Belive

კრიშტიანუ რონალდუ | შედეგი არ შეესაბამება იმას რისთვისაც ვიბრძვით

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ტიტანების ბრძოლა "ლივერპულის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მერსისაიდულმა გრანდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა - შედეგად "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოცნებების თეატრში" 0:5 განადგურდა. ინგლისის ორ ყველაზე ტიტულოვან გრანდს შორის არსებული მტრობა ათწლეულებს ითვლის. პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკი მოჰამედ სალაჰისათვის ისტორიული აღმოჩნდა. "ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა პრემიერ ლიგის ეგიდით 107 გოლი გაიტანა ლეგენდარულ დიდიე დროგბას გადაასწრო (104). მოჰამედ სალაჰი (107) პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი აფრიკელი ფეხბურთელი გახდა. მეორე ადგილს დიდიე დროგბა იკავებს (104) ხოლო მესამე ადგილზე კიდევ ერთი "ლივერპულელი" სადიო მანე (100) იმყოფება. მოჰამედ სალაჰი ასევე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ერაში "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" ჰეთ-თრიკი შეუსრულა. მოჰამედ სალაჰისაგან განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუმ თავი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს კურტის ჯონსის წინააღმდეგ იუხეშა - არასპორტული საქციელისათვის რონალდუ მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა. კურტის ჯონსისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპიზოდის შემხედვარე სტაჟიან გულშემატკივრებს ედენ აზარისა და "სუონსის" ბოლბოის ინციდენტი გაახსენდებოდათ. მართალია აზარი სადისციპლინო სასჯელს გადაურჩა, მაგრამ მოედნიდან წითელი ბარათით გააძევეს. "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" სამარცხვინო მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ შედეგი არ შეესაბამება იმ მიზანს, თუ რისთვის იბრძვის გუნდი.
"ზოგჯერ, ბრძოლის მიუხედავად საპირისპირო შედეგს ვიღებთ. ზოგჯერ, მატჩის დასრულების შემდეგ, არასასურველი ანგარიში ფიქსირდება. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ბრალია - სხვა არავინაა დამნაშავე. ჩვენი ფანები კიდევ ერთხელ არაჩვეულებრივები იყვნენ და მხურვალედ გვგულშემატკივრობდნენ. ფანები მეტს იმსახურებენ - გაცილებით მეტს, ვიდრე ასეთ მარცხს. დროა ფანებს მეტი შევთავაზოთ", - აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.

სხვა სტატიები