Belive

ლევან შენგელია: "მამაჩემი ბევრს მავარჯიშებდა, მაშინ დასვენება მერჩივნა, დღეს კი მისი მადლობელი ვარ"

3 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
2019 წელი "დინამო თბილისისთვის" წარმატებული გამოდგა, გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა, ევროტურნირებზე დამაჯერებლად გამოვიდა და კარგი ფეხბურთიც ითამაშა. ამ ყველაფერში, თავისი, საკმაოდ დიდი წვლილი ლევან შენგელიამ შეიტანა, რომელიც შარშან შემოდგომიდან "ქონიასპორში" ირიცხება და უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 24 წლის შემტევმა წინა სეზონის, თურქეთში გადაბარგების და სანაკრებო პერიპეტიების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პირველ რიგში, მინდა თურქეთში, კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე გკითხო. როგორ აისახება ეს ყოველივე საფეხბურთო ცხოვრებაზე? კორონავირუსის მხრივ, თურქეთში უფრო თული ვითარებაა. აქ დაახლოებით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. შაბათ-კვირას ცხადდება სრული კარანტინი და სახლიდან გასვლის უფლება არ გვაქვს. მაშინ კი, როცა კარანტინი მოხსნილია, მივდივართ ბაზაზე და 4-5 კაციანი ჯგუფებით ვვარჯიშობთ. ვცდილობთ, ცოტათი მაინც შევინარჩუნოთ ტონუსი და ფორმა. წინა თვეში, ფედერაციის ხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ივნისისთვის ჩემპიონატი უნდა განახლებულიყო, მაგრამ განვითარებული მოვლენების შემდეგ, კიდევ ერთი შეკრება ჩაინიშნა, რომელიც 3 მაისს შედგება და იქ ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ. როგორია შენი ყოველდღიურობა ამ უჩვეულო პერიოდში? მაშინ, როცა ბაზაზე არ მივდივარ, მთელს დროს სახლში ვატარებ. ძირითადად ვუყურებ ფილმებს და ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს, ასევე მიწევს სამზარეულოში საქმიანობა და კერძების მომზადება.
როგორ შეეგუე თურქეთის ჩემპიონატს? რამდენად მოგწონს სუპერლიგის ხარისხი? ცხადია, ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის ყველას გარკვეული დრო სჭირდება, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე აქ არსებულ გარემოს. თავიდან აქაურ ტემპთამ შეგუება ცოტა მიჭირდა, მაგრამ 1-2 სრული მატჩის ჩატარება დამეხმარა. სუპერლიგა გამორჩეული ჩემპიონატია. ყველა გუნდს ჰყავს გულშემატკივრის დიდი არმია. მინდა გამოვყო აქ არსებული გაშუქების დონე: თურქეთის ჩემპიონატს bein sport-ი აშუქებს, სადაც ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ. მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ფეხბურთელების მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვთ. რა თქმა უნდა, მაღალია კონკურენციაც, რადგან აქ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთაც მაღალ დონეზე, ძლიერ კლუბებსა და ლიგებში უთამაშიათ. მთლიანობაში, თურქეთის საფეხბურთო ლიგა ძალიან მომწონს და მოხარული ვარ აქ თამაშით. თავიდან, სათამაშო დრო ცოტა გქონდა, ახლა კი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდი. რა გზა გაიარე აქამდე? თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას არც მოვედლოდი. 3 დღის ჩამოსული ვიყავი და არ მეგონა თუ განაცხადში მოვხვდებოდი, მაგრამ მწვრთნელმა 20 წუთი მათამაშა. შემდეგ, თითქმის ყველა მატჩში გარკვეულ სათამაშო დროს ვიღებდი, მაგრამ სანაკრებო მატჩების წინ, "სივასპორთან" წითელი ბარათი მივიღე, რამაც რამდენიმე შეხვედრა გამომატოვებინა, შემდეგ კი ეს სათამაშო დროზეც აისახა. "ანკარაგუჩუსთან" გატანილმა გოლმა მეტი თავდაჯერება შემმატა, ამას მწვრთნელის შეცვლაც დაერთო და უკვე ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდი. უშუალოდ "ანკარასთან" გატანილი გოლის გამო უბედნიერესი ვიყავი. ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო, კარგად ვთამაშობდით, მაგრამ გოლის გატანას ვერ ვახერხებდით. ბოლო წუთებში მოედანზე შემიშვეს. შესვლამდე, მწვრთნელმა მითხრა, ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, მაგრამ კარში დარტყმა გვაკლია, დაარტყი და გაიტანეო. შევედი, ორჯერ დავარტყი და ერთი მათგანი ზუსტი აღმოჩნდა. გასახდელში დაბრუნების შემდეგ მწვრთნელს ვეხუმრე, შენ მითხარი ერთხელ დაარტყიო, მე კი ეს ორჯერ გავაკეთე მეთქი, ყველას გაეცინა და გამარჯვება ძალიან მხიარულად ავღნიშნეთ.
"ქონიასპორში" "დინამოდან" მოხვდი. როგორ გაიხსენებ თბილისურ კლუბში გატარებულ პერიოდს? დინამოში გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გამიმართლა, რომ გუნდში "ჩისკო" მოვიდა. მან მე სრული კომფორტი შემიქმნა და მისი ხელმძღვანელობით თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდი. ის მეხმარებოდა გვერდითი ხაზიდან, მე კი მისი ჩანაფიქრების მოედანზე განხორციელებას ვცდილობდი. უშუალოდ გუნდსაც კარგი პერიოდი ჰქონდა: ხანგრძლივი წაუგებელი სერია და კარგი ფეხბურთი, რაც საბოლოოდ "დინამოს" ჩემპიონობაში დაეხმარა. ის წარსულში დიდი ფეხბურთელი იყო, სამწვრთნელო კარიერაში კი პირველ ნაბიჯებს დგამს. როგორია ჩისკოსთან მუშაობის პროცესი? როცა გუნდში ჩისკო მოვიდა, მალევე გამოჩნდა, რომ კარგ ადამიანთან ერთად, პროფესიოანლიც იყო. ამიტომაც, ბიჭები გვერდით დავუდექით. დიახ, იყო რთული მომენტებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად დგომით გამოვიარეთ. ჩისკომაც და ფეხბურთელებმაც, ბევრი რამ იცოდნენ, მაგრამ გარკვეული ასპექტები ერთად ვისწავლეთ. მას ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები, რომლის შესრულებაც თავდაპირველად გვიჭირდა და სწორედ ამიტომ იყო, რომ სეზონი რთულად დავიწყეთ, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ალღო ავუღეთ. ის გარემო, რომელიც გუნდში ჩისკომ შექმნა, ნამდვილად პროფესიონალური იყო, ისეთი, როგორიც, წამყვან საფეხბურთო კლუბებსა და ჩემპიონატებიშია. ის გვეკითხებოდა აზრს ყველა ფეხბურთელს, თუ რა იყო ჩვენი აზრით უკეთესი, რისი შეცვლა შეიძლებოდა და როგორ უნდა ეთამაშა გუნდს სწორად. ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, ვინც ზუსტად იცოდა საქართველოს ჩემპიონატის სათამაშო სტილი და წვრილ-წვრილი დეტალები. მათი ცოდნა ჩისკომ კარგად გამოიყენა და საბოლოოდ გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. ყველაზე სასიამოვნო მაინც გუნდში არსებული სიტუაცია, მეგობრული გარემო და ერთი მიზნისკენ სწრაფვა იყო. ჩისკო საუკეთესო პიროვნებაა, ვისთანაც კარიერის განმავლობაში მიმუშავია.
"ფეიენოორდთან" თამაში დიდი გამოცდილება იყო, გამორჩეულ ჰოლანდიურ გუნდს გოლიც გაუტანე, როგორ გაიხსენებ ამ დაპირისპირებას? ჰოლანდიაში მატჩამდე ძალიან დამუხტულები, მოტივირებულები და შემართულები ვიყავით. კლუბის ყველა წევრი პერსონალიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული ერთ მიზანზე ვიყავით კონცენტრირებული. ყველას გვინდოდა, რომ ჩვენი გულშემატკივრის გული ასეთ ძლიერ მეტოქესთან გაგვეხარებინა. როცა ევროთასებზე თამაშობ, შენს ქვეყანას წარმოადგენ და ჩვენს უკან სრულიად საქართველო იდგა. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, არაფერია იმაზე ძვირფასი, როცა შენი გულშემატკივრის იმედს ამართლებ. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ვთვლი, რომ პირველ შეხვედრაში 0:4 მარცხს არ ვიმსახურებდით, რამდენიმე მომენტი გვქონდა და ამხელა სხვაობით არ უნდა წაგვეგო. გოლი კი, რომელიც "ფეიენოორდს" გავუტანე, ჩემთვის დარჩა კარგ მოგონებად, თორემ მთლიანობაში ვერაფერი შეცვალა.
შარშან იყო სანაკრებო დებიუტიც. როგორი გრძნობაა ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში? შენი ქვეყნის მაისურის მორგება ფეხბურთში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და სიამოვნებაა. ამას ყველაფერს თან ნერვიულობაც ახლავს. ნაკრებში დებიუტი ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობა იყო და ვნერვიულობდი კიდეც. დიდი პასუხიმაგბელობაა, როცა მთელი ქვეყანა გიყურებს და შენ მათი სახელით თამაშობ. საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, ყველას გვიხარია, რომ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ, თუმცა ჯერ საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონეზე, რომ ფეხბურთელები სამშობლოში დარჩნენ. ამიტომაც არის, რომ ნაკრების წევრების უმეტესობა ლეგიონერია. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ამ მხრივ ბევრ რამეს შეცვლის და ქართული ფეხბურთის დონე გაცილებით მაღალი იქნება. ამიტომ, ეს ისტორიული შანსი უნდა გამოვიყენოთ. დიდი იმედი მაქვს, დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმს გავაკეთებთ, იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება და ნანატრ მიზანს მივაღწევთ.
შორი დისტანციიდან მოჭრილი და ზუსტი დარტყმით არაერთი ლამაზი გოლი გაიტანე. ამ კომპონენტზე ცალკე ვარჯიშობ? ჩემი ფეხბურთელად ჩამოყალიბება გუბაზ დოლიძესთან მოხდა. მასთან ვარჯიშისას, კვირაში ერთი დღე მაინც, მხოლოდ დარტყმაზე ვვარჯიშობდი და ეს ამ კომპონენტის დახვეწაში დამეხმარა. ცალკე, მამაჩემი მავარჯიშებდა ძალიან ბევრს, მაშინ ბავშვი ვიყავი და დასვენება მერჩივნა, მაგრამ ის პრაქტიკა დღეს გამომადგა და ამისთვის მამაჩემის მადლობელი ვარ. დაბოლოს, ვინ არის შენს პოზიციაზე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელი? ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემს პოზიციაზე, მოედნის ყველა წერტილში, საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია. იმედი მაქვს კარიერას კიდევ დიდხანს არ დაამთავრებს და არაერთ სასწაულს გვაჩუქებს. არ მგონია, მრავალი წლის განმავლობაში მისი მსგავსი ფეხბურთელი გამოჩნდეს.

სხვა სტატიები