Belive

კონსტანტინე მარადიშვილი: "მინდა ქართული ენა ვისწავლო, არ ვიცი რა მოხდება ხვალ" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა, კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელიც წარმოშობით ქართველია, ოფიციალურად კი რუსეთის მოქალაქე გახლავთ, საქართველოს და პოტენციურად "ჯვაროსნების" რიგებში თამაშის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ცოტა ხნით ადრე, ორი ვარიანტი განვიხილე - საქართველოც და რუსეთიც. მაგრამ ამან არაფერი შეცვალა. ახლა რუსეთში ვთამაშობ, ახალგაზრდულ ნაკრებში გამუდმებით მიწვევენ. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს - მწერენ, მომიწოდებენ, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. არ მინდა მარჩიელობა დავიწყო. არავინ იცის რა იქნება ხვალ. ახლა მე "ლოკოსა" და რუსეთის ახალგაზრდულ გუნდზე ვარ ორიენტირებული. ვფიქრობ, ქართული ენა უნდა ვისწავლო, თუმცა რთულია. ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს. ყველაზე კარგად რუსულ ენას ვფლობ, შემდეგ კი ინგლისურს. ბევრი სიტყვა ვიცი და წინადადების აგება შემიძლია, თუმცა ქართულ ენას მაინც სუსტად ვფლობ. ახალი წელი ნამდვილად ქართული დღესასწაულია. მათ ტრადიციული კერძი აქვთ, რომელიც ოლივიეს ჰგავს, დედამ ქართული კერძების მომზადებაც იცის. ჩემი საყვარელი კერძი ჩახოხბილია, ძალიან მიყვარს" - თქვა 21 წლის ფეხბურთელმა Sport24-თან საუბრისას.
ამპლუით ჩამშლელი ნახევარმცველი მოსკოვის "ცსკა-ს" აღზრდილია, "ლოკომოტივს" კი 2021 წლის სექტემბერში, 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და "რკინიგზელებთან" კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან მიმდინარე სეზონში, "ლოკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები