ლევან კობიაშვილი | მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინიციატივით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება.

აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომა. ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ერთობლივი ინიციატივით, უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით”.

“უკრაინელ ხალხს პირველივე დღიდან გამოვუცხადეთ გვერდში დგომა, გვაქვს კომუნიკაცია კოლეგებთან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ცალკეულმა მოთამაშეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა”.

“ფეხბურთი ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეული სპორტია. ეს არ არის მხოლოდ 90 წუთი და ანგარიში. ზუსტად ამას ვადასტურებთ პირველივე დღიდან და მომავალშიც ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების, კოლეგების და უკრაინელი ხალხის გვერდით”.

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): “ფეხბურთელები ძალიან განვიცდით ვითარებას უკრაინაში. გვინდა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება და მოსახლეობაც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც რთული იქნება”.

“იმით რასაც ჩვენ და ფედერაცია ვაკეთებთ, იმედი გვაქვს, რომ მცირედით მაინც შევძლებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას”.

წყარო: gff.ge

ფოტო: facebook.com/GeorgiaGFF

ლევან კობიაშვილი | მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს

სტატიის ავტორი
-