Belive

ლე გრე: "დეშამის შემცვლელად პირველ რიგში ზიდანს განვიხილავ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ RTL-თან ინტერვიუში მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დიდიე დეშამი დატოვებს, ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნომერი პირველი კანდიდატი ზიდანი იქნება. დიდიე დეშამის მოქმედი კონტრაქტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამოიწურება და თუ დეშამი ნაკრების დატოვებას გადაწყვეტს, ზიდანი პირველი იქნება, ვისაც ლე გრე დაუკავშირდება.
" ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ზინედინთან, ყოველ შემთხვევაში, პირადულ ჭრილში მაინც. იმ შემთხვევაში, თუ დეშამი ნაკრების დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს და მე კვლავ ამ თანამდებობაზე ვიქნები, ზიდანი იქნება პირველი, ვის ნახვასაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვისურვებდი".
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის ხილვა ნოელ ლე გრეს გარდა თავად დიდიე დეშამსაც სურს, ამის შესახებ დეშამმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.
" მას ყოველთვის ჰქონდა გადამწყვეტი ელემენტი საკუთარ თამაშში, რაც მან გააკეთა, როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა, უბრალოდ შესანიშნავია, რა შეიძლება ითქვას -ზიზუ ზიზუა".
შეგახსენებთ, რომ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მაისურით 108 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (1994-2006წწ.) და 31 გოლის გატანა შეძლო, ამასთან ერთად ლეგენდარული ნახევარმცველი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და  2000 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.    

სხვა სტატიები