Belive

ლუის ენრიკეს განმარტება: ითამაშებს თუ არა სერხიო რამოსი საქართველოსთან მატჩში?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მომავალი მეტოქის, ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, გუნდის კაპიტნის, სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა. "ფურია როხას" გამოცდილი ცენტრალური მცველი, საბერძნეთთან, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1), მეორე ნახევრის დასაწყისში შეცვალეს.
"თავისი კლუბის ბოლო მატჩში, სერხიო რამოსს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ის ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს. ჩვენ წინასწარ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ის მხოლოდ პირველ ტაიმს ითამაშებდა და თავს მშვენივრად გრძნობს. შემდეგ შეხვედრებში მისი გამოყენების შესაძლებლობა თავისუფლად გვექნება", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
მადრიდის "რეალის" 35 წლის კაპიტანს საქართველოს წინააღმდეგ სამ შეხვედრაში აქვს ნათამაშები. ოფიციალურ მატჩებში, რომლებიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართა, ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და მისმა გუნდმა ორივე მათგანი გამარჯვებით დაასრულა, 2015 წელს, მადრიდში, "კოლიზეუმ ალფონსო პერესზე" გამართულ ამხანაგურ დაპირისპირებაში კი, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, ორგზის მსოფლიოსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონმა ფეხბურთელმა მოედანზე 45 წუთი გაატარა. მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები