Belive

ლევან ხარაბაძე: "ციურიხი ჩემს მომავალს 1 თვეში გადაწყვეტს"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ციურიხის" ფეხბურთელს, ლევან ხარაბაძეს დიდი ხანია ტრავმა აწუხებს. 20 წლის მარცხენა მცველმა ბოლოს გასული წლის სექტემბერში ითამაშა. Live.ge-სთან საუბრისას ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავის მდგომარეობაზე, ნაკრებსა და მომავალზე გააკეთა კომენტარი.

ტრავმა

საზარდული "ბაზელთან", შვეიცარიის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში დავიზიანე. სამწუხაროდ, ტრავმა გამირთულდა და რეაბილიტაციის პროცესიც დროში ძალიან გაიწელა. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ და გუნდს უახლოეს მომავალში შევუერთდები. შემიძლია ვთქვა, რომ ბელარუსთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოვასწრებ. სამწუხაროდ, ვიქნები თუ არა ამ დროს ფორმაში, არ ვიცი.

ნაკრები

ჩვენს გუნდს ძალიან დიდი შანსი აქვს. ბელარუსი უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი ერთი ნაბიჯი დარჩება იქამდე, რასაც ყველა ველოდებით. რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ორივე თამაშს მოიგებს.

"ციურიხი" და მომავალი

შემოთავაზებები ევროპული გუნდებიდან მაქვს, მაგრამ ამაზე საუბარს მნიშვნელობა არ აქვს, მანამ სანამ უფრო რეალური ვარიანტი არ გამოჩნდება. რაც შეეხება "ციურიხს", გუნდში იჯარის წესით ვთამაშობ და ხელმძღვანელები 1 თვის განმავლობაში მიიღებენ გადაწყვეტილებას, დამიტოვებენ, თუ არა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხარაბაძე "დინამო თბილისის" საკუთრებაა. 20 წლის მცველი "ციურიხმა" არენდით 200 000 ევროს სანაცვლოდ, 2019 წლის დასაწყისში აიყვანა.

სხვა სტატიები