Belive

"ლურჯ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა" | ნაპოლის ვებგვერდი კვარაცხელიას შესახებ წერს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გაიბრწყინა: სერია A-ს მეორე ტურში, "მონცას" წინააღმდეგ, ქართველმა ტალანტმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი გამართა და დუბლის შესრულება შეძლო. თანაც, რა გოლები გაიტანა? - ესთეტიკურ ფეხბურთს ჩვეული "ნაპოლის" ქომაგი მასზე უკვე შეყვარებულია. მეტიც, 2 მატჩში გატანილი 3 გოლით, კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში. იტალიაში კვარაცხელიათი აღფრთოვანებას ვერ მალავენ. კომენტარებში წერენ, რომ დღეიდან, პიცას ხაჭაპური ურჩევნიათ და კვარას ოქროს ბურთის მოგებას უწინასწარმეტყველებენ, "მონცას" მწვრთნელი ხვიჩას "მაგიას" უწოდებს, ლუჩანო სპალეტის შეფასებით კი, "კვარა პროფესიონალია, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რა უნდა მისცეს "ნაპოლის" მომთხოვნ ქომაგს". La Gazzetta dello Sport წერს, რომ "ნეაპოლში" კვარა-მანია დაიწყო. ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" შემტევ დუეტს (კვარაცხელია-ოსიმენი) პოსტერიც მიუძღვნა, რომლის მთავარი ობიექტი ქართველი ტალანტია.
"ვარსკვლავი დაიბადა", - წერს "ნაპოლის"ოფიციალური ვებგვერდი მხატვრულად გაფორმებულ ტექსტში. ვკითხულობთ, რომ კვარა "ნეაპოლის" ლურჯ ცაზე ბრწყინავს - ფეხბურთელი, რომლის უზადო, აბრეშუმივით მსუბუქი დარტყმა და ზუსტი ცაცია გუნდის გულშემატკივრის გულს კუპიდონის ისარივით მოხვდა.
"კვარა ოქროს ბიჭუნაა, რომელსაც ცივი თვალები და კრისტალური ტალანტი აქვს. უწოდეთ "ქართველი", ან უბრალოდ, "ფენომენი". მისთვის, დღევანდელი დღე დიეგო მარადონას სტადიონზე პირველი დიდების საღამოა. ისტორია დაწერილია, ლურჯ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა"...

კვარას გოლები

იქნებ გოლები ნანახი არ გქონდეთ, ან რატომაც არა, კიდევ ერთხელ სანახავია - დატკბით კვარას უზადო შესრულებით.
კვარაცხელიას პერფორმანსს გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი და "ჰალის" მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე, რომელმაც ფონდის სახელით, ახალი პროექტი დააანონსა.
შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს "ნაპოლი" 28 აგვისტოს, "ფიორენტინასთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები