Belive

ლივერპული Vs. ბარსელონა (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ლივერპული" "ბარსელონას" უმასპინძლებს. პირველი თამაში ესპანეთში 3:0 დასრულდა "ბარსელონას" სასარგებლოდ. ამ შედეგიდან გამომდინარე კატალონიელები ფავორიტად ითვლებიან.

დანაკლისი

დღევანდელ დაპირისპირებაში დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, თუმცა "ლივერპულის" ლაზარეთი უფრო "შთამბეჭდავად" გამოიყურება. მერსესაიდელებს ლიდერები, მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო არ ეყოლებათ. ასევე ტრავმირებულები არიან ნაბი კეიტა და ადამ ლალანა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ვირჯილ ვან დაიკს, თუმცა ჰოლანდიელი განაცხადშია და დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. რაც შეეხება "ბარსელონას", გუნდი უსმან დემბელესა და რაფინიას გარეშე ითამაშებს. სხვა დანაკლისი ესპანელებს არ აქვთ.

რატომ გავა ფინალში "ლივერპული"?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ლივერპული" პირველი თამაშის შედეგისა და დანაკლისის გათვალისწინებით თითქოს განწირულია, თუმცა გუნდს მაინც აქვს ფინალში გასვლის შანსი რამდენიმე ფაქტორის გამო.
  • "ენფილდის" ფაქტორი - "ლივერპული" საკუთარ მოედანზე სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს. საშინაო არენა ნამდვილად საფეხბურთო ტაძარია.
  • ბრძოლისუნარიანობა - "ლივერპული" თავისი ისტორიიდან გამომდინარე ყოველთვის მებრძოლი და შემტევი გუნდი იყო. მერსესაიდელებს ხშირად შემოუტრიალებიათ ჩამორჩენა და ამის ნათელი მაგალითი სტამბოლის 2005 წლის ფინალია, სადაც ტაიმის 3:0 წაგების შემდეგ, "მილანს" მეორე ნახევარში გაუთანაბრა და თერთმეტ მეტრიანების სერიაში დაამარცხა.

რატომ გავა ფინალში "ბარსელონა"?

"ბარსელონა" წყვილში ფავორიტია და ფინალთან ერთ ნაბიჯშია. ბევრი ფაქტორია, რის გამოც "ბლაუგრანა" ფინალში ითამაშებს.
  • ლიონელ მესი - არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც საოცარ ფორმაშია და პირველ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. არგენტინელის ფაქტორი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია.
  • პირველი მატჩი 3:0 - "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ, როდესაც დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე.
  • ერნესტო ვალვერდეს ტაქტიკა - გუნდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" სხვანაირად ათამაშებს. ესპანელი სპეციალისტი პრაგმატულობით გამოირჩევა და ადვილად შეუძლია დაცვითი ტაქტიკის არჩევა. გარდა ამისა, ვალვერდესა და მთლიან გუნდს გასული სეზონის მწარე გამოცდილება აქვს "რომასთან" წაგების.
  • "ლივერპულის" დანაკლისი - მერსესაიდული გრანდის ლიდერების არ ყოფნა, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" შანსია.

გუნდების მიმდინარე მდგომარეობა

"ლივერპული" პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ და მხოლო "სიტის" ფეხის დაცდენის იმედადაა დარჩენილი. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ტურნირის დასრულებამდე მხოლოდ 1 ტურია დარჩენილი. "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა 2 ტურის წინ. ბოლო შეხვედრაში "სელტასთან", მთელმა გუნდმა დაისვენა. "ბლაუგრანას" მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგისკენაა მიმართული. "ლივერპულისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ: "ბარსელონა" 3:0 "ლივერპული" (მიმოხილვა)

სხვა სტატიები