Belive

კურტუა - ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ბენზემა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კურტუა ნოიერის ფუნქციებს ვერ ითავსებს, არც ედერსონის მსგავსი პასები გამოსდის. ინტერვიუებში მორცხვი და შებოჭილია. ერთი სიტყვით, ქარიზმა აკლია და ნაკლებ ყურადღებას იქცევს. მაგრამ უდავოდ, დასაფასებელია ის, რასაც ბელგიელი მეკარე მიმდინარე სეზონში აკეთებს. "რეალი" Vs. "ჩელსის" დაპირისპირებამდე, ამ თემაზე გავამახვილოთ ყურადღება. საოცარი შედეგიანობის ფონზე, ქარიმ ბენზემამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. არცაა გასაკვირი - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ზედიზედ 2 მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულება, უდიდესი ფეხბურთელებისთვისაც კი საოცნებო შედეგია. დასავლური სპორტული მედიის ჰედლაინებში სულ ბენზემას სახელი ისმის - ქარიმი ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, თუმცა ამ ფონზე, "რეალის" წარმატებაში დიდი როლის შემტანი სხვა ფეხბურთელები ჩრდილში მოექცნენ. "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მე-14-ედ მოსაგებად წინ მიიწევს და მიზნამდე სულ 4 მატჩი აშორებს (ჩელსისთან 1:3 უპირატესობით). ამ პროცესში, ტიბო კურტუა, ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი გახდა. "ბენზემასა და კურტუას ასეთი თამაშით, მორიგი ჩემპიონთა ლიგის მოგება რეალურია", - დაწერა ესპანურმა Marca-მ "ჩელსისთან" გამარჯვების შემდეგ. მართლაც, კურტუა ბრწყინვალე იყო - ბელგიელმა ასპილიკუეტას ისეთი ბურთი მოიგერია, რომლის გაშვებაშიც ვერავინ დაადანაშაულებდა.
Thibaut_Courtois_SENSATIONAL_save_vs_Chelsea
ლონდონში კურტუას ცუდად დახვდნენ: გულშემატკივარი მას გველს და ყველა იმ სალანძღავ სიტყვას ეძახდა, რომელსაც აქ ვერ დავწერთ. თუმცა რობოტივით მოსაუბრე მეკარეზე, შეურაცხყოფას გავლენა არ მოუხდენია. თავადაც ამბობს, რომ მისი მთავარი იარაღი თავდაჯერებულობაა, რაც მოედანზე დაამტკიცა. თუმცა მადრიდში ყველაფერი მარტივად არ დაწყებულა: გულშემატკივარს ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მომგებ კეილორ ნავასთან მეტი ემოციური კავშირი ჰქონდა, ბელგიელს კი სკეპტიკურად უყურებდნენ. ნავასი კვლავ შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და დონარუმას გუნდში მისვლამდე, "პარი სენ-ჟერმენის" N1 მეკარე გახლდათ. შესაბამისად, "რეალში" კურტუას მოყვანა, ერთი შეხედვით, გაუგებარიც კი იყო. თუმცა უფრო მეტად გაუგებრად "ჩელსის" მოქმედება შეიძლება მივიჩნიოთ: "რეალმა" კურტუა €35 მილიონად შეიძინა, ლონდონელებმა კი კეპა არისაბალაგას სანაცვლოდ, ბილბაოს €80 მილიონი გადაუხადეს.

მიმდინარე სეზონში, კურტუას ანგარიშზე 18-ჯერ მშრალად შენახული კარია. წინ მას უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება. ბენზემა-კურტუას ფანტასტიკური თამაშის, ასევე ლუკა მოდრიჩის უნიკალური სტაბილურობისა და ვინისიუსის ტექნიკური შესაძლებლობების ფონზე, შესაძლოა ბელგიელმა ჩემპიონთა ლიგის თასი პირველად აღმართოს. შეგახსენებთ, "რეალი" Vs. "ჩელსის" შეხვედრა დღეს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები