კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ

“ერთა ლიგის” მეოთხე ტური დასრულდა და ბევრმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. 

საკლუბო გრანდებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წინ ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდათ. ყველაზე მეტად კი “ლივერპული” დაზარალდა. წარმოგიდგენთ გუნდებს, რომელთა ფეხბურთელებმაც სანაკრებო შესვენებაზე ტრავმა მიიღეს.

ლივერპული

“მერსესაიდული” გრანდის რამდენიმე მოთამაშემ სერიოზული დაზიანება მიიღო. გუნდის ლიდერი, მოჰამედ სალაჰი დაშავდა. საბედნიეროდ, ეგვიპტელს მძიმე დაზიანება არ აღმოაჩნდა და “ლივერპულს” 20 სექტემბერს “ჰადერსფილდის” წინააღმდეგ დაეხმარება. სალაჰს კუნთის მცირე ტრავმა აწუხებს.

“ლივერპულის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნაბი კეიტა გვინეისა და რუანდას დაპირისპირებაში დაშავდა. გვინეელმა ფეხბურთელმა თამაში ვეღარ გააგრძელა. მისი დაბრუნების დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

ტრავმირებულია სადიო მანეც. სენეგალელმა ფეხბურთელმა აფრიკის თასის შეხვედრაში მიიღო დაზიანება. სენეგალმა სუდანი 3:0 დაამარცხა, თუმცა მანე მოედნიდან გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის “ჰადერსფილდთან” მატჩს გამოტოვებს.

ჰოლანდიამ გერმანია კი გაანადგურა 3:0, მაგრამ ვირჯილ ვან დიკმაც ტრავმა მიიღო. თავდაპირველად, ჰოლანდიელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა. ტრავმა კი ახლა გაუმიზეზდა და მისი დაბრუნების დრო ჯერ უცნობია.
კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ 1

არსენალი

ლონდონის “არსენალი” პრემიერლიგის მორიგ ტურს დანაკლისით ხვდება. ცენტრალურმა მცველმა, სოკრატის პაპასტატოპულოსმა დაზიანება საბერძნეთისა და ფინეთის შეხვედრაში მიიღო. ბერძენ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აქვს და ის “ლესტერის” წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს.
კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ 2

ბარსელონა

კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა “ბარსელონას” ლაზარეთს. ტომას ვერმაელენმა ბელგიისა და შვეიცარიის მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო. ბელგიელს მარჯვენა მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აწუხებს და დადასტურებული ინფორმაციით, ის საკუთარ გუნდს 6 კვირა ვერ დაეხმარება.
კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ 3

ბაიერნი

მიუნხენის “ბაერნის” ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი ტრავმირებულია. გერმანელმა ფეხბურთელმა დაზიანება ჰოლანდიასთან მატჩში მიიღო და მეორე შეხვედრა საფრანგეთის წინააღმდეგ გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოატენგი მიუნხენელებს კვირას დაუბრუნდება და სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის თამაშში მიიღებს მონაწილეობას.
კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ 4

ჩელსი

ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა თამაში არ დასცალდა. მან საზარდულის ტრავმა მიიღო. ჯერ უცნობია რამდენ ხანს ვერ დაეხმარება “არისტოკრატებს”, თუმცა თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მალე დაუბრუნდება მოედანს.
კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ 5

ინტერი

ურუგვაისა და იაპონიის ამხანაგურ დაპირისპირებაში, მილანის “ინტერის” ნახევარმცველი, მატიას ვესინო დაშავდა. ურუგვაელ ფეხბურთელს თეძოს ტრავმა აწუხებს. “ინტერს” კვირას უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მატჩი ელის. დერბი “დელა მადონინა” “მილანის” წინააღმდეგ. ვესინოს თამაში საეჭვოა.
კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ 6

იუვენტუსი

დანაკლისი აქვს ტურინის “იუვენტუსსაც”. ტრავმირებულია გუნდის ლიდერი პაოლო დიბალა. არგენტინელმა დაზიანება ბრაზილიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. დიბალას მუხლი აწუხებს, თუმცა “ბებერი ქალბატონისთვის” სასიხარულოდ უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელის ტრავმა სერიოზული არაა და ის მალე დაბრუნდება.
კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ 7

მანჩესტერ სიტი

“მანჩეტსერ სიტის” მარჯვენა მცველმა, დანილომ კოჭის ტრავმა არგენტინასთან შეხვედრაში მიიღო. ბრაზილიელი “სიტის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება. მიმდინარე სეზონში მას მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ 8

როგორც ხედავთ, პრემიერლიგის გრანდებს უფრო რთულად აქვთ საქმე, თუმცა საბედნიეროდ, ამ ფეხბურთელების უმეტესობას მძიმე ტრავმა არ აღმოაჩნდა.

(229)

კლუბები რომელთა ფეხბურთელებიც სანაკრებო თამაშებში დაშავდნენ

სტატიის ავტორი
-