Belive

ლამპარდი, შირერი და სხვები - კეინმა ერთბაშად ექვს ინგლისელს გადაასწრო 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჰარი კეინი შესანიშნავ ფორმაშია. "ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი კიდევ ერთ კარგ სეზონს ატარებს და სერიოზული რეკორდის დამყარებას უმიზნებს. ახალ სეზონში, ინგლისელმა თავდამსხმელმა როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე 19 მატჩში 16 გოლი გაიტანა, მიმდინარე ევროშესარჩევში კი საუკეთესო ბომბარდირადაც მოგვევლინა. "დეზების" ფორვარდმა ევრო 2020-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 ბურთი შეაგდო და ნაკრებში უკვე 31 გოლი მოუგროვდა. კეინის მორიგი ბენეფისი 14 ნოემბერს, ბოლოსწინა ტურში, მონტენეგროს წინააღმდეგ, "უემბლიზე" გამართული შეხვედრა იყო, რომელშიც "სამმა ლომმა" 7:0 იმარჯვა, ხოლო 26 წლის ფორვარდმა ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მონტენეგროს კარში შეგდებული სამი ბურთით კეინმა ერთბაშად ექვს ფეხბურთელს გადაასწრო და ნაკრების ისტორიულ ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზე აინაცვლა. კეინმა ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც სტივ ბლუმერი, ფრენკ ლამპარდი, ვივიან ვუდვორდი, ტომ ფინი, ალან შირერი და ნეთ ლოფთჰაუსი არიან. თანაც, ეს ყველაფერი არ არის. კეინს ნაკრებში კაპიტნის რანგში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 24. კეინზე წინ, შესაბამისად მაიკლ ოუენი, ჯიმი გრივსი, გარი ლინეკერი, ბობი ჩარლტონი და უეინ რუნი არიან. ამ უკანასკნელის რეკორდამდე კეინს 32 გოლი აკლია, თუმცა ის ჯერ კიდევ 26 წლისაა და სულ მცირე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს.  

სხვა სტატიები