Belive

მაჰათმა განდი და მისი ინტერესი ფეხბურთისადმი

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
როდესაც მაჰათმა განდის სახელი გვესმის, თავში უამრავი ასოციაცია გვიჩნდება, თუმცა ვაღიაროთ, ფეხბურთი არასოდეს გვახსენდება. ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ინდოელი სამოქალაქო აქტივისტისტი და პოლიტიკოსი "ვესტ ჰემს" ქომაგობდა, სამხრეთ აფრიკაში კი საფეხბურთო გუნდები ჰქონდა დააარსებული. ფეხბურთის სამშობლოს წინააღმდეგ, განდი დაუღალავად იბრძოდა. იგი არ ეგუებოდა ფაქტს, რომ ინდოეთი დიდი ბრიტანეთის მიერ მართული კოლონია იყო. ინდოელი ხალხის ერის მამად წოდებული განდის შესახებ, დაუსრულებელი რაოდენობის ინფორმაციის დაწერა შეიძლება, თუმცა ამ სტატიაში, ყურადღებას სპორტული კუთხით გავამახვილებთ.

The Passive Resisters Soccer Club

განდი აქტიურად მოღვაწეობდა სამხრეთ აფრიკაშიც, სადაც მან 21 წელიწადი გაატარა. კანის ფერისა და გარეგნობის გამო დისკრიმინაციის, რასიზმისა და აპართეიდის წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლის პროცესში, მან სამხრეთ აფრიკაში საფეხბურთო გუნდების, საფუძნებაში მონაწილეობა მიიღო. რა აახლოვებს ადამიანებს იმაზე მეტად და რა აღძრავს მათში ემოციებს, ბრძოლის სურვილს, თუ არა სპორტი? გუნდები დურბანში, პრეტორიასა და იოჰანესბურგში ასპარეზობდნენ და სამივე მათგანს The Passive Resisters Soccer Club ეწოდა. სახელი ორიგინალურად იყო შერჩეული. პასიური რეზისტენტულობა - წინააღმდეგობა სათაურშივე იყო მოცემული, თუმცა დინების წინააღმდეგ მოძრაობა პასიურად, მშვიდობიანად, სხვა ხერხით. საფეხბურთო გუნდების დახმარებით, განდი საკუთარ იდეოლოგიას ავრცელებდა, რომლის ღერძს არაძალადობრივი ცვლილებები წარმოადგენდა. განდის მოსწონდა გუნდურობის პრინციპი, მას ინდივიდუალიზმზე მეტად, გუნდური მუშაობის პრინციპი ხიბლავდა. საფეხბურთო თამაშებზე მისულ გულშემატკივარს, იგი სოციალურ აქტივიზმში ჩართვისკენ მოუწოდებდა და სატირულ, პუბლიცისტური შინაარსის პამფლეტებს ურიგებდა. ისტორიულ წყაროებში ისიც წერია, რომ შესვენებაზე, განდი ხალხს სიტყვით მიმართავდა.

ვესტ ჰემ იუნაიტედი

ფეხბურთთან მისი კავშირი სამხრეთ აფრიკაში არ სრულდება. ბენჯამინ რობერტსის წიგნში Bottled – English Football’s Boozy Story, ვკითხულობთ, რომ განდი "ვესტ ჰემის" საშინაო თამაშს დაესწრო და გულშემატკივრებთან საუბრობდა. აქ თითქოს ქრონოლოგიასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, რადგან 1888 წლის სექტემბერში, განდი ლონდონში სასწავლებლად წავიდა და "ვესტ ჰემის" მომავალ დამფუძნებელთან, არნოლდ ჰილსთან დამეგობრდა. ინგლისის დედაქალაქი მან 3 წელიწადში დატოვა, თუმცა "ვესტ ჰემი" 4 წლის შემდეგ, 1895-ში დაარსდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ჩაქუჩების" თამაშს იგი 1931 წელს, ბრიტანეთში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაესწრო.

ასევე იხილეთ: ბობ მარლი და მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ

სხვა სტატიები