Belive

ლა ლიგის სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
2018-19 წლების სეზონის ნახევარი უკვე მიილია და "ლა ლიგის" სიმბოლური გუნდიც, შესაბამისად ნახევარი სეზონის მონაცემებით შეადგინეს.

მეკარე - იან ობლაკი (ატლეტიკო)

მადრიდის "ატლეტიკოს" სლოვენიელი მეკარე ერთ-ერთ საუკეთესო კარის დარაჯად ჩამოყალიბდა. მას მიმდინარე სეზონში "ლა ლიგის" მასშტაბით, ყველაზე ნაკლები ბურთი აქვს გაშვებული. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მარჯვენა მცველი - დანი კარვახალი (რეალი)

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. კარვახალისგან სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში აღარ გვიკვირს. ესპანელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად იქცა და მიმდინარე "ლა ლიგაშიც" მაღალ დონეზე თამაშობს.

მარცხენა მცველი - ხორდი ალბა (ბარსელონა)

"ბარსელონას" მარცხენა მცველი კარგ ფორმაშია. ის "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემებით გამოირჩევა. მას 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. მესისა და ალბას შეთამაშებული მოქმედება აღფრთოვანებას იწვევს.

ცენტრალური მცველი - ჟერარ პიკე (ბარსელონა)

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა სეზონი ცუდად დაიწყო. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, თუმცა მისი ჩავარდნა დიდხანს არ გაგრძელდა და სეზონის გახურებასთან ერთად, პიკეც ფორმაში შევიდა. დღეს პიკე ესპანეთის "ლა ლიგაში" ერთ-ერთი საუკეთესოა. მას უკვე 3 გატანილი ბურთი დაუგროვდა და 1 საგოლე გადაცემა.

ცენტრალური მცველი - მარკ ბარტრა (ბეტისი)

ესპანეთის "ლა ლიგაში" კარგ სეზონს ატარებს "ბეტისი". გუნდი მე-5 პოზიციას იკავებს და იმდენივე ბურთი აქვს გაშვებული, რამდენიც "რეალსა" და "ბარსელონას". ეს კი კარგი დაცვის დამსახურებაა. მარკ ბარტრამ 1 ბურთის გატანა მოასწრო.

ნახევარდაცვა - როდრიგო (ატლეტიკო)

მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური ნახევარმცველი, როდრიგო მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საკუთარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მან ორი ბურთი გატანა უკვე შეძლო.

ნახევარდაცვა - ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი)

"ბეტისის" ნახევარმცველი, ლო სელსო საუცხოოდ კარგ ფორმაშია. ის "პარი სენ-ჟერმენის" საკუთრებაა და ანდალუსიურ კლუბში არენდით თამაშობს. "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 4 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი - იაგო ასპასი (სელტა)

"სელტას" ლიდერი, იაგო ასპასი ტრადიციულად კარგ სეზონს ატარებს. მან უკვე 10 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბომბარდირთა დავაში ის მეოთხე ადგილს იკავებს. რაც შეეხება "სელტას", გუნდი მე-11 ადგილზეა და სულ 28 ბურთი აქვს გატანილი. შესაბამისად, გუნდის გოლების 36% სწორედ ასპასზე მოდის.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი - პაბლო სარაბია (სევილია)

პაბლო სარაბია მიმდინარე სეზონში "სევილიას" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მას "ლა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს. ის ანდალუსიურ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონი ჯერ-ჯერობით მისთვის საუკეთესოა. ამიტომაც მან სიმბოლურ გუნდში ადგილი დაიმსახურა.

გამთამაშებელი - ლიონელ მესი (ბარსელონა)

თუ რატომ მოხვდა ლიონელ მესი სიმბოლურ გუნდში, ამას კითხვა რომ არ სჭირდება წლებია ვიცით. "ბარსელონას" კაპიტანი ოქროს ბუცის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. მას არა მხოლოდ "ლა ლიგაში", არამედ ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს. 15 გატანილი ბურთი და 10 საგოლე გადაცემა. ის "ლა ლიგის" ბომბარდირია.

თავდასხმა - კრისტიან სტუანი (ჟირონა)

კატალონიური "ჟირონას" ცეენტრალური თავდამსხმელი, კრისტიან სტუანი საუცხოო ფორმაშია. მას "ლა ლიგაში" უკვე 11 გატანილი ბურთი დაუგროვდა. ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს თანამემამულე ლუის სუარესთან იყოფს. კრისტიან სტუანი სიმბოლურ გუნდშია.
 

სხვა სტატიები