Belive

"მადლობა ყველას" - რონალდუს ვრცელი განცხადება სეზონის დასრულების შემდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსში" ჩატარებული არც თუ ისე წარმატებული სეზონის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა. 36 წლის პორტუგალიელმა თავის იტალიურ კარიერაზე ისაუბრა. გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა კრიშტიანუს ეს სიტყვები გამოსამშვიდობებელ წერილადაც აღიქვა.

"ტოპ ფეხბურთელების ცხოვრება და კარიერა შედგება კარგი მომენტებითა და ჩავარდნებით. წლიდან წლამდე, ჩვენ ვეთამაშებით ფანტასტიკურ გუნდებს, დიდებული ფეხბურთელებითა და ამბიციური მიზნებით. შესაბამისად, გვიწევს, რომ ყოველთვის საუკეთესო გავიღოთ, რათა მაღალი დონე შევინარჩუნოთ. ამ წელს ვერ სერია A ვერ მოვიგეთ, ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას "ინტერს". მაგრამ, უნდა დავაფასო ის ყველაფერი, რასაც სეზონში "იუვენტუსთან" ერთად მივაღწიე როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად. იტალიის სუპერთასი, იტალიის თასი და სერია A-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულები ბედნიერებით მავსებს, იმიტომ, რომ ის მოვიპოვე ქვეყანაში, სადაც არაფრის მოგება არ არის მარტივი. ამ შედეგებით მე მივაღწიე მიზანს, რომელიც საკუთარ თავს იტალიაში ჩამოსვლის პირველივე დღეს დავუსახე. ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგება, ასევე საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზი ამ დიდებულ საფეხბურთო ქვეყანაში, საოცარი ფეხბურთელებით, გიგანტური კლუბებითა და ძალიან სახასიათო კულტურით. როგორც ვთქვი, არ მივსდევ რეკორდებს, რეკორდები თავად მომსდევს მე. მათთვის, ვინც ვერ ხვდება რას ვამბობ, ეს ძალიან მარტივია: ფეხბურთი კოლექტიური თამაშია, მაგრამ სწორედ ინდივიდიალური თამაშები ეხმარება ჩვენს გუნდებს დასახული მიზნების მიღწევაში. ასე რომ, ძალიან ამაყი ვარ მიღწევებით: ჩემპიონი ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში, თასის გამარჯვებული ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში; სუპერთასის გამარჯვებული ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში; საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში: 100 გოლზე მეტი ინგლისშიც, ესპანეთსა და იტალიაშიც. ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ვიცი, რომ სადაც ვითამაშე, ყველგან ჩემი კვალი დავტოვე. მივანიჭე სიამოვნება იმ ფანებს, რომელთა გუნდებშიც ვთამაშობდი. ეს არის ის, რისთვისაც ვშრომობ და ბოლო დღემდე ამისკენ ვისწრაფი მადლობა ყველას, ვინც ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ ერთად ვართ ," - წერს რონალდუ.

სხვა სტატიები