Belive

ლოჩოშვილი | მიწვევები მქონდა, მაგრამ ერთი სეზონი ავსტრიაში დარჩენა ვამჯობინე

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლუკა ლოჩოშვილმა განაცხადა, რომ სეზონის დაწყებამდე მიწვევები ჰქონდა. მაგრამ ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერის“ 23 წლის ქართველი მცველი არც გუნდმა გაუშვა და წასვლა თავადაც არ ისურვა.
„ავსტრიის ბუნდესლიგა კარგი ტრამპლინია. თამაშებსაც ბევრი მენეჯერი ესწრება. წინა სეზონზე ბევრი კარგი თამაში ჩავატარე და დაინტერესება იყო. გუნდს ვერ დავასახელებ, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატის გუნდი მიწვევდა. რატომ არ გადავედი? არც გუნდმა გამიშვა და თავადაც დარჩენა ვამჯობინე. ახლა მეორე ადგილზე ვართ, ისევ ევროსაგზურისთვის ვიბრძვით და ეს მომენტი საჩვენოდ თამაშობს. ათასი თვალი გვიყურებს“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
ვოლფსბერგერის“ 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა ამის მიზეზები განმარტა.
„უკეთეს ლიგაში თამაში მინდოდა, მაგრამ მივიჩნიე, რომ ავსტრიაში კიდევ ერთი სეზონის შემდეგ უფრო გავიზრდები, მეტ გამოცდილებას მივიღებ და წასვლა ამის შემდეგ აჯობებს. ავსტრიის ჩემპიონატში შეუმჩნეველი არ დარჩები. გერმანიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან ბევრი მენეჯერი დადის. „ვოლფსბერგერი“ ის გუნდია, სადაც უფრო ძლიერ ლიგაში სათამაშოდ შეიძლება მოემზადო. მთავარია იშრომო და კარგი ვარიანტი გამოჩნდება“.
ლუკა ლოჩოშვილის თქმით, მისი მიზანი ძლიერ ჩემპიონატში მოხვედრაა.
„დიდ ფულსა და კარგ გუნდს შორის რომ იყოს არჩევანი, არც დავფიქრდები, უკეთეს გუნდს და ლიგას ვამჯობინებ, რადგან ჩემს კარიერას ეს უფრო წაადგება. ავსტრიის შემდეგ კი, ახალგაზრდა კაცი უფრო ძლიერ ლიგაში თამაშზე უნდა ფიქრობდე“.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი „ვოლფსბერგერის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და „სოფა სქორმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო, მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები