Belive

ლივერპულის აკადემიის აღზრდილები, რომლებმაც იმედები გაამართლეს

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი გვინახავს "ლივერპულის" რიგებში, რომლებსაც გულშემატკივრის გული გაუხარებია და გუნდშიც დიდი სახელი დატოვა. თუმცა, სულ სხვა ემოციაა, როდესაც საკუთარი აკადემიის აღზრდილი გაგიმართლებს იმედებს. მერსისაიდულ კლუბს უამრავი პერსპექტტიული ახალგაზრდა გამოუზრდია, მაგრამ ყველამ ვერ გაამართლა. დღეს მოგიყვებით იმ 10 ფეხბურთელზე, დიდებულ ფეხბურთელზე, რომელიც "ლივერპულის" აკადემიის მიერ არის აღზრდილი.

სტივენ ჯერარდი

"ლივერპულის" ხსენებისას ბევრს სტივი ჯი წარმოუდგება თვალწინ. ინგლისელი ფეხბურთელი "სქაუზერი" რვა წლის ასაკში გახდა და მისი დებიუტი კლუბში 1998 წელს შედგა. 17 წლიანი კარიერის შემდეგ, ჯერარდმა 710 მატჩი ჩაატარა და 185 გოლი გაიტანა. უამრავ ტიტულთან ერთად, მან მთავარი ჯილდო გულშემატკივრის სიყვარულიც დაიმსახურა. წლების შემდეგ, სტივი ისევ დაბრუნდა "ლივერპულში", ამჯერად U18 გუნდის მთავარ მწვრთნელად. დღესდღეობით, ის "ასტონ ვილას" თავკაცია და ფანები იურგენ კლოპის შემცვლელადაც მოიაზრებენ.
a4db7e31ab71857fa99b25a6d39744fa273e17fa

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

ტრენტი კარიერის საწყის წლებში საკმაოდ კარგი ნახევარმცველი იყო, მაგრამ 2016 წლის შემდეგ, როცა "ლივერპულში" მისი დებიუტი შედგა, ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად ჩამოყალიბდა. 23 წლის ასაკში მან შეძლო და საკლუბო დონეზე ყველა დიდი ტიტულის მოგება შეძლო. წლები გავა და მისი სახელი-გვარი ოქროს ასოებით ჩაიწერება კლუბის ისტორიაში.

   რობი ფაულერი

ცოტა ფეხბურთელი თუ უყვართ "ლივერპულის" გულშემატკივრებს ისე, როგორც ფაულერი. რობი დიდ სცენაზე თინეიჯერობისას გამოჩნდა. მისი დებიუტი 1993 წელს ლიგის თასზე შედგა და "ფულემს" პირველივე შეხვედრაში გაუტანა. საპასუხო შეხვდერაში კი, 18 წლის ფაულერმა ლონდონური კლუბის წინააღმდეგ 5 გოლის გატანა შეძლო. მან პროფესიონალური კარიერის საწყის სამ სეზონში 30 გოლი გაიტანა, რაც არაჩეულებრივი შედეგია. ის იყო, არის და ყოველთვის იქნება "ენფილდის" ერთ-ერთი საყვარელი აღზრდილი.

იან კალაგანი

ლივერპულის ყველა დროის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უბრალოდ კარგი ჯენტლმენი. კალაგანმა 1960-დან 1978 წლამდე წითელი მაისური 857-ჯერ მოირგო და დაამყარა რეკორდი, რომლის გაუმჯობესებაც საეჭვოა ვინმემ შეძლოს. მან კარიერა ინგლისის ხუთგზის, ევროპის თასების თასის ორგზის, UEFA-ს თასის ორგზის და FA თასის გამარჯვებულის რანგში დაასრულა. იანი 1975 წელს საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ფილ ტომფსონი

პირველი "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელმაც კაპიტნის რანგში ევროპული ტიტულის მოგება შეძლო. ფილის დებიუტი ბილ შენკლის "ლივერპულში" შედგა. მისი მერსისაიდული კარიერა 1985 წლამდე გაგრძელდა და ამ პერიოდში მან 477-ჯერ ითამაშა. ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფიგურაა.

მაიკლ ოუენი

ელვისებურად სწრაფი და დაუნდობელი შემსრულებელი. ჩესტერში დაბადებული თავდამსხმელი, დღესაც იკავებს მეცხრე ადგილს კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში. მას იან რაშსა და რობი ფაულერზე უკეთესი გოლების სტატისტიკაც კი აქვს. 2004 წელს მისმა "რეალში" წასვლამ გულშემატკივრებს გული ძალიან დასწყვიტა. წლების შემდეგ, მაიკლი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოუენს ვეღარასდროს გაიხსენებენ "სქაუზერები" ისეთივე სიყვარულით, როგორითაც კარიერის საწყის წლებში იხსენებდნენ.

ჯეიმი კარაგერი

კარაგერი, კალაგანის შემდეგ მეორე ადგილზეა ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით. 17 წლის განმავლობაში, ჯეიმიმ წითელი მაისური 737-ჯერ მოირგო. კარიერის განმავლობაში კარაგერმა ბევრჯერ შეიცვალა პოზიცია, თუმცა, ყველას თავი ბენიტესის გუნდის დაცვის ლიდერად დაამახსოვრა. მას დიდი წვლილი მიუძღვის 2005 წლის სეზონის ტრიუმფით დასრულებაში. მან კარიერა 2013 წელს დაასრულა და მისი კარიერის განმავლობაში, გულშემატკივარს უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა.

ტომი სმითი

"ენფილდის რკინა" კლუბისთვის ლეგენდარული გოლის ავტორია. "ლივერპულმა" 12 წლიანი პაუზის შემდეგ,  შეძლო და ევროპული ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც სმითმა "მიუნხენგლადბახს" გაუტანა. ტომის გუნდში 639 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ყველა დროის მერვე საუკეთესო შედეგია.

სტივ მაკმანამანი

ის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ ითვლება. მაკმანამანის დებიუტი კენი დალგლიშის დროს შედგა, თუმცა, გუნდის ლიდერად გრემ სუონესის პერიოდში ჩამოყალიბდა. მისი და ფაულერის ურთიერთობა, მოედანს გარეთ, საკმაოდ კარგი იყო და ურთიერთგაგება მოედანზეც იგრძნობოდა. დამანგრეველ ფორვარდს საგოლე მომენტებს, სწორედ სტივი უქმნიდა. საბოლოოდ, მაკმანამანი 1999 წელს "რეალში" გაემგზავრა და ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

რონი მორანი

შეუძლებელია ამ სიაში არ მოხვედრილიყო ადამიანი, რომლის მეტსახელიც "მისტერ ლივერპულია". ბუტლში დაბადებული მორანის დებიუტი 1952 წელს შედგა. ის საკმარისად კარგი ფეხბურთელი იყო იმისთვის, რომ კლუბში 379 მატჩი ჩაეტარებინა. თუმცა, მან გულშემატკივარს თავი უფრო მთავარი მწვრთნელის რანგში დაამახსოვრა. რონი თავისი საოცარი დისციპლინით იყო ცნობილი. მას სძულდა "დიდი" სახელები და ფეხბურთელებს ყოველთვის თავმდაბლობას, შრომისმოყვარეობასა და თავგანწირვას ასწავლიდა. "ენფილდზე" უამრავ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ მორანი, ალბათ, ყველაზე დიდი ლივერპულელია მათ შორის.

სხვა სტატიები