Belive

ლევანდოვსკი | "ცუდი" მასწავლებელი, რომელთანაც ვსაუბროდი ისე, როგორც ვისურვებდი, რომ მესაუბრა მამასთან

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ბუნდესლიგაში გადაბარგების შემდეგ, პოლონელმა ვარსკვლავმა მწვერვალები დაიპყრო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდა. რობერტ ლევანდოვსკის წარმატებაში, ლომის წვლილი იურგენ კლოპმა დაიდო. ლევანდოვსკისა და კლოპის თანამშრომლობა "დორტმუნდში" დაიწყო. "ბაიერნის" ფორვარდი "დორტმუნდში" გატარებულ პერიოდს იხსენებს და იურგენ კლოპის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. ლევანდოვსკის მტკიცებით, კლოპი მისთვის "ცუდი" მასწავლებელი იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პოლონელი ფორვარდი, ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ექცია.
"იურგენი ჩემთვის მხოლოდ მამასავით არ ყოფილა. როგორც მწვრთნელი შეიძლება ითქვას, რომ "ცუდი" მასწავლებელი იყო - ამ სიტყვას მხოლოდ დადებით და საუკეთესო კონტექსტში ვახსენებ." "შევეცდები აგიხსნათ. გაიხსენეთ სკოლის წლები და დაფიქრდით, რომელი მასწავლებელი გახსოვთ? რა თქმა უნდა არ გაგახსენდებათ მასწავლებელი, რომელმაც სკოლაში სიარულის წლები გაგიმარტივათ და თქვენგან არაფერს ითხოვდა. თქვენ მუდმივად გემახსოვრებათ "ცუდი" მასწავლებელი, რომელიც მუდმივად თქვენს გამოწურვას ცდილობდა, მუდმივად ზეწოლას ახდენდა და მუდმივად ცდილობდა თქვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩინებაში დაგხმარებოდათ. სწორედ ასეთი მასწავლებლების ძალისხმევით გახდით უკეთესი." "იურგენი არ მოგცემდა შესაძლებლობას ყოფილიყავი საშუალო დონის მოსწავლე. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენგან საუკეთესო მოსწავლეები შეექმნა." "დორტმუნდში ყოფნისას კლოპმა უამრავი რამ მასწავლა. თავდაპირველად მინდოდა ყველაფერი ძალიან სწრაფად გამეკეთებინა. სწრაფი პასი, ერთი სეხებით პასი და დარტყმა.... იურგენმა სიმშვიდისკენ მომიწოდა და მასწავლა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ბურთს ორჯერ მაინც შევხებოდი. ეს ტაქტიკა ჩემს ბუნებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ძალიან მალე გოლების გატანა დავიწყე."
"მოგვიანებით კლოპმა კვლავ ჩემს აჩქარებაზე დაიწყო ზრუნვა. ერთი შეხება, დარტყმა და გოლი. შეიძლება ითქვას, რომ მან ნელა მოქმედება მასწავლა, რათა უფრო მეტად ავეჩქარებინე. მარტივად ჟღერს, მაგრამ ეს იყო გენიალური სვლა." "თავდაპირველად ამის შესახებ არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვაანალიზებ, რომ იურგენთან ჩემი საუბრები, იმ საუბრებს ჰგავდა, რომელსაც ვისურვებდი, რომ მამასთან მქონოდა", - აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.
"დორტმუნდში" გატარებული 4-წლიანი კარიერის განმავლობაში, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 187 შეხვედრაში 103 გოლის გატანა შეძლო. კიდევ უფრო შთამბეჭდავია "ბაიერნში" გატარებული წლები. 2014 წლიდან, "რეკორდმაისტერის" მაისურით ჩატარებულ 309 მატჩში - პოლონელმა ვარსკვლავმა 269 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები