Belive

ლევან ყენია: "საქართველოში გუნდები არსებობისთვის იბრძვიან, ამ რეალობაში, ევროსარბიელზე წარმატება რთულია"

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. 17 წლის ასაკში ნიჭიერი ქართველი გერმანულმა "შალკემ" შეიძინა და ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. სამწუხაროდ, ხშირი ტრავმების გამო, მისი კარიერა ისე ვერ აეწყო როგორც თავად და მის ქომაგს სურდა. შარშან ზაფხულში 29 წლის ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა და "საბურთალოს" მაისურს ირგებს. კორონავირუსის პანდემიის დროს, ყენია გელზენკირხენში იმყოფება, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქართველ ფეხბურთელს გერმანიაში ვესაუბრეთ და განვლილი კარიერის და არსებული რეალობის შესახებ ვკითხეთ. პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ. როგორია მდგომარეობა გერმანიაში და როგორ ახერხებ ვარჯიშს, ფორმის შენარჩუნებას? გმადლობთ, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. უშუალოდ გელზენკირხენში მდგომარეობა სტაბილურია, ადრინდელთან შედარებით გაუმჯობესებულიც კი. აქ ოჯახთან ერთად 17 წლის ასაკიდან ვცხოვრობ. დაწესებულებების ნაწილი ფუნქციონირებს კიდეც, ის ობიექტები, რომლებიც აუცილებელ საჭიროებას ემსახურება, კაფეების, რესტორნების და სხვა გასართობი ადგილების გარდა. პირადად მე, ჩემი ხშირი ტრავმების გამო, ისედაც ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა მქონდა. სახლის პირობებში ფიზიკურად ვვარჯიშობ, მაგრამ ეს ალბათ პროფესიონალური ვარჯიშის 10 პროცენტიც არ არის, რადგანაც არ გვაქვს გუნდური ვარჯიშები, აქტიურად არ ვვარჯიშობთ ბურთით და ა.შ. ადგილობრივი გუნდები ჯგუფებად, დისტანცირებულად ვარჯიშობენ. "შალკეს" შენს კარიერაში უდიდესი როლი აქვს, როგორ გახსენდება ამ გუნდში გატარებული პერიოდი. ბევრი ვარსკვლავის გვერდით გითამაშია, რომელ მათგანთან ურთიერთობას გამოარჩევდი? მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტრავმები აქ მივიღე და აქაურობასთან ბევრი ტკივილი და იმედგაცრუება მაკავშირებს, "შალკე" მაინც კარგად მაგონდება. იყო პერიოდი, როცა სტაბილურად ვთამაშობდი და შედეგიანიც ვიყავი. ცხადია, ლევან კობიაშვილთან, რომლის გამოცდილებაც აქ თავის დამკვიდრებაში დამეხმარა და მასთან დღემდე ვმეგობრობ. რაც შეეხება უცხოელებს, მათგან ზამბრანოს და კურანს გამოვყოფდი. საერთოდ, სამხრეთ ამერიკელებს უფრო ადვილად ვეწყობოდი.
შენი თანაგუნდელი იყო ივან რაკიტიჩი, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. როგორი იყო ის მოედანს მიღმა? ნამდვილი პროფესიონალი. თავიდანვე ძალიან ბევრს შრომობდა. ჰქონდა კარგი ტექნიკა, მშვენიერი საფეხბურთო აზროვნება, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. "შალკედან" წასვლის შემდეგ, მან ეს ყველაფერი კიდევ უფრო განავითარა და დღეს მართლაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რომ არა ტრავმები, შენი კარიერა ალბათ გაცილებით უკეთ განვითარდებოდა... პირველი დიდი ტრავმის შემდეგ, უკრაინაში წავედი, სადაც კარგი პერიოდი მქონდა, მაგრამ შეცდომა დავუშვი - გერმანიაში აღარ უნდა დავბრუნებულიყავი. მეორე ბუნდესლიგის "ფორტუნაში" წავედი. ეს არასწორი ნაბიჯი იყო, რადგან იქ თამაში განსაკუთრებულ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს, ასეთი ტრავმების შემდეგ კი ეს წარმოუდგენელი იყო. ამის მერე იყო ჩეხეთი, კვლავ ორწლიანი უქმობა, შემდეგ "ლოკომოტივი". ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ძნელია, მაგრამ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა და მესამედ გავცოცხლდი. რთულია დაბრუნება. 25 წლის ვიყავი, როცა ბოლო ტრავმა მივიღე, სამი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმს ძალების აღდგენა უჭირს. ამ რესურსით, თუ შეიძლება ითქვას, ჩემი ფორმის პიკში შევდიოდი, თუმცა სეზონი გაჩერდა.
მართლაც, ეს შენი კარიერის მესამე ეტაპია. ჯერ იყო "დუდელანჟი", ახლა "საბურთალო". როგორ გაიხსენებ ლუქსემბურგში გატარებულ პერიოდს და რას იტყვი, როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყნის გუნდმა ევროპის ლიგაში თამაში? ლუქსემბურგში მაშინ ჩავედი, როცა "დუდელანჟის" პროექტი უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო მისული. მთავარი მწვრთნელიც, უმცროსი ტოპმიოლერი კარგი სპეციალისტია. გარდა ამისა, აქვთ კარგი ინფრასტრუქტურა და სპორტული კომპლექსი. ყველა ის პირობა, რაც წარმატებული საფეხბურთო კლუბის შესაქმნელად საჭიროა, მოწესირიგებულია. კლუბის სისტემა გამართულია, კარგი მენეჯმენტი ჰყავს და ბევრს შრომობენ. ასეთი გუნდის შექმნა საქართველოში ძალიან რთულია. გარდა იმისა, რომ კარგი ლეგიონერების ჩამოსაყვანად ფინანსები არ გვიწყობს ხელს, აქ საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან ფეხბურთელების ჩამოყვანა გეოგრაფიის გამო ძალიან ძნელია. ლუქსემბურგი ამ მხრივ იდეალურია. წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ფეხბურთელები იქ წასვლას მარტივად თანხმდებიან, რადგან, ფაქტობრივად სახლიდან დადიან ვარჯიშებზე. შენი ყოფილი თანაგუნდელი სინანი რამდენიმე დღის წინ პრემიერლიგაში გადავიდა და პირველი ლუქსემბურგელი ფეხბურთელი გახდა, ვინც ეს შეძლო. როგორი მოთამაშეა და რა რესურსს ფლობს? ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია ლუქსემბურგში და ზოგადად ძლიერი მონაცემები აქვს. ჩვენ გუნდში ერთმანეთის უშუალო კონკურენტები ვიყავით. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის სიტყვას ინგლისშიც იტყვის.
სამშობლოში დაბრუნება ევროპის ლიგის შესარჩევში გოლით აღნიშნე. თუმცა, თავად გუნდს ფლეი-ოფში გასასვლელად ცოტა დააკლდა, რა იყო ეს ცოტა, გამოუცდელობა თუ სხვა რამ? ორივე გუნდი დაახლოებით ერთი დონისა იყო, თუმცა თუ "არარატის" შემადგენლობას გადავხედავთ, ვნახავთ რომ 12-13 ლეგიონერი ჰყავთ. ალბათ, შეტევაში საჭირო მოთამაშეც დაგვაკლდა, რომელიც გოლს შექმნიდა. ვგულისხმობ გრძელ სათადარიგოთა სკამს, ისეთი ფეხბურთელის ყოლას, რომლის ჩართვა მეორე ტაიმში თამაშს გაამწვავებს, ამას კი უფრო დიდი ფინანსები სჭირდება. იყო გამოუცდელობის ფაქტორიც, უშუალოდ გუნდი და ზოგიერთი ფეხბურთელი ევროტურნირებზე დებიუტანტი იყო. თანაც, როცა გუნდები თითქმის ერთი დონისანი არიან, ყველაფერი შეიძლება ერთ წამში გადაწყდეს, ერთი შეცდომა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდი. რა განსხვავებაა 13 წლის წინანდელ და დღევანდელ საქართველოს ჩემპიონატს შორის? როცა პირველად წავედი, აქ სხვა ფეხბურთი იყო. ინფრასტრუქტურული კუთხით, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. თითქოს ცოტა პროგრესია და გუნდებს ბაზები და სათამაშო მოედნები აქვთ, თუმცა მთლიანობაში საშუალო ევროპულ დონეს მაინც საგრძნობლად ჩამოვუვარდებით. საქართველოსა და ლუქსემბურგს დაახლოებით ერთი დონის ჩემპიონატი აქვს. ცხადია, ყველა გუნდს აქვს ამბიცია და სურვილი, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს. მაგრამ ეს გარკვეულწილად თავის მოტყუებაც კია, რადგან ამისთვის დიდი ფინანსებია საჭირო. გუნდებში მდგომარეობა დალაგებული უნდა იყოს, ფეხბურთელებს არც ხელფასის პრობლემა უნდა აწუხებდეთ და არც სხვა პირობები. ეს პრობლემა ისედაც დგას და მითუმეტეს კორონავირუსის პანდემიის დროს, მოთამაშეების ანაზღაურება 50 და 70 პროცენტითაც კი შემცირდა, ზოგი ხელფასს საერთოდ ვერ იღებს. ასეთ პირობებში ევროსარბიელზე წარმატებაზე საუბარი რთულია, გუნდები რეალურად არსებობისთვის და ხვალინდელ დღემდე მისასვლელად იბრძვიან.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ უშუალოდ "საბურთალოში"? პირადად მე თებერვლის შემდეგ ხელფასის 10-15%-ს ვიღებ, მომავალში კი რა იქნება არ ვიცით. ამაზე ჯერ პასუხი არავის აქვს. საქართველოს დონეზე, "საბურთალო" ძალიან კარგი გუნდია, ყველა ტიტული მოიგო. არის კიდევ რამდენიმე გამორჩეული კლუბი, მაგრამ საერთო ჯამში, დიდ საერთაშორისო ტურნირებზე თამაშს მეტი რესურსი სჭირდება. სანაკრებო გამოცდილებაც გაქვს. შენი აზრით, ბელარუსის ნაკრებს მათთან მიმდინარე ჩემპიონატის ხარჯზე უპირატესობა ხომ არ ექნება? რთული სათქმელია. ჩემი აზრით ეს მატჩი წელს საერთოდ არ უნდა ჩატარდეს, რადგან ფეხბურთელები არ იქნებიან ფორმაში და სპორტული დაპირისპირება აზრს მოკლებული იქნება.

სხვა სტატიები