Belive

კობიაშვილი: "ალბათ, რაღაც კარგად ვერ გავაკეთეთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ დავიმსახურეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობაზე, სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა 2020 წელი შეაფასა და წინა წელს განვლილი დადებითი და უარყოფითი საკითხების შესახებ ისაუბრა.
"რამდენიმე მიმართულებაა, რომელიც უნდა შევაფასოთ. უპირველესად, ჩვენი ფუტსალის ნაკრების მიღწევა უნდა ვახსენო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეს იყო მიზანმიმართული წარმატება და ამ სახეობაში ჩართულმა ადამიანებმა საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. ვთქვით, რომ ფუტსალში გვქონდა პოტენციალი და საბოლოოდ, შედეგიც მოვიდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს საქართველო ვეროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, ხოლო ფინალი ბათუმში გაიმართება. ეს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლი დავნიშნეთ და მჯერა, რომ ის წარმატებით იმუშავებს. მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით. არ მჯერა შემთხვევითობის – ალბათ, ვერ გავაკეთეთ რაღაც კარგად და ეტყობა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას არ ვიმსახურებდით. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, რა მოხდა, რატომ ვერ გავედით და რა შეცდომა დავუშვით. ასეთი მიდგომა უფრო გაგვაძლიერებს. თუ არ ვთქვით, რატომ ვერ მივაღწიეთ შედეგს, წინ ვერ წავალთ. ანალოგიური მოხდა ფუტსალშიც, მაგრამ სწორი ანალიზი გაკეთდა და გუნდმა შემდეგი შანსი გამოიყენა. მჯერა, ასეთივე შანსი ფეხბურთშიც გვექნება და ის დღე დადგება, როდესაც ჩვენი ეროვნული გუნდით გავიხარებთ. შევეხები სახელმწიფოს დაფინანსებასაც. ჩვენ ხედვაა, რომ ფედერაციებმა და მათ შორის ჩვენ, თანხები თავად უნდა მოვიზიდოთ. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. სახელმწიფოს დაფინანსება გვჭირდება, მაგრამ სხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტრით, მეტი მოედნებით, მეტი სტადიონები და სახელმწიფო ამ კუთხით უნდა გვეხმარებოდეს. ეს დღესაც კეთდება, მაგრამ უფრო მეტს ვისურვებდით. გასულ წელს ქალთა ფეხბურთში „ლანჩხუთმა“ გაგვახარა და დღეს 2000-მდე გოგონა თამაშობს. 5 წლის წინ სულ 100 მოთამაშე იყო. ჩვენ მათ გვერდში ყოველთვის დავუდგებით და ქალთა ფეხბურთის სტრატეგია შეიქმნა", - თქვა ლევან კობიაშვილმა.
წყარო: საქართველოს პირველი არხი

სხვა სტატიები