Belive

კვარაცხელია | ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ!

3 წლის წინ ფეხბურთი
30 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ვრცელი ინტერვიუ რუსულ მედიასთან საინტერესო გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარ წარმომავლობაზე, საქართველოზე, ბავშვობაზი ასფალტზე გატარებულ საფეხბურთო თამაშებზე, მამაზე, საყვარელ ფეხბურთელებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას, რომლითაც "ბაიერნი", "დორტმუნდი", "აიაქსი", "ნაპოლი", "იუვენტუსი" და "მილანი" ინტერესდება, უყვარს მოგზაურობა მეგობრებთან ერთად, მინი-ფეხბურთის თამაში და ელარჯის ჭამა. მისთვის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი კი გიორგი ქინქლაძეა.

,,თუ ვარჯიშზე არ მოგკლეს, ფეხზე უნდა წამოდგე" - ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა სამეგრელოში გაატარე. გვითხარი საქართველოს ამ კუთხის შესახებ და რას ნიშნავს ის შენთვის?  - ჩემი მშობლიური კუთხეა - ყოველთვის, როდესაც საქართველოში ვარ, ვცდილობ, რომ იქ წავიდე. სამეგრელო ერთ-ერთი ადგილია, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ ყველასთან, ვინც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს. რეგიონის რელიეფი განსხვავებულია, არის ორივე - მთაც და დაბლობიც. სამეგრელოში მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ისინი ბევრს მუშაობენ და ცდილობენ რაღაც მოიყვანონ, შეინახონ ფერმები. - შენ მეგრელი ხარ, არა? - დიახ, გვარის დასასრულიც სწორედ ამას ამბობს. მეგრელები საქართველოს სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან განსხვავდებიან. მაგალითად, სამზარეულო - გვაქვს ელარჯი, რომელიც ჩვენი ხელწერაა. სამეგრელო ლამაზი ადგილია და ყველას ვურჩევ მის მონახულებას. ყველა რეგიონი საქართველოში ლამაზია. როდესაც ტურისტები ჩამოვლენ, უნდა სცადონ და რაც შეიძლება ბევრი ადგილი ნახონ, რადგან ერთის არჩევა რთულია.

1
- პირველი ნაბიჯები ფეხბურთში თბილისში გადადგი?  - დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში თბილისის ეზოში დავიწყე. სახლს დილით ადრე ვტოვებდი და გვიან საღამოს ვბრუნდებოდი. 8 წლის ასაკამდე ბავშვთა გუნდ "ავაზაში" მივედი და 11 წლისას "დინამო თბილისში" ვიყავი. - სახიფათო არ იყო ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის სისტემაში გადასვლა? - მღელვარება არ მქონია და არც შიშის გრძნობა შემიმჩნევია. რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ "დინამო" არის გუნდი დიდი ისტორიით, მაგრამ იქ გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულო იყო. - ბავშვობაში დიდებთან ფეხბურთი გითამაშია? - კი, მაგრამ ეს პროფესიონალური თამაში არ იყო. ყველაფერი ეზოს დონეზე ხდებოდა, მაგრამ ბიჭები კარგად თამაშობდნენ. ზოგიერთი მათგანი 20 წლის იყო. ეს ჩემთვის კარგი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. - უფროსები ფეხებში არ გირტყამდნენ, როცა ყოველთვის უგებდი?  - ცოტას კი, მტკინვეული იყო, მაგრამ არა ძალიან. - სლუცკიმ თქვა, რომ პირველი ვარჯიშისას შენი წაქცევის შემდეგ, მან ჯარიმა დააწესა ფეხბურთელებზე, რომლებიც ექიმების დახმარებას ითხოვდნენ. - პირველი შემთხვევის დროს არ დამაჯარიმეს, მაგრამ ახლა - კი, ასეთი პრაქტიკაა. მტკინვეული კონტაქტის შემდეგაც მაშინვე ვდგებით და ვარჯიშს ვაგრძელებთ. თუ არ მოგკლავენ, აუცილებლად უნდა წამოდგე. - ბავშვობაში როგორ მოედნებზე თამაშობდი?  - ასფალტის მოედანი გვქონდა, შემდეგ სტადიონი კარგი ბალახით გააკეთეს. თუმცა, როდესაც იქ უფროსები თამაშობდნენ, ჩვენ ყოველთვის არ გვიშვებდნენ. გარეთ გასვლა და ისევ ასფალტზე თამაში გვიწევდა. ამიტომაც ყველას მუხლი გადატყავებული გვქონდა.
- რომელი საფეხბურთო თამაშები მოგწონდა? ჩვენ გვაქვს "სამი ბანანი" და "300". არის რაიმე მსგავსი საქართველოში? - ჩვენ გვაქვს თამაში "105. ბურთი ხარიხას ან ძელს უნდა მოარტყა, ეს კი ქულებს გაძლევს. ჯერ კარის ჩარჩოში უნდა დაარტყა, შემდეგ კი გაიტანო. კიდევ არის თამაში "ქულა". აუცილებელია, რომ დაარტყა ჰაერიდან და მხოლოდ ჩაწოდებებიდან. - და ზამთარში რას თამაშობდი? - რა თქმა უნდა, სხვა თამაშებთან ერთად ფეხბურთსაც. თოვლი, წვიმა - განსხვავება არ არის. თუმცა, საქართველოში გაცილებით უფრო ცოტა თოვლია, ვიდრე რუსეთში. - "დინამოს" მთავარ გუნდში 15-16 წლის ასაკში აღმოჩნდი. როგორი იყო პირველი ვარჯიშები ბაზაზე? - თავდაპირველად რთული იყო. ზრდასრულებთან ერთად 15 წლისას თამაში უდიდესი დატვირთვაა. ამას შეჩვეული ვარ, რადგან თუ ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში გინდა, ყველაფერზე უნდა ადაპტირდე. - იქ კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი ზურიკო დავითაშვილი იყო. მასთან ერთად რუბინში ითამაშე.  - ერთად ვართ 11 წლიდან. როდესაც პატარები ვიყავით, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვთამაშობდით. თუ შემადგენლობაში მასთან ერთად ვარ, თამაში კარგად მიდის. მოედანზე მისი მის მოქმედებას კარგად ვგრძნობ - სად გააკეთებს პასს და სად გაიხსნება. ზურიკო ტალანტია და აქვს შესაძლებლობა, რომ დიდ გუნდში ითამაშოს. - საბჭოთა კავშირის დროს "დინამო თბილისი" სუპერ გუნდად ითვლებოდა, ის წარმატებით თამაშობდა ევროპულ ტურნირებზე. როგორია ახლა ის "რუბინთან" რომ შევადაროთ?  - "რუბინის" ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია, ვიდრე თბილისის. იქ არ არის ბევრი კარგი მოედანი. ამავდროულად, "დინამოს" კარგი ბაზა აქვს. საქართველოში მხოლოდ 3-4 გუნდია მსგავსი პირობებით, კარგი სტადიონით.   - "რუბინი" მოიგებს, რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოში არიან კარგი გუნდები. მაგალითად, თბილისის "ლოკომოტივმა" ევროპა ლიგიდან "დინამო მოსკოვი" გააგდო. საქართველოში ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, რაც ჩემპიონატს კარგს ხდის. ახლა ცუდად არ მივდივართ, არის პროგრესი და განვითარება. აშენებენ სტადიონებს, ბაზებს. - რუსეთში ფეხბურთი ტაქტიკური და დაცვითია. როგორია ის საქართველოში? - მართლაც, "რუბინსა" და ზოგადად რუსეთში, თამაშის ტაქტიკა სრულიად განსხვავებულია, უფრო მეტი ყურადღება დაცვაზეა. მასზე აქცენტი საქართველოშიც დაიწყეს, მაგრამ ქართული მენტალიტეტი სხვანაირია და იქ თამაშის ბედს მოთამაშეები წყვეტენ. ინდივიდუალური მოქმედებები პირველია და ამის წართმევა შეუძლებელია. - ტაქტიკური კუთხით გაგიჭირდა, როდესაც რუსეთში ჩამოხვედი?  - მარტივი იყო, რადგან "ლოკომოტივს" იური სიომინი წვრთნიდა. მას ველაპარაკე და მომენტალურად გავიგე, რა უნდა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ვვარჯიშობდი, ვუყურებდი "ლოკომოტივის" სხვა ფეხბურთელებს და ვსწავლობდი. - "დინამო თბილისის" შემდეგ "რუსთავში" ითამაშე. რატომ გადაწყვიტე გრანდიდან დაბალი კლასის გუნდში გადასვლა? - ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ააშენა ის გუნდი. მითხრა, რომ იყო მეტი პერსპექტივა, მეტი სათამაშო დრო. ჩემთვის პრაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. გადავწყვიტე, რომ "რუსთავში" თამაში "დინამოში" ვარჯიშს სჯობდა.
- როგორია რისთავი?  - პატარა ქალაქია, თბილისიდან 40 წუთის დაშორებით.
- და როგორი იყო დიდი ქალაქიდან იქ გადასვლა?  - ჩვენ თბილისში ვვარჯიშობდით და სახლის თამაშებსაც დედაქალაქში ვატარებდით, რადგან რუსთავში სტადიონი კეთდებოდა. ფანები მოდიოდნენ ყველა თამაშზე, პრობლემები არ ყოფილა. - როგორი მდგომარეობაა გულშემატკივრის მხრივ?  - ბევრი ფეხბურთზე არ დადის, მაგრამ მათიც მესმის. არიან გუნდები, რომელთა თამაშებზეც არის დასწრება. მაგალითად, "დინამო ბათუმი". ძალიან კარგი ფანები ჰყავს. ქუთაისის "ტორპედოსაც" დიდი მხარდაჭერა აქვს.

ფიქრობდა, რომ მამა მესისა და რონალდუზე უკეთესია - მამა, ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია. იყო ის შენი პირველი მწვრთნელი?  - რა თქმა უნდა, მაგრამ არასდროს მომხდარა, რომ ვარჯიში ეიძულებინა ან მოედანზე გავეგდე. ეს ყოველთვის ჩემი პირადი სურვილი იყო. მამაჩემმა კარიერის მანძილზე აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი გოლი გაიტანა. მან მათი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. - მას ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. რა გახსოვს აქედან?  - არა, არაფერი მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. თუმცა, გვაქვს თამაშების ჩანაწერები და მათ ვუყურებ. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ რონალდუ და მესი საუკეთესონი იყვნენ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მათზე კარგად თამაშობდა. - რატომ აირჩია მამაშენმა აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები?  - ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის რთულია, რადგან საკითხს არ ვეხებით და მასზე ბევრს არ ვსაუბრობთ. მამაჩემმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშით მართლა ძალიან დიდი დრო დახარჯა. ვფიქრობ, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. არც მახსოვს, როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე საქართველოს. - ახლა ის საქართველოში ცხოვრობს. რას საქმიანობს?  - რამდენიმე წლის წინ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ეს ნაწილობრივ ჯანმრთელობის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. უკეთესი იქნება თუ სახლში იჯდება და ჩემს თამაშებს უყურებს. რუბინში სლუცკის მოსვლის შემდეგ, თითქმის ყველა ქართველი გუნდიდან წავიდა, ზაფხულში ზურიკომაც დაგვტოვა. მოიწყინე იმ მომენტში?  - პირველად ზურიკოსთან ერთად ვიყავით, მაგრამ როდესაც წავიდა, კი, მარტო დავრჩი. შესაბამისად, ახლა რუსულად უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე მანამდე. გუნდში ნიკა ყიფიანი გვყავდა, ის კი გადათარგმნაში გვეხმარებოდა. რუსული ენის ამბავი ასეთია: მასწავლებელი მოვიდა და პირველი გაკვეთილი ჩაგვიტარა, ყველაფერი კარგად იყო. მეორე გაკვეთილზე მან გრამატიკის ახსნა დაიწყო და მივხვდით, რომ ეს ძალიან რთული იყო. საბოლოოდ, სწავლის გაგრძელებაზე არ დათანხმდნენ. - რაც შეეხება რუსულ ენას სკოლებში?  - მესამე კლასის შემდეგ, საქართველოში ყველა სწავლობს ინგლისურსა და რუსულს. - ანუ, შენ კარგად არ გისწავლია? - არა, არა, გულმოდგინედ ვსწავლობდი მეცხრე კლასამდე, მაგრამ შემდეგ მთავარ გუნდთან ერთად დილის ვარჯიშები დაიწყო. გაკვეთილებზე აღარ ვყოფილვარ. დღესდღეობით, თინეიჯერები საქართველოში რუსულს აღარ სწავლობენ, ყველამ ინგლისური იცის. თუმცა, უფროსების თაობა რუსულად საუბრობს. - როგორია შენს თაობაში რუსეთის მიმართ ზოგადი დამოკიდებულება საქართველოში? - პოლიტიკური კითხვაა. ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. - საინტერესოა თქვენი აზრი ყაზანისა და თათრეთის შესახებ. არის რაიმე სხვაობა დანარჩენი რუსეთისგან? - შესაძლებლობა არ მქონია, რომ რეგიონის თავისებურებები გამომეცადა. კვლავაც, უმეტეს დროს ბაზაზე ვატარებ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩაკ-ჩაკი ძალიან მიყვარს. ის გემრიელია! - რუბინში გადმოსვლის შემდეგ, იცოდი სად მოდიოდი? - ვიცოდი, რადგან ამ გუნდში ბევრ ქართველს უთამაშია. ტრანსფერამდე ნუკრი რევიშვილთან, ლაშა სალუქვაძესთან და დავით კვირკველიასთან ვისაუბრე. - მაშინ 18 წლის იყავი. როგორ დაუკავშირდი უკვე ზრდასრულ ფეხბურთელ, ლაშა სალუქვაძეს?  - "დინამოში" ჩვენ ერთად ვიყავით. მე მაშინ ვიწყებდი, ის კი კარიერას ამთავრებდა. საწვრთნელი შეკრებები მასთან ერთად გამიტარებია.

- რა თქვეს სალუქვაძემ და სხვა ფეხბურთელებმა ყაზანზე?
- მათ მითხრეს რომ კარგი გუნდი და ლამაზი ქალაქი იყო, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი, ჩემთვის მხოლოდ ფეხბურთი იყო მნიშვნელოვანი. - ამავდროულად, "ლოკომოტივში" შენი თანაგუნდელი იყო სოლომონ კვირკველია, რომელსაც "რუბინშიც" უთამაშია. ალბათ, მანაც გითხრა რაღაც? - დიახ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ყაზანური ვარიანტი მქონდა. "რუბინში" მისი წარსულის მიუხედავად, მაინც მითხრა, რომ კარგი გუნდი იყო. - ზოგადად, ქართველ ფეხბურთელებს საერთო თუ აქვთ? - დიახ, თაობებს ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ, ისინი მეგობრობენ. მაგალითად, ზურიკოს მშობლებსა და ჩემს მშობლებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ზურიკოს მამა ასვე ფეხბურთელი და ძალიან ძლიერი თავდამსხმელი იყო. ჰო, მართლა, "დინამო თბილისის" ადაკემიაში ის ჩვენი მწვრთნელიც გახლდათ. - ვინ არის ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში? - ვფიქრობ, კახა კალაძე. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მოიგო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ. შემტევი ფეხბურთელებიდან გიორგი ქინქლაძე, მას მესის მსგავსი ტალანტი ჰქონდა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხა. ვფიქრობ, მას ოქროს ბურთი შეიძლება მოეგო. რთულია მესამის დასახელება, ძალიან ბევრი ძლიერი იყო - ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია. ყველას ჩამოთვლა არ შემიძლია.
- ვინ არის შენი საყვარელი ქართელი ფეხბურთელი? ქინქლაძის თამაში ძალიან მომწონდა, მაგრამ კახა კალაძე ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელია. იმ დროისათვის, ასაკიდან გამომდინარე ქინქლაძის მატჩების ყურებას ვერ ვახერხებდი, თუმცა ახლა ჩანაწერების ნახვის შესაძლებლობა მაქვს. უდიდესი ტალანტი იყო - საქართველოში ყველა ამბობდა, რომ ქინქლაძეს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. - ის ასევე თამაშობდა რუბინში, მართალია მცირე ხნით და არც ისე დასამახსოვრებლად. ქინქლაძეს პირადად იცნობ? დიახ, ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ. მისი თაობის წარმომადგენლები, მუდამ მეუბნებიან, რომ ვიყო პროფესიონალი ფეხბურთისთვის ყველაფერი გავაკეთო.

 მაკედონიასთან მატჩის წინ კორონავირუსით დაინფიცირდი - კვლავ რუბინის ბაზაზე ცხოვრობ? დიახ, რა თქმა უნდა. ბაზაზე ცხოვრება გაცილებით უკეთესია და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბინის დაქირავების შემთხვევაში, უამრავ დროს დავკარგავდი. - თუმცა, ზოგჯერ ფეხბურთისგანაც უნდა დაისვენო... მეგობრებთან ერთად ჰოკეის ან კალათბურთის საყურებლად დავდივარ. მეგობრები ჩემი თანაგუნდელები არიან. თანაგუნდელების გარდა, ყაზანში თითქმის არ მყავს მეგობრები. როდესაც გუნდში თარჯიმანი (ზაზა) მუშაობდა, მასთან ერთად რესტორანში ხშირად დავდიოდი. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს რეალური დასვენების უფლებას, მხოლოდ სამატჩო პაუზების დროს ვაძლევ. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. - ჰოკეის მატჩს დასწრებიხარ? „აკ ბარსის“ მატჩს ერთხელ დავესწარი. შაიბას ვერ ვხედავდი და პირველი პერიოდის დასრულების შემდეგ წამოვედი. იმ დროისათვის ყაზანელები უკვე 3:0 იგებდნენ და მატჩი უინტერესო გახდა. გუნდში ბევრს უყვარს ჰოკეი და მატჩებზე ხშირად დადიან. - ჰოკეი პირველად იმ მატჩზე ნახე? დიახ, ჰოკეის საქართველოში თითქმის არ აქცევენ ყურადღებას. საქართველოში ყინულის მოედანი არასდროს მინახავს. - „უნიქსის“ მატჩებს ესწრები? ძალიან მინდა „მონაკოს“ წინააღმდეგ გასამართ ევროპის თასის ფინალს დავესწრო. სამწუხაროდ, მათი მატჩები ჩვენს გასვლით შეხვედრებს ხშირად ემთხვევა. ამიტომ ხშირად დასწრებას ვერ ვახერხებ. - ფეხბურთი საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა? დიახ, რა თქმა უნდა! რაგბი და კალათბურთიც ძალიან უყვართ და ჩოგბურთსაც დიდ ყურადღებას უთმობენ. - საქართველოში როგორ ისვენებ/ერთობი? მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ. საქართველოში ყველაფერი გვაქვს. ზღვაზე გსურს წასვლა? - რატომაც არა, ბათუმი. შესაძლოა მომავალში საზღვარგარეთ ვიმოგზაურო, მაგრამ ახლა საქართველოში ყოფნას ვანიჭებ უპირატესობას. კორონავირუსის გამო, წელს ოჯახთან ძალიან ცოტა დრო გავატარე, ამიტომ მირჩევნია საქართველოში ახლობლებთან ვიყო, ვიდრე საზღვარგარეთ ვიმოგზაურო. - როდის ჩამოვიდნენ შენი მშობლები უკანასკნელად ყაზანში? კარანტინის დაწყებამდე. ახლა სახლში იმყოფებიან. კორონავირუსთან ბრძოლაში უმჯობესია სახლში იყვნენ, იქ ყველაფერი გაუმარტივდებათ. - შენ უკვე გადაიტანე კოვიდ 19? დიახ, მაშინ საქართველოში ვიყავი. ვიჯექი და კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი. საკუთარ სახლში ვცხოვრობდი, იმ დროისათვის იქ არავინ იყო. 2 დღის განმავლობაში მქონდა სიცხე 37.2, 37.4 სხვა მხრივ თავს კარგად ვგრძნობდი. კორონავირუსით მაკედონიასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე დავინფიცირდი - სამწუხაროდ იმ მატჩის გამოტოვება მომიხდა. - იმ განსაკუთრებულ შეხვედრაში, ალბათ ნაკრებს შენ ყველაზე მეტად აკლდი? არ ვიცი, თუმცა მთელი საქართველო ამაზე წუხდა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი რეალური შანსი არასდროს გვქონია. არ ვიცი კიდევ როდის გვექნება ამის შესაძლებლობა.

- საქართველოში უკვე სუპერვარსკვლავი ხარ? არა! - მაგრამ შენ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს... ეს რა თქმა უნდა დასაფასებელია, მაგრამ ვთვლი, რომ ჯერ კიდევ მაქვს რაღაცეები დასახვეწი. აღიარება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ქუჩებში რა თქმა უნდა მცნობენ. ჩემთან ფოტოებს იღებენ და ავტოგრაფს მთხოვენ. უამრავმა დაიწყო „რუბინის“ მატჩები ყურება. - არის ისეთი რამ, რაზეც ადრე საუბრობდნენ - შენ ბადრი კვარაცხელიას შვილი ხარ, ახლა კი მასზე ამბობენ - ის ხვიჩა კვარაცხელიას მამაა? (იცინის) რამდენად წარმატებულიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მის შვილად დავრჩები. თუმცა ძალიან მსურს მასზე წარმატებული კარიერა მქონდეს. - ქართველები კარგ მომღერლებად ითვლებიან. შენ როგორ მღერი? რა თქმა უნდა სიმღერა მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კარგი მომღერალი ვარ. რეპი ძალიან მიყვარს. საქართველოში რეპი კარგ სიმაღლეზეა - რეპში ქართველი ხალხის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია L`One-ა. - თუმცა ის მაინც რუს რეპერად ითვლება. კიდევ რომელ რუსულ მუსიკას უსმენ? ძალიან ბევრს ვუსმენ. ამ წუთას პლეილისტში საკმაოდ ბევრი რუსი შემსრულებელი მყავს. Tik Tok-ზე ერთ-ერთმა სიმღერამ, რომელსაც ვასრულებ ძალიან ბევრი ნახვა დააგროვა.

სლუცკის შესახებ ვიდეოთამაშიდან იცოდა - 2019 წელს, „რუბინში“ მოულოდნელად აღმოჩნდი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი შენს მაგივრად გადაწყვიტეს. ეს სიმართლეა? არა, ყველაფერი აგენტთან ერთად გადავწყვიტეთ. ყველაფერი განვიხილეთ. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ „რუბინი“ ძლიერი გუნდია. ყოფილ ფეხბურთელებს ვესუბრე, ინფორმაცია მოვიძიე და საბოლოოდ, აგენტთან ერთად მივიღე ეს გადაწყვეტილება. - „ლოკომოტივში“ მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარე, თუმცა სიომინთან მუშაობა მოასწარი. რა გამოცდილება მიიღე? ჩვენ კვლავ შესანიშნავი ურთიერტობა გვაქვს. მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მოედანზე და მის მიღმაც უამრავი რამ მასწავლა. რაიმე კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება. ფეხბურთზე, რომ ვკონცენტრირდე სიომინმა გუნდური თამაშის გაგების მხრივ ბევრი რამ მასწავლა. შემიძლია გითხრათ, რომ მასთან პირადად ძალიან ბევრს ვსაუბრობდი. - ახლა სლუცკისთან მუშაობ. მისი გუნდში მოსვლის შემდეგ, ლიდერი გახდი. შეიძლება ითქვას, რომ სლუცკი შენთვის სამაგალითო მწვრთნელია? რა თქმა უნდა გუნდში მისი მოსვლა ჩემთის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა. რომან შაროვის დროს, პრაქტიკულად არ ვთამაშობდი, რადგან ის თვლიდა, რომ მზად არ ვიყავი. ხდება ხოლმე, ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს.  სლუცკი მოვიდა, მომცა შანსი და მივიჩნევ, რომ ის სრულფასოვნად გამოვიყენე. რა თქმა უნდა იმით, რაც სლუცკის მოსვლამდე ხდებოდა უკმაყოფილო ვარ. ყველა ფეხბურთელს სურს მეტი სათამაშო დროის მიღება. მე ვარჯიშზე 100%-ით კონცენტრირებული ვიყავი და ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. სლუცკიმ ეს უმალ შეამჩნია და დააფასა. - შარონოვის დროს, იყო საუბარი სათამაშო დროის სიმცირეზე? როდესაც სეზონი დაიწყო, ცოტას ვთამაშობდი. თუმცა 1-2 თვის შემდეგი, ძირითადი შემადგენლობიდან ამოვვარდი და სათადარიგოთა სკამზე გადავინაცვლე. რა თქმა უნდა მწვრთნელს ამის შესახებ ვკითხე. თუმცე მეორე შემთხვევის შემდეგ, მსგავსი კითხვები აღარ დამისვამს. ამ საუბრებიდან რაიმე კონკრეტული არ მახსოვს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: შრონოვს მადლობას ვუხდი, რომ ჩემში ბრძოლისუნარიანობის სურვილი გააჩინა. ამის წყალობით თავდაუზოგავ შრომას მივეჩვიე. ამისთვის ღირს მისთვის მადლობის თქმა. - ამბობენ, შარონოვი სლუცკისგან განსხვავებით, ფეხბურთელებთან დისტანციას იჭერდა. სლუცკის ყველასთან შესანიშნავი, მეგობრული ურთიერთობა აქვს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შარონოვს განსაკუთრებული დისტანცია ეჭირა და დაახლოების საშუალებას არ გვაძლევდა. ის ასევე იყო ძალიან მეგობრული.

- წარმოვიდგინოთ სიტუაცია: სლუცკი გახდა რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და შემოგთავაზა თამაში. რას უპასუხებ? მე ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ. რა თქმა უნდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრის შანსი ნაკლებია, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ. რაიან გიგზი უელსში თამაშობდა და ვერც ერთ ტურნირზე იასპარეზა, შემდეგ ბეილი მოვიდა და უელსი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. ყველას თავისი გზა აქვს. - სლუცკის საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშები აქვს. რთული იყო დატვირთვის მხრივ მის მოთხოვნილებებთან შეგუება? როდესაც „ლოკომოტივში“ მივედი დიდი დატვირთვების სიმძიმე ვიგრძენი. თუმცა „რუბინში“ შეგუება არ გამიჭირდა, რადგანაც ვთვლი, რომ ფიზიკურად უკვე მზად ვიყავი. ასევე ვერ ვიტყვი, რომ სლუცკის ვარჯიშები შრონოვთან შედარებით გაცილებით მძიმეა. რა თქმა უნდა არის დეტალებში განსხვავება - მაგალითად, შარონოვთან გაცილებით უფრო დიდი სამუშაო ტაქტიკას ეთმობოდა. სლუცკისთან დიდი ყურადღება ბურთს ეთმობა. - სლუცკის შესახებ „რუბინში“ მის მოსვლამდე რამე იცოდი? რა თქმა უნდა „ჰალში“ და „ვიტესში“ მისი მოღვაწეობის შესახებ ვიცოდი. ის "ცსკა"-დანაც კი მახსოვს, რადგან PES-ს (საფეხბურთო ვიდეოთამაში) ვთამაშობდი. - ვის წინააღმდეგაა რუსეთში ინდივიდუალურად თამაში ყველაზე რთული? „ხიმკის“ წინააღმდეგ ძალიან გამიჭირდა, რადგანაც საკმაოდ ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ. მცველი - დიმიტრი ტიხიი, მუდამ ჩემს სიახლოვეს იმყოფებოდა. რთულია, როდესაც მოწინააღმდეგე პერსონალურად გეთამაშება და როდესაც ორი ერთდროულად გეთამაშება - კიდევ უფრო რთულია. - ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი რუსეთში? რა თქმა უნდა ნიკოლა ვლასიჩი. ვანდერსონს და არტიომ ძიუბას ასევე დავასახელებ. ყველა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ასევე მომწონს სერდარ აზმუნი, მან ზუსტად იცის სად უნდა გაეხსნას თანაგუნდელს.
- როგორ რეაგირებ, როდესაც შენს წინააღმდეგ უხეშობენ? უკვე მივეჩვიე. ვიცი, რომ ასე ითამაშებენ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ვდგავარ და ვიღაც ჩემს წინააღმდეგ უხეშობს. ეს ფეხბურთია, ხდება ხოლმე. ასეთ მომენტებზე არ ვბრაზდები. უმჯობესია კარგი ფეხბურთის თამაშით გასცე პასუხი და არა უხეშობით. - ოდესმე გიჩხუბია? მეგობრებთან ეზოში - რა თქმა უნდა. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ძალიან კარგი მეგობრობა გვაქვს, მაგრამ ვჩხუბობდით ხოლმე. - ბავშვობაში მწვრთნელები ხშირად გეუბნებობდნენ, რომ თანაგუნდელებისთვის მეტად მიგეცა პასი? ასე პრაქტიკულად არ მელაპარაკობდნენ. ხშირად, თავადაც ვგრძნობ, რომ უმჯობესია პასი გავცე. ბალანსის დაცვა უმნიშვნელოვანესია. - შენი ამჟამინდელი უნარები, ხომ ბავშვობის დროინდელი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელმაც მოგცა დრიბლინგის შესაძლებლობა და არ გაიძულებდა გუნდურ თამაშს? დიახ და შემიძლია დაგისახელოთ 4 მწვრთნელი, რომელთაც ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ მეკეთებინა ის რაც მსურდა. სულიკო დავითაშვილი ამ მხრივ ძალიან გვეხმარებოდა. მანამდე „ავაზაზე“ ანზორ ზუკაკიშვილთან ვვარჯიშობდი. მასთან გავიზარდე. ასევე გამოვარჩევ დავით იმნაძეს, ახალგაზრდა მაგრამ ძალიან კარგი მწვრთნელი. მოგვიანებით, როდესაც წამოვიზარდე და „დინამოში“ მოვხვდი ვლადიმერ კაკაშვილთან ვვარჯიშობდი. ის ასევე თამაშობდა რუსეთში, „ლოკომოტივში“. კარგი ადამიანი, რომელიც მაღალ დონეზე ძალიან დამეხმარა.

სრული კონცენტრაცია „რუბინის“ მომდევნო მატჩებზე ყოველკვირეულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენით ევროპული კლუბები ინტერესდებიან. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად „მოგვპარავენ“. თავად შენ რომელ კლუბში გსურს თამაში? ბავშვობიდან მადრიდის „რეალს“ ვგულშემატკივრობ. უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა რომელიმე კლუბში გადასვლა მსურს. რედაქციაში უკვე ვფიქრობთ რუბრიკის შექმნაზე - კლუბი, რომელიც ხვიჩას შეძენით ჯერ არ დაინტერესებულა. ასეთი კლუბების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მსგავს სიახლეებზე როგორ რეაგირებ? სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არ ვფიქრობ. ამ წუთისათვის, მხოლოდ „რუბინის“ მომდევნო თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. თითოეული მომდევნო მატჩი უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება უახლოეს მომავალში. სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს. ზოგჯერ გასახდელში თანაგუნდელები საუბრობენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. რონალდუ თუ მესი? რონალდუ! მესი ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ის საუკეთესოა - ევგარეშეა უპირველესი და წარმოუდგენელია არ მოგწონდეს, ის რასაც მესი აკეთებს, მაგრამ რონალდუ საუკეთესო სპორტსმენია. ვფიქრობ, მათი შედარება არაკორექტულია, რადგანაც ორივე მათგანი საუკეთესოა. ორივე უმარლეს დონეზე ასპარეზობს - განსხვავებულად, მაგრამ უმაღლეს დონეზე. მე რონალდუ უფრო მომწონს. რონალდუსა და მესის შემდეგ, ვინ არის მესამე? იყო ნეიმარი, შემდეგ კი მბაპე. ის ძალიან მალე დაიწყებს „ოქროს ბურთების“ მოგებას. აკვირდები თუ არა მათ რომელიმე ელემენტს, ან ფინტს? რა თქმა უნდა ვცდილობ თითოეული მათგანის თამაშს ვუყურო და რაღაც დავიმახსოვრო. სწორედ ასეთი დონის ფეხბურთელებისგან უნდა ისწავლო. მბაპეს გოლი „ბაიერნის“ კარში კარგად დამამახსოვრდა. როგორ გაუძვრინა მეკარეს ბურთი ფეხებს შორის. მას ზუსტად ასეთი დარტყმის შესრულება უნდოდა და შეასრულა კიდეც. ყოველთვის სწავლაზე უნდა ფიქრობდე. თუ ხედავ, რომ რომელიმე ფეხბურთელს რაღაც პროფესიონალური ელემენტი აქვს განვითარებული - რატომ არ უნდა გადმოიტანო შენს შეიარაღებაში და გამოიყენო მატჩში? როდესაც შეტევაზე მიდიხარ, წინასწარ გაქვს განსაზღვრული შენი ქმედებები თუ ინტუიციას ენდობი? ალბათ უფრო ინტუიციას, რადგანაც ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრო რა შეიძლება მოხდეს და მოიგონო შესაბამისი ფინტი. მატჩის მსვლელობის დროს, ეს ყველაფერი თავისით ხდება.

„რუბინში“ ვისგან სწავლობ ყველაზე მეტად? თითოეული პარტნიორისგან რაღაცას ვსწავლობ. მაგალითად შატოვი - ის 30 წლისაა და ჩემზე ძალიან მოქმედებს ის გარემოება, რომ ყოველდღიურად სატრენაჟორო დარბაზშია და ფორმაში ყოფნას ცდილობს. მას მუდამ სპორტდარბაზში ვხედავ. როგორია შენი დღის რეჟიმი და კვების რაციონი? ვცდილობ რაციონიდან ცხიმი მაქსიმალურად ამოვიღო. პრინციპში ყველაფერი, რასაც ბაზაზე ამზადებენ, ჯანსაღი კვების სტანდარტებს შეესაბამება. არ ამზადებენ ცხიმიან საკვებს - შესაბამისად არ გვიწევს მისი მიღება. ვცდილობ 23:00 საათამდე დავწვე, ზოგჯერ შუადრით ვიძინებ, რის გამოც ღამე ადრე დაძინება მიჭირს. მატჩის წინა დღეს ვცდილობ შუადრით არ დავიძინო, რადგან ღამე კარგად გამოვიძინო და მატჩზე კონცენტრირებული ვიყო. მატჩის წინა დღეს კომპიუტერულ თამაშებსაც ვერიდეი, შეიძლება ცოტა ხნით ტელეფონით გავერთო. შვებულებაში გასვლის შემთხვევაში, როგორია შენი დღის წესრიგი? შვებულებაში გასვლის დროს, საწყისი 2-3 დღის განმავლობაში საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობას ვაძლევ. შემდეგ კი ფორმის აღდგენას ვუბრუნდები: მინიფეხბურთს ვთამაშობ და ბევრს დავრბივარ, რათა წონის პრობლემა არ შემექმნას. მინიფეხბურთი სახიფათო არაა? ტრავმის შესაძლებლობა ხომ მაღალია? რისკი არ არსებობს, რადგანაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ და იციან, რომ ფეხებში არ უნდა ჩამარტყან. მათთან თამაში მსიამოვნებს, უამრავი ადამიანი მოდის ჩვენს საყურებლად. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ კარგად თამაშობს. კლუბში ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად გიწევს თამაში, იქ კი ალბათ უინტერესოა თამაში? არა-არა ისინი ძალიან კარგად თამაშობენ. ძალიან რთულია, რადგან ყველა ქართელი ტექნიკურია. საბოლოოდ გვინდა გკითხოთ: რუსტემ საიმანოვი აღნიშნავს, რომ მომავალ წელს შენი კლუბში შენარჩუნება სურს. დათანხმდები? არ ვიცი. ამ წუთას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან არ ვიცი ხვალ რა იქნება. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. განვითარებისთვის საჭირო გზა ყოველთვის მოიძებნება. ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.  

სხვა სტატიები