Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მაშინ, როცა სახლში დარჩენა არათუ სასურველი, აუცილებელიც კია, ლიტერატურის, ხელოვნების თუ სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლევა. Live.ge ახალ რუბრიკაში იმ ლეგენდარულ მატჩებს შემოგთავაზებთ, რომლის ხელმეორედ ყურებაც ნამდვილად ღირს. ამჯერად, ხუთ გამორჩეულ საფეხბურთო დაპირისპირებას მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გირჩევთ.

მანჩესტერი - ბაიერნი 2:1 (1998/99 ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

ესაა მატჩი, რომელმაც დამარწმუნა, რომ სასწაულები არსებობს და ისინი ფეხბურთში უნდა ვეძებოთ. ესაა ცოცხალი სასწაული, რომელიც მეცნიერულად არ აიხსნება.

არგენტინა - ინგლისი 2:2 (პენ 3:2) (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი)

ეს მატჩი იყო მეტი, ვიდრე ფეხბურთი, აქ იყო ომი ფოლკლენდის კუნძულებისთვის, აქ იყო არგენტინელთა ზიზღი მარგარეტ ტეტჩერის მიმართ, აქ იყო ინგლისელების ვარსკვლავური თაობის გაბრწყინების იმედი, აქ იყო სიბინძურე და დიდებულება, ყველაფერი რაც ფეხბურთს აქცევს თავგადასავლად.

ლივერპული მილანი 3:3 (3:2 პენ.) - (2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

ეს კიდევ ერთი საფეხბურთო ლეგენდაა. მომავალი თაობები ალბათ ვერ წარმოიდგენენ რას განიცდიდნენ ფეხბურთის გულშემატკივრები ამ თამაშის ყურებისას. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ფანი იყავი, რომელი გუნდი გძულდა თუ გიყვარდა, ამ თამაშმა შეცვალა დამოკიდებულება ფეხბურთში შეუძლებლის ცნების მიმართ.

იუნაიტედი - სიტი 4:3 (პრემიერ ლიგა, 2009)

ეს შედარებით მოკრძალებული მატჩია, მაგრამ ინდივიდუალურად უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა ორივე გუნდისთვის და რამდენიმე ფეხბურთელისთვის, განსაკუთრებით კი მაიკლ ოუენისთვის, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ის არ იყო საფეხბურთო ისტორიის შეცდომა.


ბარსელონა - სევილია 5:4 (ევროპის სუპერთასი, 2015)

ეს უფრო სუბიექტურად საინტერესო მატჩია, რადგან მთელი ეს სპექტაკლი თბილისში გაიმართა. უხვგოლიანი მატჩი, რომელმაც ევროპის სუპერთასის მფლობელი გამოავლინა და მაყურებელს ნამდვილი ფოიერვერკი შესთავაზა.

იხილეთ სრული ინტერვიუ: “ფეხბურთს სჭირდება ინტელექტი, ინტელექტს – კითხვა”

სხვა სტატიები