Belive

ლუჩიანო სპალეტი: "სალერნოში მძიმე მატჩი გველოდება, მაგრამ ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "სალერნიტანას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და მათ შორის ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. 63 წლის სპეციალისტის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია გრიპის გამო 21 იანვარს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და განაცხადში არ იქნება.

"კვარაცხელია სალერნოში არ მოდის, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ის სახლში დარჩება, რადგან მას დღეს სიცხე ჰქონდა და ჯობია დაისვენოს, რისკს თავი ავარიდოთ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს.

რაც შეეხება სალერნოში გასამართ შეხვედრას, მიხარია რომ ისევ ვნახავ დავიდე ნიკოლას, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს იქნება მძიმე მატჩი, რომელიც მხურვალე ატმოსფეროს მქონე სტადიონზე გაიმართება. მეტოქე მოედანზე მტკიცედ გამოვა და ამისთვის გონებრივად მზად უნდა ვიყოთ და დაბალანსებულად ვითამაშოთ.

"იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ ენერგია უნდა შევინარჩუნოთ და ფხიზლად ვიყოთ. როცა დიდი გუნდი ხარ ფეხბურთელების შეცვლის შესაძლებლობა ყოველთვის უნდა გქონდეს. მოდუნების საშუალება არ გვაქვს.

ელიფ ელმასის თამაშით კმაყოფილი ვარ. მან ბოლოს დროს ძალიან მოუმატა. ის აუცილებლად იქნება მოედანზე.

ასევე, ვფიქრობ, უფრო მეტს უნდა ველოდოთ რასპადორისგან, რომელიც როგორც პოზიციურად, ისე ტექნიკურად შესანიშნავი მოთამაშეა და ვარჯიშის დროს მაქსიმალურად იხარჯება.

დე ლაურენტისთან ჩემი კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ლიდერები ვართ და ამ პოზიციის შენარჩუნება ბოლომდე გვსურს. სწორედ ამიტომ, არ ვფიქრობთ კონტრაქტებზე და სხვა რამეებზე, რადგან წინ დიდი გზა გვაქვს და მხოლოდ მიზანზე უნდა ვკონცენტრირდეთ", - თქვა 63 წლის სპეციალისტმა.

ნეაპოლელები სერია A-ს 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 47 ქულით და უახლოეს მდევარ “მილანთან” 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალურ ეტაპზე არიან გასულები და ფრანკფურტის “აინტრახტს” დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები