Belive

ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ისტორიაში შევიდა | იხილეთ თანაგუნდელების ოვაციები

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის საფეხბურთო ისტორიაში მორიგი ფურცელი ჩაწერა: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ხორვატმა ნახევარმცველმა სანაკრებო მაისური 135-ჯერ მოირგო და დარიო სრნას რეკორდი გააუმჯობესა (134). კვიპროსის ეროვნული ნაკრების დამარცხების შემდეგ (1:0), მოდრიჩს ხორვატიის ეროვნული ნაკრების წევრებმა მხურვალე ოვაციები მოუწყვეს - ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა ემოციების შეკავება ვერ შეძლო.

იხილეთ ვიდეო


ლუკა მოდრიჩის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ზლატკო კრანჩარის ხელმძღვანელობის დროს, 2006 წლის 1 მარტს შედგა. მას შემდეგ ჩატარებულ 135 მატჩში, ხორვატმა 16 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მოდრიჩს 3 მსოფლიო ჩემპიონატსა და 3 ევროპის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. სანაკრებო დონეზე, მის უდიდეს მიღწევას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაში წარმოადგენს - ხორვატთა წარმატებაში, მოდრიჩმა ლომის წვლილი შეიტანა. იმავე წელს, ლუკა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რითაც მესი-რონალდუს 10-წლიანი ჰეგემონია დაასრულა. 35 წლის ასაკში, ლუკა მოდრიჩი "მადრიდის რეალის" ბირთვის შეუცვლელი წევრია: მიმდინარე სეზონში, მოდრიჩი "რეალის" მაისურით მოედანზე 36-ჯერ გამოვიდა (შეცვლაზე მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა). მისივე სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 35 წლისაა, იგი თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობს და მეტი სიმაღლეების დაპყრობა სურს.

სხვა სტატიები