Belive

კრაუჩმა და ჯო კოულმა მანჩესტერის პრობლემებზე ისაუბრეს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრებმა, პიტერ კრაუჩმა და ჯო კოულმა, "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებული სიტუაცია შეაფასეს. მათი თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გუნდმა არასწორი მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, რამაც "იუნაიტედი" უძრაობამდე მიიყვანა. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, "წითელმა ეშმაკებმა" "ასტანასთან" და "როჩდეილთან" რთული გამარჯვება მოიპოვეს, "ვესტ ჰემთან" კი მარცხი განიცადეს. ამას წინ უძღოდა კლუბის განცხადება რეკორდული ფინანსური შემოსავლის შესახებ (£627 მილიონი), რაც გუნდის გულშემატკივრებს სიხარულის საბაბს ნამდვილად არ აძლევს. BT Sport-თან საუბრისას, პიტერ კრაუჩმა და ჯო კოულმა განაცხადეს, რომ "მანჩესტერ იუნატედს" მართავენ ადამიანები, რომლებსაც ფინანსებთან მეტი კავშირი აქვთ, ვიდრე ფეხბურთთან. "ედ ვუდვორდი ძალიან კარგი ფინანსისტია, მას ფეხბურთთან კავშირი არ აქვს. სამაგიეროდ, მისი მუშაობით გლეიზერები კმაყოფილები არიან, რადგან გუნდი რეკორდულ შემოსავალს იღებს. ეს ბიზნესის მართვის ამერიკული მოდელია, რომელიც ფინანსურ სარგებელზეა ორიენტირებული," განაცხადა კრაუჩმა. კრაუჩის ნათქვამს ჯო კოულიც დაეთანხმა: "მანჩესტერი დღეს გულშემატკივარს არასწორად აფასებს. გუნდი მათ მომხმარებლად აღიქვამს და არა ერთგულ ქომაგად. რეალურად, საფეხბურთო გუნდისთვის გულშემატკივარი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანისთვის სისხლი - არ აქვს მნიშვნელობა, ეს გულშემატკივარი მანჩესტერში ცხოვრობს თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გუნდმა გულშემატკივარის აზრს უნდა მოუსმინოს," აღნიშნა ჯო კოულმა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ წელს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა. საფეხბურთო სამყარო თანხმდებოდა იმ ფაქტზე, რომ გუნდს განახლება და გადახალისება სჭირდებოდა, თუმცა ზაფხულში გუნდმა ჰარი მაგუაირი, აარონ ვან-ბისაკა და დენიელ ჯეიმსი დაიმატა, თავდასხმის ხაზიდან კი ლუკაკუ და ალექსის სანჩესი გაუშვა, რამაც შემტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შეასუსტა.  

სხვა სტატიები