Belive

კონტე, ვენგერი და 10 მწვრთნელი, რომლებსაც რეალში ლოპეტეგის ჩანაცვლება შეუძლიათ

5 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ბოლო 7 მატჩი: 4 გატანილი გოლი, 13 გაშვებული, 5 მარცხი, 1 ფრე, 1 გამარჯვება - ეს არის შედეგი, რომლის გამოც, დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგს გუნდის დატოვება მოუწევს. მთავარი გამოცდა ლოპეტეგს 28 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" ვერ ჩააბარა - გუნდი სამარცხვინო ანგარიშით, 5:1 განადგურდა. საინტერესოა, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ესპანელი სპეციალისტი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

#1 ანტონიო კონტე

ანტონიო კონტე, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი უმუშევარი მწვრთნელია. მადრიდულ გრანდს, უპირველეს ყოვლისა, ანტონიო კონტეს უკავშირებენ, რომელსაც სერია ა და პრემიერლიგა აქვს მოგებული. მისი საყვარელი ტაქტიკა (3-4-3) "რეალში" საინტერესო იქნება, სადაც ფლანგებზე მარსელო და კარვახალი განმწესდებიან, დაცვას კი რამოსი, ვარანი და ნაჩო გაამაგრებენ.

#2 სანტიაგო სოლარი

თუკი მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის რანგში ცნობილ სპეციალისტს არ განიხილავს, სანტიაგო სოლარის არჩევა ყველაზე ლოგიკური ვარიანტია. 42 წლის სოლარი "კასტილიას" 2016 წლიდან წვრთნის და მისი გუნდი "სეგუნდა დივიზიონის" B ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ სანამ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ დაინიშნებოდა, "კასტილიას" ზინედინ ზიდანიც წვრთნიდა.

#3 ფერნანდო იერო

მადრიდის "რეალის" ლეგენდა მადრიდული გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მის გუნდში დაბრუნება, სავარაუდოდ, მადრიდულ პუბლიკას ძალიან გაახარებს. ესპანელ სპეციალისტს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე ესპანეთის ნაკრები ჩააბარეს, რამაც "ფურია როხა" ფაქტობრივად გაწირა. ამ უჩვეულო გადაწყვეტილებას საინტერესო მიზეზიც ჰქონდა - გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან მალულად აწარმოებდა, რაც მისი დათხოვნის მთავარი მიზეზი გახდა.
 

#4 იოახიმ ლიოვი

იოახიმ ლიოვი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს უკვე 12 წლის განმავლობაში წვრთნის და ამ პერიოდის განმავლობაში, მისი სახელი მადრიდულ გრანდს არაერთხელ დაუკავშირდა. მსოფლიო ჩემპიონ მწვრთნელს უკანასკნელ პერიოდში ხშირად აკრიტიკებენ, რაც გასაკვირი არცაა - აღმასვლისა და სტაბილურობის შემდეგ, გერმანიის ეროვნული ნაკრები ანტირეკორდებს ხსნის, რაც შესაძლოა ლიოვის დათხოვნის საფუძველი გახდეს.

#5 არსენ ვენგერი

ცნობილია, რომ შორეულ წარსულში არსენ ვენგერი მადრიდული გუნდის გულშემატკივარი იყო - სწორედ მის ბავშვობას დაეთხვა გასული საუკუნის 50-იანი წლები და "რეალის" დიდების პერიოდი. "არსენალში" მუშაობისას ვენგერმა სწორედ იმ თასის მოგება ვერ შეძლო, რომელიც მადრიდულ გუნდს უკვე 13-ჯერ აქვს მოგებული - ჩემპიონთა ლიგა (იგულისხმება ჩემპიონთა თასიც).

#6 რალფ ჰასენჰუტლი

რალფ ჰასენჰულტლს "ლაიპციგში" შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. 2016/2017 წლების სეზონში ავსტრიელმა სპეციალისტმა გუნდთან ერთად (სრულიად მოულოდნელად), ბუნდესლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ტალანტების აღმოჩენის ნიჭით არის დაჯილდოებული - სწორედ მან მიიყვანა "ლაიპციგში" ნაბი კეიტა და ტიმო ვერნერი. ჰასენჰუტლს ევროპაში კარგი მწვრთნელის სახელით იცნობენ, თუმცა მას ტოპ კლუბში მუშაობის გამოცდილება ჯერ არ გააჩნია.

#7 მაურისიო პოჩეტინო

კარგი შედეგების ფონზე, მაურისიო პოჩეტინოს უკვე დიდი ხანია არაერთ წამყვან კლუბს უკავშირებენ. არგენტინელმა სპეციალისტმა "ტოტენჰემი" ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გუნდად აქცია, რაც სხვა ტოპ გუნდებთან შედარებით, მწირი ბიუჯეტის ფონზე მოახერხა. ცხადია, მადრიდის "რეალს" სულ სხვა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია (თუნდაც ჰარი კეინის გადაბირება) და მადრიდულ გრანდს პოჩეტინო კარგადაც აფასებს. ესპანურ გაზეთ El Confidencial-თან საუბრისას მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "როდესაც "რეალი" გიკავშირდება, მას აუცილებლად უნდა მოუსმინო."

#8 გუტი

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუტის არჩევა დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული, თუმცა შესაძლოა, გადაწყვეტილებამ გაამართლოს (გავიხსენოთ ზიდანი). 41 წლის გუტი რეალის აკადემიას უკვე 5 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი "ბეშიქთაშში" მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.

#9 მიკელ არტეტა

მიმდინარე წლის ზაფხულში ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი ლონდონის "არსენალის" მთავარი პოსტის დაკავებასთან საკმაოდ ახლოს იყო. უკანასკნელ პერიოდში არტეტა "მანჩესტერ სიტიშია" დასაქმებული - იგი პეპ გვარდიოლას თანაშემწეა და მისგან საკმაოდ დიდ გამოცდილებას იღებს. "რეალში" დანიშვნის შემთხვევაში, იგი სავარაუდოდ ბურთის ფლობაზე გააკეთებს აქცენტს, რისი ყურებაც ესპანელ გულშემატკივარს ძალიან უყვარს.

#10 ლეონარდო ჟარდიმი

"მონაკოში" ჟარდიმმა შესანიშნავი პერიოდი გაატარა: მან გუნდთან ერთად 2016/2017 წლების სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია. ამასთან, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას გაიცნო საფეხბურთო სამყარომ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კილიან მბაპე, ბერნანდო სილვა და ბენჯამინ მენდი არიან. "რეალში" ჟარდიმს არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დახვდება - ხესუს ვალეხო, მარტინ ოდეგაარდი და ვინიციუსი ლა ლიგის მომავალს წარმოადგენენ. შესაძლოა, მათ სწორედ ჟარდიმის ხელში გაიბრწყინონ.

სხვა სტატიები