Belive

კობიაშვილი: "მადლობა გულშემატკივარს" | კითხვა: რატომ იყო მაკედონიასთან ტრიბუნა ცარიელი?

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ნაკრების მიერ შვედეთის დამარცხებას, ლევან კობიაშვილი, სოციალური ქსელით გამოეხმაურა. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და  გულშემატკივარის უმნიშვნელოვანეს როლს ხაზი გაუსვა.
"მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ბიჭებს, მწვრთნელებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მატჩის ორგანიზებაში იყო ჩართული. გუნდური მუშაობით და მონდომებით ყოველთვის მივაღწევთ გამარჯვებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენ გულშემატკივარს. გუშინ ყველამ ერთად კიდევ ერთხელ დავინახეთ რამხელა ძალა გაქვთ თქვენ - მატჩის მე-12 მოთამაშეს. თქვენი შეძახილი, თქვენი გამხნევება შეუცვლელია და უდიდესი მოტივაციის მომცემია. ეს კი შედეგზეც აუცილებლად აისახება", - ვკითხულობთ ლევან კობიაშვილის განცხადებაში.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველომ შვედეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სიხარულის მომტან გამარჯვებას, სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონია. საქართველომ 8 მატჩში 7 ქულას მოუყარა თავი და ამ მაჩვენებლით, ესპანეთის (16), შვედეთისა (15) და საბერძნეთის (9) შემდეგ, მე-4 პოზიციას იკავებს. COVID-19-თან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შვედეთთან მატჩზე, მაყურებელს ტრიბუნის 33%-ის შევსების უფლება მიეცა: ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 4,000-ს აჭარბებს, ვირუსის მსხვერპლი კი ყოველდღიურად 80-მდე ადამიანია. საგანგაშო ვითარების ფონზე, საინტერესოა:

რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული?

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიულ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. თამაში, რომლის მოგების შემთხვევაშიც, ისტორიაში პირველად, საქართველო დიდ საერთაშორისო ტურნირზე პირველად ითამაშებდა, ცარიელი ტრიბუნის წინაშე ჩატარდა. უფრო სწორად, ტრიბუნაზე მხოლოდ სფფ-ის პრეზიდენტი და ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან, შერჩევითი სამართლისგან გამოწვეული აღშფოთება მოჰყვა.
nw0b0zt32ooris7

"არის ოფიციალური სია, რომელიც არის UEFA-სთან შეთანხმებული. როგორც ჩვენ გვქონდა სია, ასევე, მაკედონიის დელეგაციასაც, ისინი უფრო მეტნი იყვნენ VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენები. სამწუხაროა, რომ არც გულშემატკივრების მოსვლა მოხერხდა თამაშზე და არც იმ მთავრობის წარმომადგენლების, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს", განაცხადა მაშინ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა. ქალაქის მერმა, კახა კალაძემ კი, მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ გამართულ მატჩზე შვილთან ერთად "ინერციით მივიდა".
2020 წლის 12 ნოემბერს, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და 3,000-ს აჭარბებდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 33-ს შეადგენდა. აღნიშნული რიცხვები, ცხადია, საგანგაშოა, თუმცა შედარებისთვის, საქართველოში დღეს გაცილებით მეტი ინფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს, UEFA-მ თამაშებზე მაყურებლის ნაწილის მისვლა სპეციალური წესების დაცვით დაუშვა, საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით, სტადიონზე მაყურებლის შეშვების ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. ამ მიზეზის გამო, გულშემატკივრები სტადიონის გარეთ იყვნენ შეკრებილები და მათი ნაწილი, გადაადგილების წესის შეზღუდვის დარღვევის გამო, 2,000 ლარით დაჯარიმდა. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ, ვსვამთ კითხვას: კორონავირუსის უფრო მწვავედ გავრცელების ფონზე, რატომ დაესწრო შვედეთთან არაფრისმომცემ მატჩს გულშემატკივარი (33%) და რატომ იყო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩზე (საქართველო Vs. ჩრდ. მაკედონია) მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ადამიანი წარმოდგენილი?

სხვა სტატიები