Belive

ლოკომოტივი 1:0 ბარსელონა U19 - სად არიან ისინი ახლა?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2014 წელს ვასილ მაისურაძემ სამწვრთნელო კარიერაში მორიგი შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის "ლოკომოტივმა" "ბარსელონას" 19-წლამდე გუნდი მინიმალური ანგარიშით, 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი დავით ჯიქია გახლდათ. საინტერესოა, თუ როგორ განვითარდა იმ ფეხბურთელების კარიერა, რომლებმაც მსოფლიოში გამორჩეული აკადემიის მქონე გუნდი დაამარცხეს. მეკარე ბაჩო მიქავა ახლა "ზესტაფონის" ფეხბურთელია. 26 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა დროს საქართველოს ქვედა ლიგებში თამაშობდა. მარჯვენა მცველი, დავით მთივლიშვილი "ბახმაროში" თამაშობს, რომელიც ახლა ეროვნულ ლიგა 3-შია. მას უმაღლეს ლიგაში 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ცენტრალური მცველი, ნიკა ჭანტურია ისევ "ლოკომოტივშია". ის თბილისური კლუბის შეუცვლელი ფიგურაა. ჭანტურიას მეწყვილემ, ნიკა სანდოხაძემ "ლოკოს" შემდეგ 3 წელი "სამტრედიაში" გაატარა, საიდანაც უკრაინაში, "კარპატიში" წავიდა. ნიკა ახლა "დინამო თბილისშია". ასევე არსად წასულა მარცხენა მცველი, დავით უბილავა, რომელიც გუნდის კაპიტანია. "ლოკოს" უკანახაზელი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეულია. ნახევარმცველ გიორგი გოროზიას ნორვეგიის, აზერბაიჯანის, მალტასა და ფინეთის ჩემპიონატებში უთამაშია, 2-ჯერ დაბრუნდა "ლოკომოტივში", ახლა კი უგუნდოდაა. 25 წლის ლუკა კიკაბიძე ახლა "ჩიხურაში" თამაშობს. ნახევარმცველი ფრანგულ "ბასტიაში" იყო წასული, საიდანაც  2 წელში უკან დაბრუნდა. შემტევი მამია გავაშელიშვილი კვლავ "ლოკომოტივშია". თბილისელთა ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში შესანიშნავად თამაშობდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა. საბედნიეროდ, მამიამ ავადმყოფობა დაამარცხა და ახლა ფეხბურთს უბრუნდება. გოლის ავტორი, დავით ჯიქია ეროვნული ლიგის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, წლის დასაწყისში კი ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძემ ცვლილებიდან თამაშში ჩართო გიორგი არაბიძე (ნასიონალი, განათხოვრებულია ადანასპორში) და ლუკა ზარანდია (ვარეგემი, განათხოვრებულია ტობოლში). ორივე მათგანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. რა თქმა უნდა, "ბარსელონას" რიგებშიც არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა კარიერაც კარგად არ განვითარდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს კატალონიელთა მაშინდელი მეკარე, ონანა, რომელიც ახლა "აიაქსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ასევე გამოსარჩევია "ბენფიკას" მცველი, ალეხანდრო გრიმალდო, რომელიც უმაღლესი კლასის მოთამაშედ ყალიბდება. "ბარსელონას" სრული შემადგენლობა: ონანა, სეგურა, გოდსვილი, კვინტილა, გრიმალდო, ხუან ანტონიო, ლი, კაპტუმი, გოდოი, ალექსი, ებველე

იხილეთ ჯიქიას გოლი: 

სხვა სტატიები