Belive

კლოპმა გვარდიოლას კრიტიკას უპასუხა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულმა" და "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის მე-11 ტურში დრამატული ქამ ბექებით გამოიჩინეს თავი. პრემიერ ლიგის ლიდერებმა "ასტონ ვილასა" და "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ურთულესი მატჩები ჩაატარეს. "ვილა პარკზე" გამართულ შეხვედრაში, მერსისაიდული გრანდის გამარჯვებაში ლომის წვლილი სადიო მანემ დაიდო - "ლივერპულის" სენეგალელმა ვარსკვლავმა 94-ე წუთზე შეძლო მასპინძელთა კარის აღება. "მანჩესტერ სიტიმ" კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება 86-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლო. სწორედ სადიო მანე გახდა პეპ გვარდიოლას კრიტიკის ობიექტი. ერთ-ერთ ეპიზოდში, ბურთზე ბრძოლის დროს, სადიო მანე "ასტონ ვილას" საჯარიმოში დაეცა თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა მანეს ქმედება სიმულაციად მიიჩნია. "საუთჰემპტონთან" დასრულებული მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ მანე გააკრიტიკა და მისი ქმედება სიმულაციად შეაფასა. "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა აღნიშნა, რომ მას "ლივერპულის" გამარჯვება არ გაჰკვირვებია, რადგან სადიო მანეს განსაკუთრებული ტალანტი აქვს. მანეს შეუძლია საჭირო დროს იყოს სიმულიანტი და ამასთანავე უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანოს. პეპ გვარდიოლას კრიტიკას უმალ მოჰყვა გამოხმაურება იურგენ კლოპის მხრიდან. გვარდიოლას ქმედებით გაკვირვებულმა კლოპმა სადიო მანე დაიცვა. "სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი ვერ დავიჯერე - შეიძლება გვარდიოლა სხვა ეპიზოდზე საუბრობდა. ნებისმიერ შემთხვევაში მისი სიტყვები არც ისე სასიამოვნოა. არ მინდა ზედმეტი კომენტარის გაკეთება და სიტუაციის გამწვავება. მსგავსი პროვოკაციებით დაინტერესებული არ ვარ." "მატჩის დასრულების შემდეგ, არ ვიცოდი თუ რა შედეგები დაფიქსირდა სხვა შეხვედრებში. ვესაუბრე ჩემს ფეხბურთელებს, გავაკეთე კომენტარები ჟურნალისტებთან და 45 წუთის შემდეგ, შემთხვევით გავიგე, რომ "მანჩესტერ სიტიმ" 86-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა. არ მესმის როგორ მოახერხა ასეთ მცირე დროში პეპმა არა მხოლოდ ჩვენი ანგარიშის გაგება - არამედ მატჩის დეტალებში გარკვევა." "დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სადიო სიმულიანტი არ არის. შესაძლოა "ასტონ ვილასთან" პენალტი დამსახურებულად არ დაინიშნა მაგრამ კონტაქტი ნამდვილად იყო. ყველა სხვა შემთხვევაში დანიშნული პენალტი სრულიად დამსახურებული იყო", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები