Belive

ლაუტარო მარტინესი: "ბარსელონა წარსულშია"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ინტერის" არგენტინელი შემტევი ლაუტარო მარტინესი გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და აცხადებს, რომ მისი "ბარსელონასთან" ურთიერთობა უკვე წარსულშია. "ინტერის" 23 წლის არგენტინელმა ფორვარდმა არ დამალა, რომ წინა წელს მასა და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კატალონიური გრანდი ლაუტარო მარტინესს ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრებდა, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვეს და ბევრის აზრით დიდი შეცდომაც დაუშვეს. Gazzetta dello Sport-თან საუბრისას ლაუტარომ აღნიშნა:
"სიმართლეა, რომ "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. კონტესთან გულახდილი ვიყავი, მე მას ვუთხარი, რომ მხოლოდ "ინტერზე" ვფიქრობდი და "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები ჩემზე გავლენას არ მოახდენდა". "თუმცა, ახლა უკვე ყველაფერი წარსულშია. "ინტერთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებ. ზუსტად არ ვიცი, ახალი ხელშეკრულების თაობაზე ოფიციალური განცხადება როდის გაკეთდება. მანამდე უბრალოდ ვთამაშობ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ჩემი მომავალი "ინტერშია", ამას უკვე დიდი ხანია ვხედავ. ქალაქ მილანში ყველაფერი მომწონს: გუნდი, გულშემატკივრები, საკვები... აქაურობა მხოლოდ დადებითი გრძნობებით მავსებს".
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში არგენტინელმა შემტევმა 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება "ინტერს", კონტეს გუნდი 23 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 53 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფება და უახლოეს მდევარს - თანაქალაქელ "მილანს" 4 ქულით უსწრებს.    

სხვა სტატიები