"მადლობა შესაძლებლობის მოცემისთვის" - ლოპეტეგიმ გათავისუფლების შემდეგ განცხადება გააკეთა
5 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
- მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, "რეალთან" ფარული შეთანხმების გამო ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მის შემცვლელად "რეალის" ლეგენდა, ფერნანდო იერო დაინიშნა, რომელმაც მცირე დროში გუნდის სათანადოდ მობილიზება ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრები ტურნირს რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, იერო მწვავედ არავის გაუკრიტიკებია, რადგან ესპანეთის მარცხის მთავარი მიზეზი ლოპეტეგის არჩევანი და აღნიშნულთან დაკავშირებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება იყო.
- მადრიდის "რეალმა" მთავარ მეტოქესთან, კატალონიის "ბარსელონასთან" მორიგი სამარცხვინო მატჩი გამართა (5:1). ფეხბურთის გულშემაკტივრებს კარგად ახსოვთ რეალის რამდენიმე "შავი ლაქა" (6:2, 5:0, 4:0), რასაც კიდევ ერთი ისტორიული შეხვედრა დაემატა. ცხადია, რომ გუნდი, რომელშიც ოქროს ბურთზე ნომინირებული 8 ფეხბურთელი თამაშობს, რომელმაც თითქმის უცვლელი შემადგენლობით ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, პრინციპულ მეტოქესთან 4-ბურთიანი სხვაობით არ უნდა აგებდეს.
- დაბოლოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად ხულენ ლოპეტეგის კარიერა: ესპანელი სპეციალისტის კარიერა ძალიან კარგად ვითარდებოდა, მან "პორტოში" მოღვაწეობის შემდეგ ესპანეთის ნაკრები ჩაიბარა და შესანიშნავი, დაბალანსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. ლოპეტეგიმ ვერც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ვერც "რეალში" გაამართლა და მისი საბედისწერო ნაბიჯიდან გამომდინარე, შესაძლოა უმაღლესი დონის გუნდი მომავალში ვეღარც ჩაიბაროს.