენანებათ! უფრო სწორად, მისი გაგდება კი არა, ამის სანაცვლოდ გადასახდელი 12 მილიონი, რომელზეც ჰოლანდიელს ბარსელონას “მტარვალი გზირი” ბარტომეუ შეუთანხმდა... გულწრფელად რომ გითხრათ, არც “რეალი” მომეწონა დიდად - უფრო კატალონიელთა ფონზე ჩანდა დამაჯერებლად - თორემ ბენზემამაც ცუდად ითამაშა, დაცვამაც და იმავე დესტისთვის ვინმეს კარში დარტყმა რომ ესწავლებინა, ან კოუტინიო არ დაეკუტებინად რეზერვში ყურყუტით (ბევრი თუ ითამაშა, ამასაც ბონუსი ეკუთვნის), ეგებ მასპინძლებს სულაც არ წაეგოთ... ...მოკლედ მესი - რონალდოს გარეშე ნათამაშებმა პირველმა დერბიმ კითხვა მეტი დატოვა ვიდრე ნათელი მომავლის იმედი...

...და სად იყვნენ ამ დროს თავად ოქროსბურთოსნები?



...პორტუგალიელსა და მის ძველ-ახალ პარტნიორებს მანჩესტერში ლივერპული საფეხბურთო გაკვეთილს უტარებდა. ამათი პირველი დაპირისპირებაც “ლივერპულმა” მოიგო, თუმცა, იმ შორეული 1894 წლის 28 აპრილს “იუნაიტედს” ჯერ ისევ “ნიუტონ ჰითი” ერქვა. მას მერე თანაფარდობა მანჩესტერელთა სასარგებლოდ შეიცვალა +81=58-69.


კვირას ფსევდო რონალდოს როლში ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი მოგვევლინა 3 გოლითა და პასით, მაყურებლის სტატუსით დამსწრე ორიგინალი კი, მთლად უყურადღებოდ რომ არ დარჩენილიყო, წიხლებით შედგა მეტოქეს და მხოლოდ იმიტომ არ გააძევეს, რომ რონალდოა (!), ხოლო კუმანზე უფრო უნიჭო სულშერის მიერ თადარიგიდან გამოწვეული პოლ პოგბა გაცილებით ნაკლებ დანაშაულზე გააწითლეს. ისე, ფრანგსაც ვერ გავუგე ვერაფერი - “რეალი” აგერ მესამე წელია მის გარშემო ასაგები გრანდიოზული პროექტით ცდილობს მოხიბლოს, ეს კი მორჩილად ხეხავს მანჩესტერულ სკამს და ბედნიერი ვარო გაიძახის. თუმცა, ამჯერად მისი გაძევება გუნდს აშკარად გამოადგა - სტუმრებმა შეწყვიტეს რიცხვნაკლული მეტოქის გვემა და მატჩი მშვიდად ჩაამთავრეს. საინტერესოა, რომ მანჩესტერელთა ჩავარდნა ჯერ კიდევ ოთხშაბათს მიცემულ ინტერვიუში 100%-ანი სიზუსტით ივარაუდა სულშერის  ლეგენდარულმა პარტნიორმა პოლ სქოულზმა. “ატალანტასთან” შემობრუნებული მატჩის კომენტირებისას მან აღნიშნა - ბერგამაოელთა ადგილას  “ლივერპული” რომ ყოფილიყო, ტაიმს 0:4-ს წავაგებდითო!


...მოგვიანებით მილანში რონალდოს მიერ მიტოვებული “იუვენტუსი” “დერბი დელა იტალიაში” ახალი ლიდერი პაულო დიბალას პენალტით გაუთანაბრდა “ინტერს”, თუმცა დიდი შთაბეჭდილება არც მას დაუტოვებია. ამათი შუღლიც ძველი ამბავია. 1960-61 წწ. სეზონში მორატებისა და ანიელების კლანები ერთმანეთს შეასკდნენ. “ინტერმა” ლიგა მეტოქის ლობირებაში დადანაშაულა და მასთან მატჩზე იუნიორები დააყენა, ვისაც “იუვემ” 9:1 მოუგო, ომარ სივორის 6 გოლის ჩათვლით! სწორედ მაშინ მონათლა ეს მატჩები ჟურნალისტმა ჯანი ბრერამ “დერბი დ’იტალიათ”. მერე იყო “კალჩოპოლი”, ტურინელთა გავარდნა და “ინტერის” ზეობა, რამაც სიტუაციაა კიდევ უფრო დაამძიმა. 255 მატჩიდან ეს ფრე 64-ე გახლდათ. მოგებებით “იუვენტუსი” აშკარა უპირატესობას ფლობს: 114:78.

...ამის პარალელურად მარსელში მე-7 “ოქროს ბურთის” მაძიებელი მესი, რომელიც 26 გოლით კიდევ დიდხანს იქნება ელ კლასიკოს ბომბარდირი და ძველი ინერციით დერბიში მაინც “ბარსელონას” ქომაგობდა, უხასიათოდ გავიდა თავის პირველ ფრანგულ “ლე კლასიკზე”, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი არბიტრი ბენუა ბასტიენი გახლდათ - აქეთ-იქით გოლები გააუქმა და მადრიდიდან გადმოხვეწილი ჰაკიმი პოგბას გზას გაუყენა (თანაც, თითქმის იგივე ქრონოლოგიით: პოგბა მე-60 წუთზე გააძევეს, ჰაკიმი 57-ზე).

ამ დაპირისპირებას დიდი ისტორია ვერაფრით ექნება, რადგან პსჟ მხოლოდ 70-იან წწ. შეიქმნა, მაგრამ ურთიერთ სიძულვილის ხარისხით იგი ბევრს აღემატება. აქაც იყო თავისი სკანდალი, როდესაც დედაქალაქელთა პრეზიდენტმა ფრანსის ბორელიმ ჰიპერ პოპულარული მარსელელი კოლეგა ბერნარ ტაპი ჯერ თამაშების ჩაწყობაში ამხილა, მერე კი სულაც საციხოდ გაუხადა საქმე. ტაპი, წელს, 3 ოქტომბერს გარდაიცვალა, სასაფლაომდე “ველოდრომზე” მოასვენეს და გრანდიოზული გამოთხოვება მოუწყვეს. საფრანგეთში შიშობდნენ, რომ პარიზელთა ვიზიტს შეიძლებოდა დიდი მღელვარება მოჰყოლოდა. საბედნიეროდ, მატჩმა ამის საბაბი არ გააჩინა. 34-ე ფრემ პსჟ-ს სასარგებლო სტატუს კვო დააფიქსირა (45:22)... რაც შეეხება “ელ კლასიკოში” მონაწილეობით მესის თანარეკორდსმენ სერხიო რამოსს (ორივეს 45-45), ის ბარსელონური მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა, თვითონ კი კვლავ ლაზარეთშია და კაცმა არ იცის როდის დააღწევს თავს იქაურობას...

...ქრონოლოგიურად, ყველაზე ადრე თამაში ნიდერლანდებში დაიწყო. ამსტერდამში, “აიაქსმა”, რომელსაც ერთმა ჩემმა კოლეგამ სამართლიანად დაარქვა “ევროპული ფეხბურთის სინდისი”, “ფილიპსის” ელექტროსაპარსივით “გაპარსა” ამ ბრენდის საფეხბურთო კლუბი პსვ (5:0) და ჟოან ლაპორტას ერთხელაც მიანიშნა რომელი ჰოლანდიელი მწვრთნელი უნდა მიეწვიათ ბარსელონაში. ერიკ ტენ ჰააგის გუნდმა ერედივიზიონისა (10) და ჩემპიონთა ლიგის (3) მატჩებში ჯამურად უკვე 48 გოლი გაიტანა, 3-ის სანაცვლოდ! თუ ასე გაგრძელდა, “აიაქსს” ამავე სეზონში შეუძლია პსვ-თან საიუბილეო მე-80 მოგების გაფორმება (ეინდჰოვენს 65)...

და ბოლოს, სამეზობლოსაც გადავწვდეთ. იქ “სამეფო” პეტერბურგის “ზენიტმა” სახალხო “სპარტაკს” არნახული შეურაცხყოფა მიაყენა - 7:1! ამათგან, 1 პენალტით არტემ ძიუბამ შეაგდო და დამარცხებულთა პორტუგალიელ თავკაც რუი ვიტორიას უმალ გაუცვალა ადგილი ბიბლიური ონანის მიმდევართა სიაში...

სხვა სტატიები