Belive

ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპი შესაძლოა სტივენ ჯერარდმა შეცვალოს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპული" რბილად, რომ ვთქვათ, დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 4 შეხვედრა ზედიზედ წააგო და პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ "წითლებმა" ტიტულის დაცვა შეძლონ. მიუხედავად პრემიერ ლიგაში წარუმატებელი ასპარეზობისა, გერმანელ სპეციალისტს "ლივერპულის" გულშემატკივრები მხარს უჭერენ და სჯერათ, რომ გუნდი კვლავინდებურად შეძლებს დამაჯერებელი თამაშის ჩვენებას.
"წითლების" ბოლოდროინდელი შედგებიდან გამომდინარე არაერთი ჭორი გავრცელდა, რომ შესაძლოა კლოპმა გუნდი უახლოეს მომავალში დატოვოს, თუმცა ეს მხოლოდ ჭორებია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ცნობები ჯერჯერობით არ დადასტურებულა, The Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელებს კლოპის მომავალთან დაკავშირებით ეჭვი ეპარებათ და მის შემცვლელად პირველ რიგში "ლივერპულის" ლეგენდარულ კაპიტანს სტივენ ჯერარდს განიხილავენ. 40 წლის ინგლისელი სპეციალისტი ამჟამად "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს და მშვენივრადაც მუშაობს. მისი გუნდი შოტლანდიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევრას 15 ქულით უსწრებს. სტივენ ჯერერდის გუნდი ასევე ევროპა ლიგის მერვედფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე "სლავია პრაღა" იქნება. The Mirror-ის მტკიცებით დიდი ალბათობით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოაჰიმ ლიოვს ჩაანაცვლებს. ეს უკანასკნელი "ბუნდესნაკრებს" 2006 წლიდან ხელმძღვანელობს. გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია კი სწორედ კლოპს განიხილავს ლიოვის შემცვლელად. იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს. იმ შემთხვევაში, თუ გერმანელები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მიაღწევენ, სავარაუდოდ ლიოვს დაკავაებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. The Mirror-ის მტკიცებით კლოპს გერმანიის ნაკრების შემოთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება და სწორედ ამიტომ "ლივერპულის" ხელმძღვანელები ყურადღებით აკვირდებიან სტივენ ჯერარდის მუშაობას. თუ გავითვალისწინებთ ჯერარდის დამსახურებებს "ლივერპულის" წინაშე და მის წარმატებულ სამწვრთნელო კარიერას "რეინჯერსში" ერთი შეხედვით, "ლივერპულის" ლეგენდარული კაპიტანი კლოპის ჩანცვლების იდეალური ვარიანტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "წითლების" მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ კლოპია და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ვარაუდია. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" 25 ჩატარებულ შეხვედრაში 40 ქულის აღება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები