Belive

მამარდაშვილის გარეშე - ვალენსიამ მეორე ამხანაგური მატჩიც მოიგო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022/23 წლების საფეხბურთო სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში, "ვალენსიამ" მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და შვეიცარიულ "სენტ გალენს" - 2:0 აჯობა. შვეიცარიის ქალაქ გოსაუში გამართულ ამ დაპირისპირებაში ესპანური კლუბის კარი იასპერ სილესენმა დაიცვა და მშრალი შეხვედრაც ჩაატარა. განსხვავებით მიმდინარე შეკრების პირველი შეხვედრისგან, რომელშიც "ღამურებმა" დორტმუნდის "ბორუსია" - 3:1 დაამარცხეს, ამ მატჩში თამაშის შესაძლებლობა გიორგი მამარდაშვილს არ მისცემია. საქართველოს ნაკრების მეკარე გამარჯვებული გუნდის სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა ჯენარო გატუზოს იგი თამაშში არ ჩაურთავს. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ამ ამბიდან ნეგატიური დასკვნის გამოტანის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს, რადგან როგორც ესპანური მედია იუწყება, ნიდერლანდების ნაკრების გოლკიპერი "ღამურებს" დაემშვიდობება, 21 წლის ქართველ კარის დარაჯს კი იტალიელი მთავარი მწვრთნელი ნდობას გამოუცხადებს და ლა ლიგის შეხვედრებში მთავარ მეკარედ განიხილავს. შემდეგ ამხანაგურ მატჩს "ვალენსია" "შტუტგარტის" წინააღმდეგ, გერმანიაში, ბერლინში, "მერსედეს-ბენც არენაზე", 23 ივლისს გამართავს, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, 14 აგვისტოს, ლა ლიგაში დაბრუნებულ "ჟირონას" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები