Belive

ლეგენდარული ფეხბურთელების თანამედროვე მოგვარეები

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
მსოფლიო ფეხბურთი მდიდარია ლეგენდარული ფეხბურთელებით. მათ თანამედროვე მოგვარეები ჰყავთ, რომლებიც არათუ ცნობილები, არამედ ყველასთვის უცნობი მოთამაშეები არიან.

ფელიპე პირესი (რობერ პირესი) - თავდამსხმელი

ფელიპე პირესი ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელიც 23 წლის არის და გერმანიის "ბუნდესლიგაში", კერძოდ "ჰოფენჰაიმის" შემადგენლობაში თამაშობს. თამაში ხმამაღალი ნათქვამია. ის იშვიათად ხვდება განაცხადში. მისი პროფესიონალური კარიერა 2014-15 წლების სეზონში დაიწყო. პირესი ავსტრიის მეორე ლიგის გუნდში, "ლიფერინგში" თამაშობდა. ავსტრიულ კლუბში 27 მატჩი ჩაატარა და 11 ბურთი გაიტანა. შემდეგ, 2014-16 წლებში მან "ზალსბურგის" შემადგენლობაში, უკვე ავსტრიის "ბუნდესლიგაში" ითამაშა. სულ ჩაატარა 9 მატჩი და გაიტანა ერთადერთი ბურთი. ავსრიიდან პირესი გერმანიაში წავიდა, კერძოდ მეორე "ბუნდესლიგაში", სადაც საფეხბურთო კლუბ "ფრანკფურტს" შეუერთდა. მან 20 თამაშში ერთი ბურთი გაიტანა. მალევე გადაბარგდა ისევ ავსტრიაში და ვენის "აუსტრიაში" ორი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. ჯამში 66 თამაში ჩაატარა და 11 ბურთი გაიტანა. ახლა არენდით "ჰოფენჰაიმის" ღირსებას იცავს და თამაშის საშუალება არ ეძლევა.

კარემ ნედვედი (პაველ ნედვედი) - ნახევარმცველი

კარემ ნედვედი ეგვიპტელი ფეხბურთელია. მისი ლეგენდარული მოგვარე კი ჩეხი პაველ ნედვედია, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე იცავდა. კარემ ნედვედს მთელი თავისი კარიერა ეგვიპტის "პრემიერლიგაში" აქვს გატარებული. მისი პროფესიონალური კარიერა 2014-15 წლებში "ჰარას ელ ჰოდუდში" დაიწყო. მან მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა. ეს ნახევარმცველისთვის კარგი შედეგია. 2015-16 წლებში "დაეგლაში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა. 2016 წლიდან კი "ალ აჰლიში" ასპარეზობს. ეგვიპტურ კლუბში ნედვედს სულ 5 თამაში აქვს ჩატარებული და 2 ბურთი გატანილი.

მებარაკუ ზიდანი (ზინედინ ზიდანი) - მცველი

მებარაკუ ზიდანი ალჟირელი ფეხბურთელია, რომელიც უკვე 29 წლის არის და გენიალური და ლეგენდარული ზინედინ ზიდანის მოგვარეა. ზიდანი "ალჟერის" მცველია და გუნდში მხოლოდ 1 თამაში აქვს ჩატარებული და იმ მატჩშიც ბურთი გაიტანა. ასეთი მწირია მისი კარიერა.

რესკოს ჯორკაეფი (იური ჯორკაეფი) - ნახევარმცველი

რესკოს ჯორკაეფი ეკვადორელი მოთამაშეა, რომლის მოგვარეც ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფია. რესკოსი სულ 19 წლის არის. ის ეკვადორის უმაღლესი ლიგის კლუბ "კიტოში" თამაშობს. მისი პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. "კიტოს" შემადგენლობაში ჯორკაეფმა 13 მატჩი ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა.

პალი მალდინი (პაოლო მალდინი) - ნახევარმცველი

პალი მალდინი ინდონეზიელი ნახევარმცველია. მისი მოგვარე კი ლეგენდარული ფეხბურთელი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი პაოლო მალდინია. დიდი პაოლოსგან განსხვავებით, პალი ინდონეზიის საუკეთესო მცველიც ვერ არის, თუმცა ამ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში 2016 წლიდან თამაშობს. ის სულ 23 წლისაა. კარიერა კი "შრივიჯაიაში" დაიწყო, სადაც სულ ერთი სეზონი ითამაშა და 7 თამაშში 1 ბურთიც გაიტანა. შემდეგ გადავიდა "ბალიკპაპანში", სადაც 11 თამაშის ჩატარება მოასწრო, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. ახლა კი "ბაიანგკარა იუნაიტედის" ღირსებას იცავს. 6 თამაში ითამაშა ამ სეზონში და ჯერ ბურთი არ გაუტანია.

კიკი ბალაკი (მიხაელ ბალაკი) - მცველი

კაპე ვერდელი ფეხბურთელი, რომლის მოგვარე გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკია. კიკი 28 წლის არის და პორტუგალიის მეორე დივიზიონში თამაშობს. 2014-15 წლებში ის "ფარენშეს" ღირსებას იცავდა. 2015-16 წლებში კი "მაფრას" შემადგენლობაში გადავიდა. "ფარენშეს" მაისურით ბალაკმა სულ 4 მატჩი ჩაატარა და ბურთი ვერ გაიტანა. "მაფრაში" გადასვლის შემდეგ კი მან სულ 5 მატჩი ითამაშა და ერთხელ აიღო მეტოქეთა კარი. წელს ბალაკი თავისუფალი აგენტის სტატუსით "სინტრენსეში" გადაბარგდა.
ეს იმ უცნობი ფეხბურთელების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ცნობილები მხოლოდ იმით გახდნენ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელების მოგვარეები არიან.          

სხვა სტატიები