Belive

კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი:  "საქართველოს ნაკრებს კარგ თამაშს ვულოცავ, მიხარია, რომ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს ეროვნულ გუნდთან ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 0:1 წააგო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ შალანდერსმა გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა.
"როგორც მატჩის წინ ვთქვი,ძალიან რთული მატჩი გველოდა და მართლაც ასე გამოდგა. ორი გუნდი, რომელსაც გარდამავალი უპირატესობა ჰქონდა. ორივე გუნდს ბოლო მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირება უჭირდა, თუმცა მიხარია, რომ დღეს ჩვენ გამარჯვება მოვახერხეთ. მე მინდა მივულოცო საქართველოს, რომ მათ ძალიან, ძალიან ძლიერი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ჩვენ ვცადეთ, რომ კარგი ფეხბურთი გვეთამაშა. პოზიციურად სწორი მოქმედებით, კარგი დიაგონალური გადაცემებით, ფიზიკური სიძლიერით, კომპაქტური თამაშით და ამ ყველაფრის კარგი სინთეზით. პოლიტიკაზე საუბარი არ მსურს, ეს ჩემი საქმე არ არის. მე კოსოვოს სპორტის წარმატებისთვის ვმუშაობ და ყველას პატივს ვცემ. საქართველოში ყველა ძალიან კარგად შეგვხვდა, როგორც ფედერაციის მხრიდან, ისე საერთოდ. ასე რომ, ყველას პატივს ვცემთ და მადლობელები ვართ", - თქვა 70 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა.
ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-15 წუთზე გავიდა, ბურთი საკუთარ კარში დავით ხოჭოლავამ ჩაჭრა. შემდეგ შეხვედრას ეროვნული გუნდი 5 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, ქალაქ ბადახოსში გამართავს.

სხვა სტატიები