Belive

რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კარიერაში $1 მილიარდი გამოიმუშავა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კარიერაში $1 მილიარდი გამოიმუშავა. 35 წლის ფეხბურთელი მესამე სპორტსმენია ისტორიაში, რომლის ჯამურმა ანაზღაურებამ $1 მილიარდი შეადგინა - აქამდე ეს მიღწევა მხოლოდ ტაიგერ ვუდსსა (გოლფი) და ფლოიდ მეივეზერს (ბოქსი) ეკუთვნოდათ. პორტუგალიელს მოედანზე $650 მილიონი აქვს გამომუშავებული და სავარაუდოდ, "იუვენტუსთან" კონტრაქტის ამოწურვამდე (2022 წლის ივნისი), ეს თანხა $765 მილიონამდე გაიზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ, რომელმაც რონალდუს გამოჩენის შემდეგ, დიდ ფეხბურთში 3 წლის შემდეგ შეაბიჯა, დღემდე $605 მილიონი გამოიმუშავა და ნავარაუდევია, რომ არგენტინელი "მილიარდერთა კლუბის" წევრი რამდენიმე წელიწადში გახდება.
"რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მეტიც, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის ლეგენდაა - სპორტის, რომლის ისტორიაშიც ასეთი დიდი ოდენობის ფული არასოდეს ყოფილა," აღნიშნა Sporting Intelligence-ის ხელმძღვანელმა, ნიკ ჰარისმა. მისი კომპანია სპორტში არსებულ ფინანსებს ითვლის და მონაცემებს ასაჯაროებს.
"სპორტინგთან," "მანჩესტერ იუნაიტედთან," "მადრიდის რეალთან" და "იუვენტუსთან" არსებული კონტრაქტების გარდა, რონალდუ არაერთ მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობს - მაგალითისთვის, პორტუგალიელი Nike-ის სახეა, რომელიც მას ყოველწლიურად $45 მილიონს უხდის. პარალელურად, რონალდუს თავისი კომპანია აქვს დაარსებული (CR7), რომელიც მამაკაცებისთვის სპორტულ ეკიპირებას ამზადებს. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ რონალდუ სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული სპორტსმენია: მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით, პორტუგალიელი ყოველწლიურად $18 მილიონს გამოიმუშავებს.    

სხვა სტატიები