Belive

L'Equipe | ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობისთვის ემზადება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როდესაც ზინედინ ზიდანმა "მადრიდის რეალი" მეორედ დატოვა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მადრიდულ გრანდში ის აღარ დაბრუნდებოდა. ამ მომენტიდან, 1 თვეზე მეტია გასული, ზიდანის სამომავლო გეგმების შესახებ კი არაფერია ცნობილი - ფრანგი სპეციალისტი ოჯახთან ერთად ისვენებს და ამის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად ანთავსებს. ცნობილი ფრანგული გამოცემის, L'Equipe-ის ცნობით, ზიდანი საკლუბო ფეხბურთზე აღარ ფიქრობს და მისი მომავალი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ალბათობით, დიდიე დეშამი გუნდის სათავეში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იქნება. ამის მიუხედავად, ზიდანი არ ჩქარობს - ცნობილია, რომ მან ინგლისიდან, არაბული ქვეყნებიდან და აზიიდან შემოთავაზებებზე უარი განაცხადა.
"ფეხბურთი ზიდანისთვის ფულთან არ ასოცირდება, მისთვის ყველაფერი გულიდან და ემოციებიდან მოდის. არსებობს 4 გუნდი, რომელიც ზიდანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ბორდო, იუვენტუსი, მადრიდის რეალი და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები", - აღნიშნა ზიდანთან დაახლოებულმა პირმა L'Equipe-თან საუბრისას.
ზიდანისთვის, ამჟამად პრიორიტეტული მის ოჯახთან ყოფნაა - ესპანეთში მუშაობის პერიოდში, იგი მთლიანად გუნდზე იყო გადართული. "რეალის ხელმძღვანელობის პერიოდში, განსაკუთრებით COVID-19-ის პირობებში, ზიდანი თავისი დროის უდიდეს ნაწილს კლუბს უძღვნიდა. იგი ყოველ დილით, 06:00-ზე დგებოდა და საწვრთნელ ბაზაზე 07:30-ზე მიდიოდა, სადაც მთელ დღეს ატარებდა", - ამბობს L'Equipe-ის წყარო. მისივე თქმით, ზიზუ აუღელვებლად დაელოდება იმ მომენტს, როდესაც მას საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გაწვრთნას შეთავაზებენ: "ზიდანი არაფერში ჩარევას არ გეგმავს, გავა დრო და ამისი მომენტი აუცილებლად დადგება", - განაცხადა მან.

სხვა სტატიები