Belive

კლოპი: "კარგი გაკვეთილი მივიღეთ, რაც კინაღამ ძვირად დაგვიჯდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა "ლივერპულმა" ამ სეზონში ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა რისკის ფასად და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში. არადა, მერსისაიდელებს ისეთი მეტოქე ჰყავდათ, "ენფილდზე" საქმე ასე არ უნდა გაერთულებინათ, თუმცა 3:0 დაწინაურების შემდეგ, "ზალცბურგმა" ანგარიში გაათანაბრა და რომ არა მო სალაჰის გოლი, ინგლისიდან ქულასაც წაიღებდა. უხვგოლიანი მატჩი პრემიერლიგის ვიცე-ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაფასა და მეტოქე გუნდი შეაქო. "საწყისი 30 წუთის შემდეგ, სწორი ფეხბურთის გზიდან გადავუხვიეთ. თუმცა, მთლიანობაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოდგა, რომელშიც გვითამაშია. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც მათ პრობლემას შეუქმნიდათ, ვითამაშეთ მაღალი პრესინგით, შევაგდეთ 3 ბურთი, მაგრამ მეტის გატანაც შეიძლებოდა.  მეორე ტაიმში მათ თამაშის სტილი შეცვალეს. არსებობენ გუნდები, რომლებიც "ენფილდზე" 3 გოლის გაშვების შემდეგ ყურებს ჩამოყრიდნენ, მაგრამ "ზალცბურგი" მათ არ მიეკუთვნება. ავსტრიელებმა თამაში ისე გააგრძელეს, თითქოს არაფერი შეცვლილა.  მათ სივრცე მივეცით და ანგარიშიც გაგვითანაბრეს. ეს კარგი გაკვეთილი იყო, რომელიც საბედნიეროდ ძვირად არ დაგვიჯდა. მთავარია, რომ მოვიგეთ და 3 ქულა გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთულ რეალობაში აღმოვჩნდებოდით",-თქვა გერმანელმა სპეციალისტმა. ლივერპული 3 ქულით E ჯგუფში მესამე ადგილზეა.

სხვა სტატიები