Belive

"ლივერპულმა" VAR-ის საკამათო გადაწყვეტილების გამო ვერ მოიგო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ერთმანეთს "ევერტონი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. შეხვედრამ მოლოდინი ნამდვილად გაამართლა, გუნდებს შორის დაძაბული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. დაპირისპირებაში ანგარიში მე-3 წუთზე სადიო მანემ გახსნა, სენეგალელის გოლს "ევერტონის" მხრიდან მე-19 წუთზე მაიკლ კინმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის მე-2 ტაიმში "ლივერპული" მოჰამედ სალაჰმა 72-ე წუთზე კვლავ დააწინაურა, თუმცა დომინიკ კალვერტ-ლუინმა 81-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 93-ე წუთზე "ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა "ევერტონის" კარში მე-3 გოლი გაიტანა და თითქოს ლივერპულს გამარჯვება და 3 ქულაც მოუტანა, თუმცა შეხვედრაში "ევერტონს" ქულა VAR-მა გადაურჩინა. მას შემდეგ, რაც გოლის ეპიზოდი გადაამოწმეს, VAR-ის გადაწყვეტილებით სადიო მანე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა გოლი გააუქმა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ VAR-ის გადაწყვეტილება საკმაოდ საკამათოა, რადგან ტიაგოს გადაცემის შემდეგ ძალიან რთულია იმის თქმა, რომ მანე თამაშგარე მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას "ლივერპულის" გულშემტაკივრების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ბევრი მათგანის აზრით VAR-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილოა.


 
გამოდის, რომ პრემიერ ლიგის ამ სეზონის პირველი მერსისაიდული დერბი ფრედ 2:2 დასრულდა, ამ შედეგით "ევერტონი" პირველ ადგილს კვლავ ინარჩუნებს.

სხვა სტატიები