Belive

ლა მასიას გაძლიერება | ლაპორტას გეგმა ბარსელონას გადასარჩენად

3 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
"ბარსელონა" ფინანსურ კრიზისშია - ბართომეუს არასწორმა, არაეფექტურმა მენეჯმენტმა გუნდს არამარტო ფინანსური, არამედ უფრო ღრმა პრობლემებიც მოუტანა. მდგომარეობის გამოსასწორებლად, გუნდის ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ყურადღების გადატანას კვლავ "ლა მასიაზე" გეგმავს. "ბლაუგრანაში" არსებული პრობლემების არსისა და მათი გამოსწორების გზების შესახებ, ეს სტატია მოგიყვებათ. მარტის დასაწყისში, 18 წლის ილაიშ მორიბამ "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. კატალონიური კლუბის მიერ აღზრდილმა ფეხბურთელმა, მეტოქის კარის დალაშქვრა ლიონელ მესისთან ერთად იზეიმა. "ამ დღეს არასოდეს დავივიწყებ", - თამაშის დასრულების შემდეგ, მორიბა ემოციებს ვერ მალავდა. ეს მომენტი არამარტო მორიბასთვის, "ბარსელონასთვისაც" მნიშვნელოვანი იყო - ერთად მოზეიმე მორიბა და მესი გუნდის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდნენ. სწორედ "ლა მასიაზე" დგას გუნდის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეს იყო ერთგვარი მინიშნება იმისა, თუ რა შეიძლება იყოს გუნდის ხვალინდელი დღე. მორიბას სადებიუტო გოლიდან ზუსტად 24 საათში, "ბლაუგრანას" პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა მეორედ აირჩიეს. ამ პოსტს ლაპორტა 2003-2010 წლებში იკავებდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება იმ გუნდის ჩამოყალიბება, რომელთან თამაშს ყველა მეტოქე უფრთხოდა.

რა მოხდა ლაპორტას წასვლის შემდეგ?

ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდში, "მარსელონას" მაისურზე UNICEF (გაეროს ბავშვთა ფონდი) ეწერა - ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ომით განადგურებული ევროპის ქვეყნების ბავშვებისათვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს. 2012 წელს, UNICEF-ი Qatar Foundation-თან გაფორმებულმა €150 მილიონიანმა კონტრაქტმა ჩაანაცვლა. ამას მოჰყვა ნეიმარის სკანდალური, €88 მილიონიანი ტრანსფერი, რომელიც სასამართლო განხილვებით, სანდრო როსელის გადადგომითა და მისი დაპატიმრებით დასრულდა: როსელი “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტს 2010-დან 2014 წლამდე იკავებდა. ფულის გათეთრების ბრალდება მას ბრაზილიელი ვარსკვლავის შეძენის შემდეგ წაუყენეს, რის გამოც მას საპატიმროში ყოფნა 2 წლის განმავლობაში მოუწია. "ბარსელონას" იმიჯის შელახვისა და რეპუტაციის ფეხქვეშ გათელვის პროცესი ამით არ დასრულებულა: სანდრო როსელის შემცვლელი, ჟოზეპ მარია ბართომეუ "ბარსაგეითის" სახელით ცნობილი გამოძიების შედეგად დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, ბართომეუს დაქირავებული ჰყავდა PR კომპანია, რომელიც სოციალურ მედია პლატფორმებზე ე.წ. ბოტებისა და ტროლების დახმარებით, გუნდის მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებს, მუდმივად აკრიტიკებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყალბი ანგარიშებით გამოქვეყნებული პოსტების სამიზნე ლიონელ მესი, ჟერარდ პიკე, პეპ გვარდიოლა, კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი იყვნენ. გუნდის მორალური და ფინანსური დეკადანსი "ბარსელონას" შედეგიანობაზე და თამაშის ხარისხზე თანაბრად აისახა. ხელმძღვანელობამ "ლა მასიას" განვითარების ნაცვლად, ყურადღება მრავალმილიონიან ტრანსფერებზე გადაიტანა, რამაც სახელფასო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდა. არეულ გუნდში თავისი თავი ვერ დაინახა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, რომელმაც გასულ ზაფხულში "ბლაუგრანადან" წასვლა მოისურვა, თუმცა ბართომეუმ მას ამისი ნება არ მისცა. მესის თქმით, სასამართლო დავის შედეგად, მას კატალონიიდან წასვლა შეეძლო, თუმცა "ბარსელონასთან" ამ ფორმით დაპირისპირება არ სურდა.
messi-clasico

რისი შეცვლა სურს ლაპორტას

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ლაპორტამ Goal.com-თან ინტერვიუში ის მთავარი პრინციპები დაასახელა, რომელსაც "ბარსელონა" კვლავ დაუბრუნდება: "კრუიფი, ლა მასია, კატალონია, UNICEF-ი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია". თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლა მასია" ლაპორტასთვის ის გეგმაა, რომელმაც ჩაძირვისთვის განწირული გემი უნდა გადაარჩინოს. "ბლაუგრანას" ტრანსფერებში დასახარჯი ფული, ფაქტობრივად, არ აქვს. ბოლო წლებში, "ბლაუგრანამ", თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული 3 ფეხბურთელის შესაძენად, დაახლოებით €400 მილიონი დახარჯა: გუნდის წევრები ფელიპე კოუტინიო, უსმან დემბელე და ანტუან გრიზმანი გახდნენ. რთულად თუ მოიძებნება ისეთი გულშემატკივარი, რომელიც ამ ტრანსფერებს დადებითად შეაფასებს. "ლა მასიაზე" ორიენტირება გუნდის ფილოსოფიის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. გავიხსენოთ 2008 წელი, როდესაც ლაპორტამ გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა წარადგინა - ადამიანი, რომელსაც დიდ ფეხბურთში მწვრთნელობის გამოცდილება არ ჰქონდა: 37 წლის გვარდიოლა "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობდა და კრუიფის საფეხბურთო ხედვაზე დამყარებულ, "ბლაუგრანას" შინაგან ფილოსოფიას სრულად იზიარებდა.

გვარდიოლამ გუნდში რამდენიმე საჭირო ფეხბურთელი დაიმატა (დანი ალვეში, ჟერარ პიკე, სეიდუ კეიტა, ალექსანდრ გლები, მარტინ კასერესი), თუმცა აქცენტი გუნდის აკადემიის მიერ აღზრდილ ფეხბურთელებზე გააკეთა. მაგალითად, საყრდენი ნახევარმცელის პოზიცია, პეპმა სრულიად უცნობ სერხიო ბუსკეტსს ანდო. დრომ აჩვენა, რომ მიდგომამ გაამართლა - ბუსკეტსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ფეხბურთელად იქცა, 2011 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე კი "ბარსელონას" აკადემიის მიერ აღზრდილი 3 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი: ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი. "ლა მასიას" სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, Goal.com-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდმა ბართომეუს ხელმძღვანელობის პერიოდში, მიდგომა მნიშვნელოვნად შეცვალა: "სინჯებზე მოსულ ფეხბურთელებს ფიზიკური სისუსტის ნიშნით იწუნებენ", - აღნიშნა მან. მარტივი შედარება გავაკეთოთ - როდესაც 13 წლის მესი "ბარსელონას" შეერთდა, იგი სიმართლეში 1.5 მეტრიც კი არ იყო. იმ დროს, "ბარსა" ტექნიკურ ფეხბურთელებს უფრო მეტად ეძებდა, ვიდრე ფიზიკურად ძლიერებს.

ლაპორტას ამ პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ 2015 წელს სურდა, თუმცა მაშინ არჩევნებში მარცხი განიცადა. გუნდის წინა ხაზში ლიონელ მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი დაფრინავდნენ, "ბარსას" ტრებლი ჰქონდა მოგებული.
"საკლუბო დონეზე წარმატების მიუხედავად, მსურდა მეჩვენებინა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მინდოდა მეთქვა, რომ გუნდს სჭირდებოდა მმართველობის სხვა მოდელი, რომელიც სპონსორად Qatar-ს არ მოიყვანდა, რომელიც "ლა მასიას" არ გაანადგურებდა და რომელიც სატრანფერო ბაზარზე სუპერვარსკვლავებს ნებისმიერ ფასად არ შეიძენდა. მსურდა, კლუბის მაისურზე კვლავ UNICEF დამენახა, ჩვენ უნდა გვეთამაშა სისტემით, რომელიც იოჰან კრუიფის მიერ იყო შექმნილი. ეს იყო კლუბის მოდელი, რომელიც ჩვენ შევქმენით და რომელსაც ბართომეუ ანადგურებდა", - აღნიშნა ლაპორტამ.

რა მდგომარეობაშია ახლა ბარსელონა?

“ბარსელონამ” წლიურ ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კატალონიურ გუნდს ვალის სახით €1.2 მილიარდი მართებს და აქედან, მოკლე ვადაში გადასახდელი თანხა €730 მილიონს შეადგენს. საინტერესოა, რომ “ბლაუგრანას” ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერების თანხა ბოლომდე გადარიცხული ჯერ კიდევ არ აქვს და ჯამში €126 აქვს გადასახდელი. მაგალითისთვის:
  • €29 მილიონი "ლივერპულისთვის" ფელიპე კოუტინიოს სანაცვლოდ;
  • €16 მილიონი "აიაქსისთვის" ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ;
  • €10 მილიონი “ბორდოსთვის” მალკომის სანაცვლოდ (ზემოთაღნიშნული სამი გუნდი თანხის გადარიცხვას 30 ივნისამდე ითხოვს).
  • €21 მილიონი “გრემიოსთვის” ართურ მელოს სანაცვლოდ
  • €11 მილიონი “ბაიერნისთვის” არტურო ვიდალის სანავლოდ (შეგახსენებთ, ართური და ვიდალი “ბარსელონას” ფეხბურთელები აღარ არიან).
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, “ბარსელონასთვის” სატრანსფერო თანხა სხვა კლუბებს აქვთ გადასახდელი. მალკომის (“ზენიტი”), კუკურელასა (“ხეტაფე”) და კარლეს პერესის (“რომა”) სანაცვლოდ, კატალონიელებმა ჯამში €46 მილიონი უნდა მიიღონ. 2019-20 წლების სეზონი “ბარსელონამ” €488 მილიონიანი სუფთა დავალიანებით დაამთავრა. ცნობილია, რომ სესხის გადავადებასთან დაკავშირებთ, კატალონიური გრანდი კრედიტორებთან მოლაპარაკებას გეგმავს. თანხის ვერგადახდის მთავარ მიზეზად კატალონიელები კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ასახელებენ. მიმდინარე სეზონში, “ბლაუგრანა” ბილეთების გაყიდვიდან €56 მილიონს ელოდებოდა, თუმცა ესპანეთში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მეტოქე გუნდებს ცარიელი “კამპ ნოუ” მასპინძლობს და დიდი ალბათობით, შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო წელს კატალონიელებს კვლავ დაკეტილი ექნებათ. იოჰან კრუიფს ყოველთვის იმისი სწამდა, რომ "ნებისმიერ ცუდ ამბავს კარგი რამ მოჰყვება" - ამ შემთხვევაში, პოზიტიური მხარე არის ის, რომ "ლა მასია" "ბარსელონასთვის" იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, დრო კი აჩვენებს, რამდენად შეძლებს ლაპორტა იმ გეგმების შესრულებას, რაც მთავარს - შელახული რეპუტაციის აღდგენასა და გუნდის ფილოსოფიის განმტკიცებას ემსახურება.  

სხვა სტატიები