Belive

მანჩესტერ იუნაიტედი-იუვენტუსი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღე გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს H ჯგუფის შეხვედრა. "ოლდ ტრაფორდ"-ზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. კრიშტიანუ რონალდუ კი იქ ბრუნდება, სადაც 6 სეზონი ითამაშა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. H ჯგუფის ფავორიტებადაც სწორედ "მანჩესტერი" და "იუვენტუსი" ითვლებიან. ორი ტურის შემდეგ ტურინელებს 6 ქულა აქვთ და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ. მეორე ადგილზე კი "წითელი ეშმაკები" არიან 4 ქულით. არცერთ მათგანს საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია. "მანჩესტერ იუნაიტედს" მცირე საკადრო პრობლემები აქვს. ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა მარუან ფელაინის თამაში. ასევე, მიკრო ტრავმა აწუხებთ ჯესი ლინგარდსა და მარკუს რეშფორდს. დღევანდელ თამაშს გამოტოვებს მარკოს როხოც. ბოლო პერიოდში ინგლისელებმა თამაში გამოასწორეს. პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში, ლონდონში "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშეს და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. კარგ ფორმაში შევიდა მარსიალი, რომელსაც სათამაშო დრო ეძლევა. პრემიერლიგაში გუნდი მე-10 ადგილზეა, რაც ჟოზე მოურინიოს სიმშვიდის საშუალებას არ აძლევს. ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა და ჯგუფში არადამაჯერებელი თამაში პორტუგალიელს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. რაც შეეხება ტურინის იუვენტუსს. იტალიელები ტრადიციულად, "სერია ა"-ში დამაჯერებლად ასპარეზობენ და უპირობო ლიდერებიც არიან. სეზონის კარგი სტარტი არ გამოუვიდა პორტუგალიელ სუპერვასკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, თუმცა მან მოუმატა და გოლების გატანაც დაიწყო. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, რონალდუმ ჯენოას გაუტანა, თუმცა ის მატჩი 1:1 დასრულდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურინელები ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფსაც ლიდერობენ. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "იუვენტუსს" უეფას ეგიდით ჩატარებული აქვთ 12 შეხვედრა. მათ შორის სრული თანაფარდობაა. 5 მატჩი ინგლისელებმა მოიგეს, 5 იტალიელებმა, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც თანაბარია, 15:15-თან. ბოლოს ეს ორი გრანდი ერთმანეთს 2003 წლის 25 თებერვალს შეხვდა და რაიან გიგზის დუბლითა და ნისტელროის ერთი ბურთით, "მანჩესტერმა" ლეგენდარულ "სტადიო დელე ალპი"-ზე მეტოქე 0:3 დაამარცხა. შეხვედრა, რომ დიდ ინტერესს იწვევს ორი დიდი კლუბის დაპირისპირების გამო, გასაგებია, მაგრამ ამ მატჩს კიდევ რამდენიმე ინტრიგა აქვს. პირველი ის, რომ რონალდუ "ოლდ ტრაფორდ"-ზე ბრუნდება. მეორე - პოლ პოგბა, რომელიც წლების მანძილზე "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები