Belive

ლივერპული - პსჟ (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი, სტარტს 18 სექტემბერს აიღებს. ევროპის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე, ფეხბურთის გურმანებს არაერთი გამორჩეული მატჩი ელით. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს "ლივერპული" - "პარი სენ-ჟერმენის" დაპირისპირება იწვევს. C-ჯგუფის ფავორიტებად შერაცხული "ლივერპული" და "პსჟ" გასული სეზონის ყველაზე შედეგიანი გუნდები არიან. ჯამში, ორივე კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე 48 გოლის გატანა შეძლო. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტი ("ლივერპული") მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო გაძლიერდა. მერსისაიდელებმა რამდენიმე გახმაურებული ტრანსფერი განახორციელეს, რის შემდეგაც ინგლისურ გრანდს - ალისონი, ფაბინიო და ნაბი კეიტა შეუერთდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი, მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს. "ლივერპულმა" პრემიერლიგის საწყის 5 ტურში დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა და "ჩელსისთან" ერთად ელიტის სათავეშია მოქცეული. მერსისაიდელთა მსგავსად, პარიზელებიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. საფრანგეთის ლიგა 1-ს, ხუთი ტურის შემდეგ, 15 ქულით "პსჟ" უდგას სათავეში. ტომას ტუხელის შეგირდებმა ხუთ ტურში 17 გოლის გატანა შეძლეს. ინგლისური და ფრანგული გრანდების სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, საფეხბურთო მიმომხილველები ბრწყინვალე მატჩს ვარაუდობენ. შეხვედრას განსაკუთრებულ ინტრიგას სძენს ის ფაქტიც, რომ მატჩი ლეგენდარულ სტადიონზე, "ენფილდზე" გაიმართება. მშობლიურ კედლებში კი მერსისაიდელები ნებისმიერი გრანდის წინააღმდეგ ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ. ოფიციალურ საკლუბო შეხვედრებში, "ლივერპული" და "პსჟ" მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 1997 წელს, UEFA-ს თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, მერსისაიდელებმა საკუთარ მოედანზე 2:0 გაიმარჯვეს, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 0:3 დამარცხდნენ და ფინალში "პსჟ" გავიდა. ინგლისური გუნდების წინააღმდეგ, პარიზელთა სტატისტიკა უარყოფითია. სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირებზე, "პსჟ" 18-ჯერ დაუპირისპირდა ინგლისურ კლუბებს. 18 შეხვედრიდან - 4 "პარი სენ-ჟერმენის" გამარჯვებით, 5 ფრედ, ხოლო 9 მატჩი პარიზელთა მარცხით დასრულდა. საპირისპიროდ, დადებით ბალანსს ინარჩუნებს "ლივერპული". ფრანგული კლუბების წინააღმდეგ გამართული 28 მატჩიდან, 16 "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა. 3 შეხვედრაში გუნდები დაზავდნენ, ხოლო 9 მატჩში ფრანგულმა კლუბებმა გაიმარჯვეს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის, C-ჯგუფის მატჩი ("ლივერპული" - "პსჟ") 18 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები