Belive

კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: "ორივე გუნდს ოცნება მაკედონიამ წაგვართვა, ამიტომ ერთ დონეზე ვართ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების წინ, კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ შალანდერმა, ბათუმის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მოახლოებული შეხვედრის პერიპეტიების შესახებ ისაუბრა.
"კოსოვოს ჰქონდა ოცნება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო, რაზეც ასევე საქართველოც ოცნებობდა. ორივე მათგანი ამ ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ასე არ გამოვიდა და ორივეს ხელი ჩრდილოეთ მაკედონიამ შეგვიშალა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ორი გუნდი მსგავსი დონისაა და ხვალ თანაბარი თამაში უნდა გამოვიდეს.  ფეხბურთი მაყურებლების გარეშე ყოველთვის რთული წარმოსადგენი იყო. ეს არ არის ის, რაც ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს შეიძლება უხაროდეთ. თუმცა, ამჟამად მსოფლიოში არის მდგომარეობა, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გვაიძულებს ამჟამად ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში არ არიან, რადგან ბევრი ჩემპიონატი ახლა იწყება, ამავე დროს არის კორონავირუსი და ტრავმები, ასევე სატრანსფერო ფანჯარა ახალი დასრულებულია და ეს ყველაფერი მოთამაშეების სათამაშო ფორმაზე დადებით გავლენას ნამდვილად არ ახდენს, თუმცა აღნიშნული პრობლემები ორივე ნაკრებს აწუხებს და ყველაფერი დაბალანსებულია. ეს ჯგუფი საქართველოსთვის და კოსოვოსთვის ძალიან რთულია. არცერთ მათგანს გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია და ხვალ ორივე მათგანი ამას შეეცდება. მე ვუყურე საქართველოს ნაკრების მატჩებს საწყის ტურებში და სამივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენეს, თუმცა უმეტესწილად მათ არ გაუმართლათ, მაგალითად ესპანეთთან ბოლო წამებზე გაშვებული გოლის დროს.", - თქვა 70 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და კოსოვოს მატჩი 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და მას ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, მაყურებელი არ დაესწრება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები