Belive

მადრიდის რეალმა ანტონიო რუდიგერი წარადგინა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მადრიდის რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუზე ანტონიო რუდიგერი წარადგინა - მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო მცველი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ გუნდს ოფიციალურად შეუერთდა. ლონდონის "ჩელსიმ" გერმანელი მცველის შესანარჩუნებლად ყველაფერი იღონა, თუმცა სანქციებისა და კლუბში არსებული არეულობის ფონზე, მცდელობა მცდელობადვე დარჩა - დღეს რუდიგერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გულშემატკივარს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის სტატუსით მიესალმა. რუდიგერმა, რომელიც "ჩელსიში" 2-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, "რეალში" 22-ნომრიანი მაისური მოირგო. ბოლოს ამ ნომრით " სამეფო კლუბში" ისკო თამაშობდა, მანამდე კი, ამავე ნომრით, მოედანზე ანხელ დი მარიასა (2010-2015) და ხაბი ალონსოს (2009-10) ვხედავდით.

გერმანელი მცველი დაცვის ცენტრში არსებულ კონკურენტულ გარემოს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს - დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები არიან, ესპანელი ნაჩო კი სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ განიხილება. რუდიგერის მონაცემების გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ იგი ძირითადის შეუცვლელი წევრი გახდება და ამ ფონზე, საინტერესოა, თუ რა კომპრომისზე წავა გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი.
“ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე და კლუბმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ანტონიო გუნდში დარჩენილიყო, თუმცა გამოსავალი აღარ არის. რომ არა სანქციები, ჩვენ ბრძოლას მაინც შევძლებდით, თუმცა ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. რუდიგერი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ძალიან დაგვაკლდება. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გასახდელში ენერგიას მატებს, რომელიც სეზონში 50-55 მატჩს უშეცდომოდ ჩაატარებს. ჩვენ პრობლემის წინაშე ვდგებით და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ”, – თქვა მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა რუდიგერი სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.

სხვა სტატიები