Belive

"მამუკა ჯუღელი ტურინელებს შეხვდა, სხვა კლუბებიც აქტიურობენ" - ბადრი კვარაცხელიამ შვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდა ტურინული გრანდისა, ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ.
"თანხებში მე ჩახედული არ ვარ და ეს ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი. მამუკა ჯუღელი ტურინელების წარმომადგენელს შეხვდა და დაილაპარაკეს. ეტყობა, იტალიელებმა ამის საფუძველზე დაწერეს ის ინფორმაცია, რაც მერე გავრცელდა. მაგრამ ჯერ პასუხი არ გვაქვს მიცემული და გადაწყვეტილი არაფერია. გარდა „იუვენტუსისა“, სხვა გუნდებიც აქტიურობენ და „რუბინთან“ მოლაპარაკება უნდათ. ჯერ ბავშვი იძახის, რომ მთავარია ფეხი მოურჩეს და სეზონი დასრულდეს. სეზონის შემდეგ მამუკა შეხვდება კლუბებს, მოილაპარაკებს და ხვიჩა იტყვის, სად წავა. მკურნალობას კიდევ 2 კვირა სჭირდება და მერე ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, აღდგენები როგორ წარიმართება. არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში და ფორმაში იქნება ივნისში, როდესაც რუმინეთთან და ნიდერლანდის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გველის. მაგრამ ბავშვი მეუბნება და ექიმიც მიმეორებს, რომ ამ დროისთვის მზად იქნება. შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგაში სეზონის ბოლო ტურის თამაში ჩაატაროს, ვნახოთ", - თქვა ბადრი კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში, “რუბინის” მაისურით 21 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე გადაცემა გაკეთებული, მარტის თვეში ჩატარებული სანაკრებო პაუზის დროს, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარის დალაშქვრა მოახერხა, სანაკრებო პაუზიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ კი, ულამაზესი გოლით “სოჭისთან” თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ასევე იხილეთ: 20 მილიონი კვარაცხელიასთვის – ტურინის იუვენტუსი ქართველი ტალანტის შეძენას აპირებს

სხვა სტატიები