Belive

მადრიდის ორი სიამაყე | რაფაელ ნადალი და მადრიდის რეალი

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე რაფაელ ნადალი ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებულადაა შეყვარებული.  ესპანელი მატადორი მადრიდული გრანდის - "რეალის" ქომაგია. მაშინ, როდესაც ნადალის ასპარეზობა "ბლანკოსის" თამაშებს არ ემთხვევა, მეტწილად მას სანტიაგო ბერნაბეუზე იხილავთ - მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა და ბუნებრივია, კამერების ობიექტივს მიღმა ეს ამბავი თითქმის არასოდეს დარჩენილა.

რაფაელ ნადალი 21-გზის დიდი სლემების ტრიუმფატორია, რომელსაც მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად ჯამში 209 კვირა აქვს გატარებული. საფეხბურთო აუდიტორიას მისი სტადიონზე ხილვა განსაკუთრებით უყვარს. 4 მაისს, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი იმართებოდა, სადაც "რეალი" სანტიაგო ბერნაბეუზე "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობდა. ამავდროულად, მადრიდში მასტერსის ტიპის საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც რაფაელ ნადალიც იღებს მონაწილეობას.

ნადალის შეხვედრა მადრიდის მასტერსზე "რეალისა" და "სიტის" მატჩს ემთხვეოდა, რის გამოც მან ორგანიზატორებს სპეციალური თხოვნით მიმართა, რომ შეხვედრა ადრეულ საათებში გადმოეწიათ, მოტივი კი საფეხბურთო მატჩზე დასწრების სურვილი იყო. ჩოგბურთელის თხოვნა დააკმაყოფილეს. 
მატადორი სანტიაგო ბერნაბეუზე ბრწყინვალე მატჩს დაესწრო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მადრიდული გუნდის სიდიადე. "რეალის" ფეხბურთელებმა შეხვედრის ბოლო წუთებში 2-ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც ბენზემას მიერ შესრულებული უზუსტესი 11-მეტრიანის წყალობით, მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.
"რეალისა" და "სიტის" შეხვედრის მეორე დღეს, ნადალმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა | VIDEO

"დიახ, გუშინ დაუვიწყარი ღამე იყო. სულისკვეთება, რომელიც მადრიდის რეალს აქვს, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩემთვის ეს ყველაფერი ინსპირაციის წყაროა. სხვათა შორის მეც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ზუსტად ასე ვიბრძვი", - განაცხადა რაფამ.
ესპანურ პრესაში ნადალის შესახებ ძალიან ბევრი რამ იწერება. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ისედაც საყვარელი ფიგურა კიდევ უფრო დიდი ბრწყინვალებით გაამდიდრა. ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ მადრიდის მასტერსის ცენტრალური კორტი რაფაელ ნადალის სახელობის უნდა გამხდარიყო, თუმცა ესპანელმა ჩოგბურთელმა, ეს ყველაფერი თავადვე არ მოინდომა - კარიერის დასრულებამდე ასეთი განდიდების მომხრე არ გახლდათ - ეს იყო მოტივი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნადალისა და რეალის გზები დიდი ხანია იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად წარმოუდგენელია რაფაელ ნადალისა და ფეხბურთის საქმიანი კვეთა, არსებობს მოსაზრება, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ნადალი მადრიდულ გრანდთან საქმიან კვეთაში იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ერთი შეხედვით ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ნადალის საჩოგბურთო აკადემია არსებობს, რომელიც მაღალტექნოლოგიური სავარჯიშო აპარატურითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა მოწყობილი და უნიჭიერესი ახალი თაობის აღზრდას ემსახურება. მაგრამ, რაფაელ ნადალი ზუსტად ის ადამიანია, ვისაც წარმოუდგენელის და შეუძლებელის - წარმოსადგენად და შესაძლებლად გარდასახვა შეუძლია...

სხვა სტატიები