Belive

ლიდერთა დაპირისპირება ოქროს ლიგაში: დინამოს და ლოკომოტივის საჩემპიონო ბრძოლა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია. 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე, "დინამო თბილისის" აკადემიის საფეხბურთო მოედანზე, ოქროს ლიგის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება შედგება - "დინამო" ლოკომოტივს" უმასპინძლებს. ახალგაზრდული თბილისური დერბი მაღალი ალბათობით სეზონის საუკეთესო გუნდს გაარკვევს. ორივე თბილისური გუნდი წაუგებელია, ოღონდ ლურჯ-თეთრებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული - 6 მოგება და 2 ფრე. რაც შეეხებათ "რკინიგზელებს", მათაც 6-ჯერ იმარჯვეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დაასრულეს. ამრიგად, 10-ტურიანი გათამაშების ცხრილს სათავეში "დინამო" უდგას, რომელსაც 20 ქულა აქვს, იმისთვის კი, რომ პოზიცია 19 ქულის მფლობელ "ლოკომოტივს" არ დაუთმოს, ხვალინდელ შეხვედრაში უცილობლად გამარჯვება სჭირდება. 19-წლამდელთა ჩემპიონატი 3 ჯგუფისგან შედგება. ა,ბ და გ ჯგუფებიდან, სადაც 8-8 გუნდი მონაწილეობს, 2-2 საუკეთესო ოქროს ლიგაში გადადის. შემდეგ, 6 საუკეთესო გუნდი ერთმანეთს პირველობისთვის უპირისპირდება, 10 ტურის შემდეგ კი ჩემპიონი ირკვევა.
მიმდინარე გათამაშებაში მესამე პოზიციაზე გორის "დილას" ახალგაზრდული გუნდი იმყოფება, რომელიც 11 ქულას ფლობს და ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს, ასე რომ ტიტულისთვის მხოლოდ "დინამო" და "ლოკომოტივი" იბრძვიან. მოდით, გადავხედოთ ლიდერთა განვლილ გზას:  "დინამომ" ჩემპიონატი "დილასთან" ფრით (1:1) დაიწყო, მერე ბათუმის "დინამოსთან" და "საბურთალოსთან" დიდი უპირატესობით, თანაც გოლის გაუშვებლად, შესაბამისად 8:0 და 4:0 იმარჯვა, შემდეგ იყო ფრე "ლოკომოტივთან" (1:1) და მიჯრით ოთხი დამაჯერებელი მოგება "დილას" (2:1), "ტორპედოს" (7:0, ბათუმის "დინამოსთან" (3:0) და კვლავ "ტორპედოსთან" (8:0). რაც შეეხება "ლოკოს", მათ "დინამოსთან" ფრემდე 3 დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს, ბათუმელ (4:0), ქუთაისელ (2:1) და გორელ (3:0) მეტოქეებთან. "ლოკომოტივმა" შემდეგ დერბიში მოგება ორჯერ მოახერხა - 3:0 და 4:1 "საბურთალოსთან" და კვლავ დიდი ანგარიშით გამარჯვება "ტორპედოსთან" - 10:1. შეგახსენებთ, წინა სეზონში ჩემპიონობა "ლოკომოტივმა" მოახერხა, რომელმაც 16 ტურის მერე 44 ქულა დააგროვა და "დინამოს" მინიმალური სხვაობით აჯობა. ლიდერთა დაპირისპირება 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.    

სხვა სტატიები