Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: "რონალდუს წასვლამ ვერაფერი დაგვაკლო, მესი სხვა საქმეა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლას ორგანიზაცია არ დაუზარალებია. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრიმერა დივიზიონს ლეო მესი დატოვებს.
"კრიშტიანუს ლა ლიგიდან სერია A-ში გადასვლამ თითქმის საერთოდ არ დაგვაზარალა. საერთოდაც, ამ ფაქტს ჩვენზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ეს იმის დამსახურებაა, რომ ლა ლიგა წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ საკუთარი ბრენდი მსოფლიოში უმაღლესი დონისად ექცია და მისი ბედი კონკრეტულ ფეხბურთელებზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.  თუმცა, მესისთან განსხვავებული შემთხვევა გაქვს. ის საუკეთესო ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში და გაგვიმართლა, რომ მან მხოლოდ ჩვენს ლიგაში ითამაშა. ვფიქრობ, მესის წასვლა საგრძნობლად შესამჩნევი იქნება, მით უმეტეს, თუ ის სხვა ჩემპიონატში გადავა. ლიონელი ლა ლიგის და მთლიანად ესპანური ფეხბურთის საკულტო ფიგურაა, მას ვთხოვ, რომ კარიერა ჩვენს ჩემპიონატში დაასრულოს. არც მესის წასვლა იქნება კატასტროფა, რადგან ჩვენ მის გარეშეც თავისუფლად გავაფორმებთ სატელევიზიო ხელშეკრულებებს, თუმცა, მთავარია ის ღირებულება, რომელსაც იგი ლიგას აძლევს", - თქვა ტებასმა.
6 ოქროს ბურთის მფლობელმა "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში 476 შეხვედრა ჩაატარა, 440 გოლი გაიტანა და თითქმის ყველა კომპონენტში ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

სხვა სტატიები