Belive

ლადო ბურდული: "რუსეთთან წაგებას არ გვაპატიებდნენ, გასახდელში გვითხრეს, მარცხი ანტი-გმირობას ნიშნავსო"

3 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
ზუსტად 17 წლის წინ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში პრინციპული მეტოქე, რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა. 2003 წლის 30 აპრილს, "ჯვაროსნებმა" თბილისში, "ლოკომოტივის" სტადიონზე, მალხაზ ასათიანის გოლით - 1:0 იმარჯვეს. მატჩს წინ დაძაბული საფეხბურთო და პოლიტიკურო ფონი უძღოდა. გარდა ამისა, კონფლიქტი იყო გუნდის მთავარ მწვრთნელ ივო შუშაკსა და ნაკრების ლიდერ შოთა არველაძეს შორის. ამ ყველაფრის შემდეგ კი გამარჯვება ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა. მასობრივმა ზეიმმა სტადიონიდან თბილისის ცენტრალური ქუჩებისკენ გადმოინაცვლა. 17 წლის წინანდელ მოგონებებს Live.ge-სთან საუბარში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად დუშეთის "არაგვის" თავკაცი ლადო ბურდული იხსენებს. Რუსეთთან მატჩი პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებდა. მას წინ ბევრი არასასიამოვნო ინციდენტი უძღვოდა. საბოლოოდ შეხვედრა შედგა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდა როგორ გაიხსენებთ მოსამზადებელ პროცესს და უშუალოდ მატჩს? Ამ შეხვედრას წინ ბევრი პოლიტიკური პროცესი უძღვოდა, სამწუხაროდ ასე მოხდა. ხშირად ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია, მაგრამ მაშინ ასე არ ყოფილა. პირველი მატჩი ცნობილი მიზეზის გამო ჩაიშალა. მაშინ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე იყო და მახსოვს მოედანზე გასვლის წინ როგორი ემოციური სიტყვებით მოგვმართა. გვესაუბრა ჩვენი ეროვნულობის, ღირსების და პრინციპების შესახებ. ამ თამაშში მოედანზე განსაკუთრებული მოტივაციით გავედით, თუმცა შუქის ჩაქრობის გამო, შეხვედრა ვერ დასრულდა. რაც შეეხება უკვე მომდევნო წელს გამართულ მატჩს, იმ დროისთვის ნაკრები უმწვრთნელოდ იყო დარჩენილი. "დინამოს" კი ივო შუშაკი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამიტომ, მას ორი მატჩით საქართველოს ნაკრების საჭე ანდეს. Მე საქართველოს ნაკრებში ბევრი გრანდის წინააღმდეგ მითამაშია: საფრანგეთის, იტალიის და სხვა, თუმცა რუსეთთან გასამართი შეხვედრა განსაკუთრებული იყო და ორმაგ მოტივაციას ატარებდა. ყველამ კარგად ვიცოდით თუ რა მნიშვნელობის მატჩში გავდიოდით მოედანზე. ამაში დიდი წვლილი იყო სწორედ ივო შუშაკის, რომელმაც შეკრებაზე და უშუალოდ მოედანზე გასვლამდე გვესაუბრება იმაზე თუ რამხელა დატვირთვა აქვს რუსეთთან მატჩს. მან თავისი სამშობლო ახსენა და გვითხრა, რომ ხორვატია ჩვენსავით ნაომარი ქვეყანა იყო და გიგანტი სახელმწიფოებისათვის გემრიელ ლუკმას წარმოადგენდა. გარდა ამისა, იმ დროის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შემოვიდა გასახდელში და გვითხრა, რომ თუ ამ შეხვედრას მოვიგებდით გმირები, წაგების შემთხვევაში კი ანტი-გმირები გავხდებოდით. ამ ყველაფრის შემდეგ, მოედანზე არანორმალური მოტივაციის შევედით. მაშინ რუსეთს ძლიერი ნაკრები ჰყავდა, მაგრამ ჩვენ მათზე წინ ფსიქოლოგიურად ვიყავით. შეიძლება წააგო ნებისმიერი შეხვედრა, მაგრამ რუსეთთან მარცხს არავინ გვაპატიებდა. გულშემატკივარმა იმ შეხვედრაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. მართალია, იყო დისკვალიფიკაცია, მაგრამ უეფამ მატჩის დაწყებამდე გადაწყვიტა, რომ ქომაგების ნაწილი სტადიონზე დაეშვა, ისინი ჩვენთვის მეთორმეტე მოთამაშენი იყვნენ. მთელი გუნდი ერთი ორგანიზმი იყო და მოტივაციისა და ერთიანობის წყალობით შევძელით ძლევამოსილი და პრინციპული მეტოქის დამარცხება.
თქვენ ამ მატჩამდე ტრავმა გაწუხებდათ, მაგრამ მაინც ითამაშეთ. რატომ? საქართველოს ნაკრებში მაშინ 7 "დინამოელი" ვთამაშობდით. ნაკრებიც "დინამოს" ბაზაზე ემზადებოდა. პირადად მე ზამთარში ხორვატიაში შეკრების გავლისას მუხლის ტრავმა მივიღე, მაგრამ განსაკუთრებული მოტივაციით ვცდილობდი მოედანზე დაბრუნებას, რადგან ვიცოდი, რომ რუსეთთან უნდა გვეთამაშა. მატჩის წინა დღეს "დინამოს" ბაზაზე ივო შუშაკის ასისტენტმა მომიხმო, შევედი ივოსთან ოთახში და საკმაოდ გულახდილი საუბარი მქონდა. მან მკითხა, შევძლებდი თუ არა თამაშს. უნდოდა, რომ ძირითად შემადგენლობაში დამეწყო. მე ვუთხარი, რომ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არ მინდოდა გუნდი დამეღალატებინა. არ ვიცოდი, მეყოფოდა თუ არა ენერგია მთელი მატჩის სათამაშოდ, ამიტომ ვუთხარი, ხომ არ ჯობია, რომ მეორე ტაიმში ჩავერთო მეთქი, მაგრამ მისგან უარი მივიღე. მისი გათვლა იყო, რომ ფლანგები დაეტვირთა, ეს მისია კი მე და დავით კვირკველიას ჩაგვაბარა. ამიტომაც მითხრა, მირჩევნია 20 წუთი ითამაშო და როცა დაიღლები, მანიშნე და შეგცვლიო. საბოლოოდ, 80 წუთი ვითამაშე, ბოლოს ფლანგზე გარღვევის შემდეგ მივხვდი, რომ ძალა აღარ მყოფნიდა, ხელი ავწიე და შემცვალეს. შუშაკს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, რადგან სანაკრებო გამოცდილების არმქონე და ახალბედა ფეხბურთელები ათამაშა, შემადგენლობაში შოთა არველაძე არ შეიყვანა. მწვრთნელის რანგში როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებებს? მაშინ ეს გადაწყვეტილებები ჩემთვის გასაკვირი და უცნაური იყო, მაგრამ დღეს მწვრთნელის პოზიციიდან ყველაფერს განსხვავებულად ვუყურებ. რა თქმა უნდა, შოთა არველაძე, ჯამარაული, ქინქლაძე, ქეცბაია ჩვენი გუნდის ლიდერები იყვნენ. Მე მქონდა პატივი მეთამაშა შოთას გვერდით და ვთვლი, რომ მისი დონის ფორვარდი საქართველოს არ ჰყოლია და არც ჰყავს. როგორ შეიძლება, რომ მთავარმა მწვრთნელმა მათზე უარი თქვას, უბრალოდ მან ის ფეხბურთელები შეარჩია, რომლებიც რუსეთის ლიგაში თამაშობდნენ და რუსეთის ნაკრების მცველებთან თამაშის გამოცდილება ჰქონდათ. ამიტომაც არჩია აშვეთიას, ასათიანის და დემეტრაძის დაყენება. ამ ჩანაფიქრმა გაამართლა და საბოლოოდ ყველამ ვნახეთ რაც მოხდა...
asatiani-e1539941484718
მატჩის შემდეგ თბილისში განსაკუთრებული ზეიმი იყო. როგორ გაიხსენებთ იმ საღამოს? Შეხვედრის შემდეგ სახლში მივედი. რუსთაველზე ვცხოვრობდი, ძველ მერიასთან ახლოს. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდნენ და მთხოვეს, რომ თავისუფლების მოედანზე გავყოლოდი, სადაც ფეხბურთელები იკრიბებოდნენ. ახლოს ვიყავი და მალევე მივედით, კახა კალაძე დამხვდა. თავისუფლების მოედნიდან თითქმის რუსთაველის მეტრომდე ხალხი იყო შეკრებილი და ფეხბურთელებს ხელში აყვანილს დაგვატარებდნენ. Ასეთი ზეიმი და ამდენი ადამიანის თავყრილობა საფეხბურთო მიზნით მე თბილისში არ მინახავს. დღეს თქვენ დუშეთის "არაგვის" მწვრთნელი ხართ. ეროვნულ ლიგაში სეზონი შეჩერებულია. თქვენი აზრით, სეზონის რა ფორმატით განახლება იქნება უკეთესი? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დავიწყებთ ვარჯიშს. მთავარია, რომ სანამ სეზონი განახლდება, 1 თვე მაინც, გუნდებს ვარჯიშის და ფორმის აღსადგენად მიეცეთ. ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე ვარიანტს ამუშავებენ და კლუბების წარმომადგენლებთან ონლაინ-რეჟიმში განიხილავენ. Გადაწყვეტილება ჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ გაჟღერდა საკმაოდ მისაღები ვერსია, რაც გულისხმობს ჩემპიონატის ორ წრედ ჩატარებას, შემდეგ ზედა და ქვედა ჯგუფების 5-5 გუნდად გაყოფას და კიდევ ორმატჩიან დაპირისპირებებს. ამას რომ თასის რამდენიმე მატჩიც დაემატება, ჯამში გუნდებს 30 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ და ეს ნორმალური ვარიანტი იქნება.

ასევე იხილეთ:  17 წლის წინ: ჩამქრალი შუქი, პოლიტიზირებული ფეხბურთი და გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან

სხვა სტატიები